,,რომ ვგიჟდები და რაღაც არაამქვეყნიური სიყვარულით მიყვარს, ბევრჯერ მითქვამს. სხვა რაღა დავამატო? ბედნიერი ბიჭი ვარ", - ეს სიტყვები გივიკო დიდიას ეკუთვნის და ბებიას, როგორც თავად ეძახის, ნათკას უძღვნის. მათ სიყვარულზე უამრავი ადამიანი საუბრობს. ნათკას მოყოლილი ამბები მხოლოდ მისმა შვილიშვილება აღარ იციან. ბებია 74 წლისაა, გივიკო - 30-ის. კულტურის ცენტრში მომღერლად და სხვადასხვა ღონისძიების წამყვანად მუშაობს. მის სიმღერებს არანაკლები გამოხმაურება აქვს სოციალურ ქსელში. გივიკო ნათკასა და საკუთარი თავის შესახებ გვიყვება:
- პერიოდულად ვმღერი ბარ-რესტორნებშიც. ვაწყობ ივენთებს. სამწუხაროდ, არ დავუჯერე დედას და შესაბამისი მუსიკალური განათლება არ მაქვს. თუმცა მუსიკა ჩემი სულის ნაწილი და ყველაზე მაგარი მეგობარია. ასევე, ვცეკვავდი ძალიან დიდხანს.
- ბებოზე გადაღებული ვიდეოები ძალიან პოპულარული გახდა და ბევრი ადამიანი საუბრობს მასზე. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ასეთი წარმატება?
- ჩემი ცნობადობა უფრო ადრე, 2015 წელს დაიწყო, როცა პირველად ვიმღერე და გამოვჩნდი სოციალურ ქსელში. მაგ პერიოდშიც ვტვირთავდი ბებოსთან დაკავშირებით ჩანახატებს, ფოტოებს, მაშინ გვერდი არ მქონდა. რომ ჩამოვიდოდი და მონატრებულზე დავჯდებოდით, რაღაცას ტკბილად მომიყვებოდა, ვიღებდი და ჩემთვის ვინახავდი. ერთხელ რომ გავუზიარე ჩემს მეგობრებს და დადებითი შეფასება მოყვა, გადავწყვიტე, შემდეგ მეორე ვიდეო ამეტვირთა, მაგრამ, ყველაზე მთავარია, რომ ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივი და ნამდვილია. ვიდეოებში არაფერია შელამაზებული და თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ ყველაფერი ძალიან გულწრფელია. გულწრფელობას ძალიან აფასებენ ადამიანები, საპასუხოდ კი იღებ დიდ სითბოსა და სიყვარულს.
- რამდენად მარტივია თქვენთვის, როგორც შვილიშვილისთვის, ემოციების ამ ფორმით გამოხატვა?
- მარტივი არ არის, სიმართლე რომ გითხრათ. მაგრამ, მაინც ვახერხებ და ალბათ კარგად გამომდის. უფრო მეტი მინდა, რომ გამოვხატო, გავაკეთო და დავაფასო ის ყველაფერი, რაც ჩემთვის გაუკეთებია.
იხილეთ ბებოს კიდევ ერთი ინტერნეტჰიტი
Video 'ნათკა' ბებო - ინტერნეტჰიტი
- კრიტიკული კომენტარები თუ იწერება ხოლმე თქვენს ვიდეოებზე?
- კრიტიკული კომენტარი ძალიან იშვიათად მხვდება. უფრო ხშირად წამიკითხავს, რომ ბებოს არ ვაწყენინო და წვერი გავიპარსო.
- რა როლი აქვს ბებოს თქვენს აღზრდასა და ზოგადად, ბავშვობის მოგონებების შექმნაში?
