- შეიძლება ეს ძალადობრივი ქმედება ბავშვზე სულაც არ იყოს მიზანმიმართული და დარწმუნებული ვარ, უმეტეს შემთხვევაში ეს ქმედება არ არის მიზანმიმართული. მათი შენჯღრევა დასჯას ნამდვილად არ ითვალისწინებს. მითუმეტეს, ამ ასაკში. საუბარია ბავშვზე ძალადობრივ ქმედებაზე, რომელშიც შეიძლება გაერთიანდეს რამდენიმე ტიპის მოქმედება: პირველი, ეს არის ბავშვის თავზე დარტყმითი ძალით ზიანის მიყენება. მეორეა, ბავშვის ჰაერში აგდება. ბავშვი როცა გვიჭირავს, შემთხვევით, შეიძლება მოხდეს, რომ თავი დაარტყას ან საწოლის მატრასს, საწოლის რიკულს, ჩვენს ხელს ან უბრალოდ როდესაც მივიწვენთ მხარზე, ძვალს. ერთია, როდესაც ბავშვი ტირის, მშობელი გაღიზიანებულია უძილობისა და დაღლილობის გამო და შეიძლება ოდნავ შეანჯღრიოს, მეორეა ბავშვის ჰაერში აგდება - ესეც ხშირი მოვლენაა. ამ დროს ბავშვის სახეზე გამოიხატება ემოცია, რომელიც თითქოს ღიმილია, მაგრამ შიში უფროა. ესეთი ქმედებით შეიძლება გამოიწვიოთ მინიმალური ან ძალიან ძლიერი დაზიანება, რომელმაც შესაძლოა დაუყონებლივი გართულება, დაუყონებლივი ლეტალური გამოსავალი ან გართულება გრძელვადიან პერიოდში გამოიწვიოს. შეიძლება ეს გართულება 5-6 წლის მერე გამოვლინდეს და არა მაშინვე.
- მთელი პრობლემა ბავშვის ანატომიურ აგებულებაშია. ძირითადად, ესეთი ტიპის ტრავმებია დაბადებიდან 5 წლის ასაკამდე, მაგრამ ყველაზე ხშირი ინცინდენტობა 6 თვიდან 8 თვემდეა. ამ დროს, ხდება კბილების ამოჭრა, ბავშვი უფრო მეტად ჭირვეულობს. 3 თვის ასაკიდან 6 თვემდე არ არის ჩამოყალიბებული კუჭ-ნაწლავის სისტემა, მეტეორიზმი აწუხებს, შესაბამისად, ჭირვეულობა ძალიან ხშირი გამოვლინებაა. ახალშობილის თავი საკმაოდ დიდი და მძიმეა მის ტანთან შედარებით. არ არის ჩამოყალიბებული ყელის კუნთები და კისრის ნადრეკი. ჩვენზე აჩქარების ან შენელების ძალამ რომ იმოქმედოს, ჩვენმა კუნთებმა გარკვეულ წილად უნდა აიღონ საკუთარ თავზე ამ ძალის შეჩერება. ბავშვების შემთხვევაში ეს შეუძლებელია. შესაბამისად, ნებისმიერი შენჯღრევის დროს თავი უკონტროლოდ მოძრაობს სხვადასხვა მდგომარეობაში. ხოლო თავში იგივე სიჩქარითა და ძალით, რა სიჩქარითაც მას ვამოძრავებთ, მოძრაობს ტვინი და ეხეთქება თავის ქალის შიდა ზედაპირს. ესეთი ტიპის ტრავმა და შეხეთქება იწვევს ტვინის ქსოვილის, ნეირონების, სისხლძარღვების გახევას. სისხლძარღვი როცა გასკდება, შესაბამისად სისხლი თავის ქალაში ჩაიღვრება, უფრო მეტად მოჭყლეტს თავის ტვინს, რაც თავისთავად გამოიწვევს იმ უბნების დაზიანებას, რომელიც შენჯღრევის დროს არ დაზიანდა. ვეღარ დაეტევა ტვინი თავის ქალაში იმიტომ, რომ სისხლმა დაიწყო გამოჟონა. ნეირონები როცა დაწყდება და აღარ აღდგება, გამოიწვევს იმ ფუნქციის მოშლას, რომელზეც პასუხისმგებლობას იღებდა ის კონკრეტული ნეირონი. შესაძლებელია შენჯღრევის შემდეგ, ბავშვი გაჩუმდეს. გაჩუმდა არა იმიტომ, რომ მიხვდა "დანაშაულს", გაჩუმდა იმიტომ, რომ ძალიან დიდი დაზიანება მიიღო თავის ტვინმა, შესაბამისად, ბავშვმა ძალიან ძლიერი ტრავმა მიიღო. გაჩუმდა იმის გამო, რომ ან სისხლძარღვი გაწყდა ან ტვინის ქსოვილი დაზიანდა ან ნეირონები დაწყდა. შესაძლებელია, იმ დროს, არანაირი ნიშანი არ გამოვლინდეს ან პირიქით, ბავშვმა უფრო მეტად გამოხატოს გაღიზიანება. მით უმეტეს, უფრო რთული იქნება სიტუაცია, როცა შენჯღრევის დროს ან ბავშვის თავი მოგვეხეთქება ან საწოლის რიკულს ჩამოარტყამს. ნახეს კვლევებით, თუ რომელი ტიპის მშობელთან ვითარდება ძირითადად ესეთი შენჯღრევა, დადგინდა, რომ ეს არის 20 წელზე ნაკლები ასაკის მშობლები და უმეტეს წილად მამები.
ბავშვის ტვინის დაზიანებაზე მოქმედებს შენჯღრევის სიმძლავრე, ინცინდენტების სიხშირე, თუნდაც თამაშით ან რწევის დროს.
- შესაძლებელია ესეთი ბავშვი არანაირ სიმპტომს არ ავლენდეს და ვერ ამჩნევდეს მშობელი 5 წლის ასაკამდე. შეიძლება ბავშვი მივიდეს ბაღში ან სკოლაში და მას ჰქონდეს დასწავლისა და ქცევითი პრობლემა. იმდენად შორია მანძილი და დრო ინცინდენტიდან გამოვლენამდე, რომ მათი ერთად დაკავშირება ძალიან რთულია, თუ საავადმყოფოში მიყვანილ ბავშვზე მედპერსონალმა ეჭვი არ მიიტანა, რომ აქ შეიძლება ყოფილიყო შენჯღრევის ინცინდენტი. ახალგაზრდა, მრავალშვილიანი, გამოუცდელი ან სოციალურად შეჭირვებულ ოჯახში, სადაც სულ გადაღლილია მშობელი, სტრესის ხარისხი ძალიან მაღალია, შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი ბავშვზე გადავიდეს.
შენჯღრევისას შეიძლება დაზიანდეს თვალის უკანა ამომფენი ფენის, ბადურის სისხლძარღვები. ერთ-ერთი სადიაგნოსტიკო ნიშანი ესეცაა. თუ საავადმყოფოში ნახავენ თვალის ფსკერს, იქ შეიძლება სისხლჩაქცევები იყოს და ამან ბავშვის სიბრმავე ან დაკვირვებით დასწავლის შეზღუდვა გამოიწვიოს. ანუ ბავშვმა ვერ აღიქვას, რას უყურებს და ვერ დაისწავლოს. ტვინის მარჯვენა სფერო პასუხისმგებელია ფიქრზე, მუსიკაზე, ემოციაზე, ხოლო მარცხენა მხარე მათემატიკურ დასწავლასა და ლოგიკაზე. რომელი მხარეც დაზიანდება, დეფექტი ამ მხრივ გამოვლინდება.
- გამოვლენა შეიძლება ძალიან მძიმე იყოს, ეს არის კომა, შოკური მდგომარეობა და ძლიერი გულყრები. თავად მდგომარეობა აღარ მისცემს მშობელს საშუალებას, რომ არ მიიყვანოს საავადმყოფოში, მაგრამ ძირითადად ესეთი ინცინდენტები იმალება. არავინ ამბობს, რომ ბავშვი შეანჯღრია.
- მომატებული ძილიანობა. გუშინ, გუშინწინ თუ ტიროდა და ახლა თუ უცებ გაჩერდა ბავშვი, ეს პირველი ნიშანია. მეორე, თუ მას ჩახედავთ თვალებში, ფერადი გარსის შუაში არის გუგა, შავი ხვრელი, შეიძლება ეს ხვრელები არასიმეტრიული იყოს - ერთი ძალიან შევიწროებული, ხოლო მეორე ძალიან გაფართოებული იყოს. თუ ბავშვი არ ჭამს ან ზედმეტად გაღიზიანებულია, ემართება პირღებინება, ნიშანია, რომ შესაძლოა შენჯღრევა იყოს. აუცილებელია ბავშვის გამოკვლევა და რაც უფრო დროულად ხდება ჩარევა, მით უფრო კეთილსაიმედო გამოსავალი გვექნება, თორე მართლა სავალალო მდგომარეობებია სიბრმავე, სიყრუე, კოორდინაციის დარღვევა, დასწავლის დარღვევა, ქცევითი პრობლემები.
- პირველ რიგში, მშობელმა, უნდა ამოთქვას თავის ემოცია. დარეკოს მეგობართან, დედასთან, მეზობელთან და უბრალოდ უთხრას, რომ დაღლილია . მარტო თუა სახლში, ხმამაღლა დაიწყოს თავის შეცოდება და წუწუნი. ეს აუცილებლად დაწევს სტრესის დონეს. რაც შეეხება ბავშვს, შესაძლებელია მას თბილი აბაზანა მივაღებინოთ და ამან დაამშვიდოს. როდესაც ბავშვს მეტეორიზმი აწუხებს, ეცადეთ, რომ დააწვინოთ მუცელზე და ესეთი ქმედება ხელს შეუწყობს მუცლის დაამებას. მარტო არც ერთ შემთხვევაში არ დატოვოთ და არ დააძინოთ ამ დროს. ნახეთ, ხომ არ აქვს ღრძილები შესიებული, ხომ არ არის საფენი სველი ან განავლოვანი მასით, რომელიც შეიძლება ბავშვს აწუხებდეს. კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან შველით ბავშვებს, როცა ჩასვამთ ბავშვის ჩასაჯდომ სპეციალურ მანქანის საჯდომში და მანქანა დაიძრება, ის იძინებს. თუ ბავშვს ვეღარ ამშვიდებთ, შესაძლებელია ჩასვათ მანქანაში და ცოტა ხანს გაასეირნოთ. ბავშვი მუცელში შეჩვეულია დედის სისხლის მიმოქცევის ხმას მის სისხლძარღვებში, რაც შუილის მსგავსია. თუ ბავშვს მიიხუტებთ გულზე და გამოსცემთ ამ ხმიანობას, ირწევით თქვენ და არა ბავშვი, ვფიქრობ, რომ ამ ქმედებით საგრძნობლად შეიმცირებთ მის გაღიზიანებას.