ფოთის თეოფანე დავითაის სახელობის N1 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელმა, 79 წლის ნატრული ტაბიძემ მთელ საქართველოს გააცნო თავი. ღვაწლმოსილმა მასწავლებელმა, რომელიც პედაგოგიურ საქმიანობას 1964 წლიდან ეწევა, საპენიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ჯილდოზე უარი განაცხადა და 79 წლის ასაკში საგნობრივი გამოცდა უმაღლეს, 10 ქულაზე ჩააბაარა. თუ რატომ და რის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება ქალბატონმა ნატრულიმ და როგორი მეთოდებით ასწავლის ბავშვებს სკოლაში ქიმიას, ამის შესახებ mshoblebi.ge - ს თავად პასუხობს.
- ჩემი გადაწყვეტილება უპირველესად განაპირობა, ჩემი სათაყვანებელი მასწავლებლის წინაშე დადებულმა ფიცმა. სიცოცხლის ბოლოს ქალბატონმა თინა ჭოჭუამ, რომელიც გახლდათ ქალაქ ფოთის ქიმიის უნუკალური ლაბორატორიის შემქნელი, მასწავლებელთა მასწავლებელი, უდიდესი პიროვნება, დამიბარა და მითხრა:"არ გაწირო და არ დატოვო ლაბორატორიაო, მაშინ უპასუხოდ დავტოვე მისი თხოვნა, არაფერი არ მითქვამს, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ, დაკრძალვის დღეს დავდე პირობა, რომ ვიდრე ფეხზე ვდგავარ, არ გავწირავ და არ დავტოვებ ლაბორატორიას-თქო და ამ ფიცის ერთგულის ვარ დღემდე. იმ სკოლის ლაბორატორიაზე საუბარი, რომელშიც ახლა ვმუშაობ. ამიტომ არც დავყოვნებულვარ გამოცდაზე გავსულიყავი.
- როგორ შეხვდნენ კოლეგები თქვენს გადაწყვეტილებას?
- ქიმიკოსებიდან ჩემი ასაკის, პენსიონერი ალბათ არცერთი არ არის, სულ ახალგაზრდები არიან, ერთად ვმუშაობდით გამოცდებისთვის მთელი ქალაქის მასწავლებლები და ვიკრიბებოდით ჩვენთან სკოლაში, ვემზადებოდით გამოცდებისთვის, ჩემი გადაწყვეტილება სხვა მასწავლებლებისთვისაც სტიმული აღმოჩნდა.
- მოსწავლეები გგულშემატკივრობდნენ?
- როცა სკოლა დამთავრდა, მერე მივიღე გადაწყვეტილება, ზაფხულში ჩავაბარე გამოცდა. ამ ყველაფრის შესახებ ჩემმა მოსწავლეებმა მოგვიანებით გაიგეს. რა თქმა უნდა, ძალიან დადებითად შეხვდნენ ამ ფაქტს.
- ხშირად აღნიშნავენ, რომ წინა თაობის მასწავლებლები გამოირჩეოდნენ სიმკაცრით, უფრო ხისტი მიდგომები ჰქონდათ, ხელითაც კი ეხებოდნენ მოსწავლეებს... თქვენ არაერთი თაობა აღზარდეთ, როგორ ფიქრობთ, ის მიდგომები, რაც მანამ არსებობდა, ამართლებდა მიზანს, ბავშვები უკეთ სწავლობდნენ?
- არც ძალიან მკაცრი მასწავლებელი ვიყავი და არც ძალიან ლმობიერი, ყოველთვის ოქროს შუალედი მეჭირა და ახლაც ასე ვარ. ყოფილა შემთხვევა, რომ გაკვეთილზე მოსწავლისთვის სიმღერის უფლებაც მიმიცია... ჩვენ ასეთ ჰუმანურ მიდგომებეზე იმ პერიოდშიც მიგვითითებდნენ, მახსოვს, ჟურნალი იყო ასეთი "Химия в школе" და ჰქონდა რუბრიკა "მასწავლებლის ღიმილი", რომელშიც წერდნენ, როგორ უნდა შეეტანა მასწავლებელს სასწავლო პროცესში ხალისი, პოზიტივი. რაც შეეხება კითხვას, როგორი ვიყავი მაშინ და როგორი ვიყავი ახლა, გიპასუხებთ: მასწავლებელი თანამედროვე უნდა იყოს დროის შესაბამისად, რაღაც იცვლება, რაღაც ძველიც რჩება. მთავარია, მასწავლებელმა შეძლოს მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობის გაღვივება და დააკმაყოფილოს მათი ინტერესები, უყვარდეს მოსაწვლეები, საკუთარი პროფესია. მასწავლებელი უსათუოდ ნიჭიერი უნდა იყოს.