- მთელი “ბაღნობა“ მის საწოლში გავატარე. სახეზე მივადებდი ლოყას და ასე ვიძინებდი. როცა არ მეძინებოდა, ვაღვიძებდი მძინარეს. მის ხელისგულს ვეფერებოდი და ასე ვჭორაობდით. ბევრჯერ მოყოლილ ამბავს ისე მიყვებოდა, თითქოს პირველად ყვებაო. მეც ისეთი სახით ვუსმენდი, ვითომ პირველად ვისმენდი. ბოლოს ვეუბნებოდი, მაი ამბავი ვიცოდი-თქო და ბრაზდებოდა, აბა რას მაქაქანე ამდენ ხანსო. ვეუბნებოდი, შენნაირი სიბერე მინდა მქონდეს-თქო. შენ რომ მიყვარხარ, ისე მინდა ვუყვარდე ჩემ შვილიშვილებს-თქო. იღიმოდა და მეუბნებოდა - “ჩემს ასაკამდე ბედნიერად გაგეტარებინოს ცხოვრება, ბები.“ თუ ვინმე მკითხავს, რა არის სიყვარული, აუცილებლად მოვუყვები ამ ამბავს და მჯერა, რომ ის მიხვდება პასუხს. კიდევ იმასაც მიხვდება, რა თბილი, გემრიელი და ტკბილი ბებია მყავს. “გაუფრთხილდით ბებია-ბაბუას სანამ გყავთ. ისინი თქვენით ცოცხლობენ“.
- ბებო თუ უსმენს თქვენს სიმღერებს და თუ გაძლევთ შენიშვნებს?
- ძალიან მოსწონს და ბედნიერია, როდესაც ჩემს სიმღერებს ისმენს, განსაკუთრებით ,,ჩიტო გვრიტო“ უყვარს. შენიშვნები უფრო წვერთან დაკავშირებით აქვს. არ მოსწონს და უნდა, რომ ისევ ის გივიკო ნახოს, რომელსაც მთელი ბავშვობა უყურებდა. უფრო რჩევა-დარიგებებს მაძლევს, რომელიც ცხოვრებაში გამომადგება.
- ბებო ვიდეოებში ხშირად გსაყვედურობთ, რომ უღებთ და გეუბნებათ, რომ წაშალოთ. რეალურად, მას თუ მოსწონს საკუთარი თავის ამ ამპლუაში ნახვა?
- ეს ძალიან ბუნებრივი ემოციაა. ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტ ხიბლს მატებს იმ ვიდეოებს, რასაც ვიღებ. ეს ყველაფერი რომ არა, შეიძლება საერთოდ არ იყოს იმდენად მაგარი. მაგრამ, ვფიქრობ, რომ გულში ძალიან უხარია ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ქუჩაში ეუბნებიან ხოლმე კომპლიმენტებს და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბედნიერია ამით.
- ვიდეოების შემდეგ თქვენი ყოველდღიურობა თუ შეიცვალა?
- შეიცვალა იმიტომ, რომ მე ფეისბუკის აქტიური მომხმარებელი არ ვიყავი. ახლა უკვე სულ ვკითხულობ, ვინ რას წერს, ყველა კომენტარი მაინტერესებს და ვცდილობ, რომ ყველას ვუპასუხო და გადავუხადო მადლობა. იმიტომ, რომ მოკლე დროში ძალიან ბევრი ადამიანი გახდა ჩვენი გამომწერი.
- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ოჯახი და ბებიის ფაქტორი თქვენს ცხოვრებაში?
- ჩემი ოჯახი ყველაზე ძვირფასია. რაც უფრო მემატება ასაკი, მეტად ვხვდები და ვაფასებ ამ ყველაფერს. დაძინებამდე ვლოცულობ, რომ ჩემი ოჯახი იყოს ძალიან კარგად იმიტომ, რომ ოჯახზე ძვირფასი ადამიანს არავინ და არაფერი გააჩნია. ერთადერთი, სადაც უყვარხარ და ყოველთვის გელოდებიან, შენი ოჯახია.
- ზოგჯერ ადამიანები დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე სოფლებში მცხოვრებ ბებიებსა და ბაბუებს ვერ ნახულობენ. რა შეგიძლიათ უთხრათ მათ?
- ვეტყოდი მხოლოდ ერთს, რომ ძალიან დიდხანს ჰყავდეთ ის ადამიანები გვერდით, რომლებიც მათ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასები არიან და უფრო მეტი შესაძლებლობა მისცენ თავს, რომ მათთან თუნდაც ერთი დღე გაატარონ. მათთან ერთად ბედნიერ და მშვიდ ცხოვრებას ვუსურვებ ყველას.
გივიკო დიდიას მიერ შესრულებული "ჩიტო-გვრიტო", რომელიც მის ბებოს ყველაზე მეტად უყვარს:
Video გივიკო დიდია, 'ჩიტო-გვრიტო' - ინტერნეტჰიტი
თამარ იაკობაშვილი