- ხისტ მიდგომებს შედეგი მოქჰონდა ბავშვებთან მუშაობის დროს, როგორ ფიქრობთ?
- თაობაც მაშინ სხვანაირი იყო, უფრო მორჩილი, ახლა ბავშვები სხვანაირად აზროვნებენ, აზრის თავისუფლად გამოხატვა არ ერიდებათ, ახალ თაობას თავისებური მიდგომა სჭირდება.
- ქიმიის სწავლება ალბათ, არ არის ადვილი, რადგან ბავშვების უმრავლესობას ერთულებათ...
- ქიმიას აქვს ბევრი არაჩვეულებრივი საშუალება იმისთვის, რომ რომ ბავშვი დააინტერესოს. ექსპერიმენტების ჩატარება, სადემონსტრაციო, ლაბორატორიული, პრაქტიკული გაკვეთილები მოსწავლეებს ხიბლავთ. ქიმია ყოფაცხოვრებაში ფართოდ შლის თავის ხელებს. ყოველდღიურად ადამიანი მინიმუმ, ორას ნივთიერებასთან არის კონტაქტში... სისტემატურად ვუმახვილებ მოსწავლეებს ისეთ დეტალებზე ყურადღებას, რომლებიც ქიმიასთან არიან კავშირში... მაგ, როგორ უნდა განიავდეს ოთახი, რამდენად აუცილებელია გამწოვი, რომ მოხდეს მეთანის სრული წვა... ტელევიზიიდან ყოველდღე ისმენენ, რა უბედური შემთხვევები ხდება გაზის არასწორი გამოყენების გამო, ტემპერატურის თერმომეტრის გაზომვიდან დაწყებული, ძალიან ბევრი ისეთი რამ იყრის ჩვენ გარშემო თავს, რაც ქიმიით დაინტერესების საშუალებას გვაძლევს...საერთოდ, სწავლება უნდა დაუკავშირო ყოფა-ცხოვრებას. ამ ფორმით მოსწავლე უფრო იაზრებს ამ საგნის სწავლის საჭიროებას.
- თქვენი პროფესიის არჩევაში მასწავლებლის ღვაწლი დაგეხმარათ, თქვენი მოსწავლეები თუ გაჰყვნენ თქვენს გზას?
- დიახ, როგორ არა. ჩენი არაერთი მოსაწვლე გახდა ქიმიის ფაკულტეტის კურსადამთავრებული, როგორც სახელწიფო უნივერსიტეტში, ასევე ტექნიკურ უნივერსიტეტშიც. არჩევით საგნადაც არაერთ აბიტურიენტს აურჩევია ქიმია. აბიტურიენტები, რომლებიც სამედიცინოზე აბარებდნენ, ქიმიას ირჩევდნენ. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ხშირად ირჩევენ ისეთ პროფესიებს, სადაც ქიმია ბარდება.
ინფორმაციისთვის, განათლების სამინისტროს ახალი რეფორმის მიხედით, თუ ღვაწლმოსილი პედაგოგი უარს იტყვის პროფესულ საქმიანობაზე, მას ორი წლის ჯამური ხელფასი ერთდროულად გადაეცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სტატუსის ასამაღლებლად, შესაბამისი გამოცდა უნდა გაიაროს.
რუსკა კილასონია
"ყველა ბავშვს ერთი მაინც რომ შეხვდეს ასეთი მასწავლებელი, ის გადაარჩენს"- უშვილო მასწავლებელი, რომელსაც ცნობილი ლექსი ეძღვნება
"მძიმე ავადმყოფი მოსწავლეს ტელეფონითაც ვამეცადინებდი. ის უკრავდა, მე ვუსმენდი და შენიშვნებს ვაძლევდი" - თავდადებული მასწავლებელი მუსიკალური სკოლიდან
"მასწავლებელმა იმ ბავშვს უნდა მიაქციოს ყურადღება, ვინც მცდარი პასუხი გასცა" - კომაროვის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი