ბებია-ბაბუებს შვილიშვილების მიმართ განსაკუთრებული გრძნობა და დამოკიდებულება აქვთ. ისინი ხშირად ანებივრებენ პატარებს და მათთან ერთად დროის გატარებას არაფერი ურჩევნიათ. ზუსტად იგივე თამამად შეგვიძლია ვთქვათ ჩვენს რესპონდენტზე, რომელიც ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელიაა. იგი ორი შვილის - თამარის, ნიკას მამა და 5 წლის ალექსანდრეს ბაბუა გახლავთ.
- ბატონო ანზორ, პროფესიიდან გამომდინარე ძალიან დაკავებული ხართ, რა დროს უთმობთ შვილიშვილთან ურთიერთობას?
- მთელი ზაფხული მე და სანდრომ ერთად გავატარეთ ჩვენს აგარაკზე, კოტორაანთკარში. საოცარი ბავშვია, მაგიჟებს. 5 წლის ხდება დეკემბერში, მაგრამ 7-8 წლის ბავშვის ზომა ტანსცმელებს ვაცმევთ და ვყიდულობთ. საერთოდ, თანამედროვე ბავშვები გასაოცარი გონებით და აზროვნებით გამოირჩევიან, მხოლოდ ჩემს შვილიშვილზე არ ვსაუბრობ, ყველა ასეა. ერთად გატარებული ეს 3-4 თვე სასწაული იყო. ძალიან შევუყვარდი. დასაძინებლად რომ მივდიოდი, ჩემს ოთახში მაკითხავდა წიგნებით ხელში. ძალიან სიამოვნებს, როცა ზღაპრებს ვუკითხავ. ეზოშიც ვთამაშობთ. ზოგჯერ ექიმობანასაც მეთამაშება. იცის, რომ ექიმი უნდა გამოვიდეს. ჩემი თანამშრომლები ეძახიან, ჩვენი მომავალი დირექტორი ხარო და ესეც ისე იფერებს, რომ მეტი არ შეიძლება. სანდროს დედა აღნიშნავს, რომ ყველაფერში მე მგავს. აგარაკზე სათამაშო ქალაქი გავუკეთე. ბავშვები ძალიან უყვარს, საზოგადოებაში ყოფნა მოსწონს, ჩაკეტილი არ არის, სტუმრებს აღფრთოვანებული ხვდება, კეთილია. მე ხომ ბაღში ფიზიკურად ვმუშაობ, საღამოს ქათმების დამწყვდევის დროს მოირბენს ჩემთან და დახმარებას მთავაზობს.
ზოგჯერ ისეთ კითხვებს მისვამს, შოკში ვვარდები. დედის ტელეფონი აუღია და უნახავს ვიდეო, ნიკა როგორ ჩხუბობს კორცხელში, როგორ ურტყამენ... მამამისი ჩანს როგორც აგრესორი, ჩხუბისთავი... ბავშვმა დამიძახა, ერთი წუთით გამოდიო. მკითხა, ეს ვიდეო შენ ნანახი გაქვსო? - თან ამას მეუბნება სრული სერიოზულობით. ნახეო, მამაჩემს როგორ ურტყამენო? შენ მოგწონსო, შენს შვილს რომ სცემენო? - რა თქმა უნდა, ბაბუ, ეს არ მომწონს-მეთქი, ვუპასუხე და მივუბრუნდი. შენ ხომ "სპაიდერმენი" გიყვარს, ის ხომ კეთილია, მამაშენიც ვაჟკაცი, კეთილი და პატრიოტია, სამშობლო უყვარს-მეთქი. აქ შემაჩერა, პატრიოტი რას ნიშნავსო, მომაგება და ავუხსენი რასაც ნიშნავს. მამა სიმართლეს ამბობს და ამიტომ ებრძვიან. შენ რომ გაიზრდები და დიდი იქნები, ჩვენ ნორმალურ საქართველოში ვიცხოვრებთ და ასეთი რაღაცები არ მოხდება, მამაშენის არ შეგრცხვება-მეთქი. მისმინა და მითხრა, ეს ყველაფერი მაინც არ მომწონსო.
- როგორც ჩანს, ბავშვი ძალიან ღელავს მამის გამო... ხომ არ ურჩევს პოლიტიკას დაანებოს თავი?
- ნამდვილად ასეა. ბავშვთან ჩვენ არაფერს ვამბობთ, მაგრამ ტელევიზორი რომ ჩართულია, მაინც იგებს რაღაცებს. გვგონია, რომ თამაშობს და არ აქცევს ყურადღებას, მაგრამ თურმე ასე არ არის. ნიკას უთხრა: ნიკა, საათი რომ გიკეთია, პოლიტიკურიაო? - სამაჯური რომ გაუკეთეს მაშინ ჰკითხა. პოლიტიკას თავი დაანებეო, ეგ არ უთქვამს მამისთვის.
ახლა უხარია, რომ ხშირად ხედავს. სავარაუდოდ თვითონაც პოლიტიკოსი გახდება, ისეა ამ ამბეშბი ჩახედული (იცინის). ნიკა გვარამია რომ დაიბარეს პროკურატურაში, ჩემები უყურებდნენ საინფორმაციოს და სანდრო თამაშობდა, შევხედე ტელევიზორს და გამეცინა, რა ხდება, ახლა ამის დრო აქვთ ამათ-მეთქი? შემომხედა და მითხრა: ანზორ, ნიკა გვარამიას იჭერენ და შენ იცინიო? - არა ბაბუ, არ ვიცინი, უბრალოდ გამიკვირდა, ასე რომ მოხდა-მეთქი. აბსოლურტურად ყველაფერი ესმის.
- შვილიშვილების მიმართ ბებია-ბაბუებს სიყვარული ოურმაგდებათო, თქვენ რას გვეტყვით, ასეა?
- ნამდვილად ასეა, გაორმაგებულად გვიყვარს, მაგრამ შვილის სიყვარულს შვილიშვილის სიყვარული ვერ შეცვლის. ნიკა იყო ძალიან კარგი ბავშვი. ჩვენ ვიყავით მეგობრები. შენიშვნას რომ მივცემდით უსაფუძვლოდ, ამას ძალიან განიცდიდა, შეიძლება ხმაც არ გაეცა. არასდროს დამავიწყდება, მე-2 თუ მე 3 კლასში იყო და დედამისმა კუთხეში დააყენა, დაავიწყდა და იქვე ჩაძინებია. სანდროს იგივეს ვერ ვკადრებთ, ისედაც 5 წუთი არ გაჩერდება ერთ ადგილას. როცა ნიკა გარადატეხის ასაკში იყო, ჩემმა მეუღლემ სამსახური მიატოვა, რომ მისთვის ყურადღება მიექცია. სოლოლაკში ვცხოვრობდით და მაშინ ბავშვებზე ნადირობდნენ ნარკომანები, ამიტომ ბიჭი სულ კონტროლის ქვეშ გვყავდა. მერე უშიშროების აკადემიაში რომ ჩაირიცხა, სასწაული კაცი დადგა.
- თქვენი მეუღლე რა პროფესიის არის?
- ჩემი ცოლი კარდიოლოგი ნანა ცანავაა. მამისი გახლდათ ცნობილი ექიმი ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი გიორგი ცანავა. სწორედ ის არის რეანიმაციის სკოლის დამაარსებელი საქართველოში.
- ალექსანდრე კერძო ბაღში დაგყავთ თუ საჯაროში, ნიკა რამდენად არის ჩართული შვილის აღზრდაში?
- საჯარო ბაღში დადის და ძალიან მოსწონს იქ ყოფნა. ნიკა როცა აქტიური იყო, ვერ იცლიდა ბავშვისთვის. ახლა უფრო მეტი დრო გამოუჩნდა, სიგიჟემდე უყვარს, ამბობს, უკვე ძმაკაცებიც გავხდითო. ძალიან ბევრს საუბრობენ ერთად და ერთობიან კიდეც. სანდრომ მითხრა, მომიყევი, ნიკა როგორი ბავშვი იყოო? - ვუთხარი, არასდროს გვაბრაზებდა, რასაც ვეტყოდით ესმოდა-მეთქი.
- თქვენი ქალიშვილი თამარი რას საქმიანობს?
- თამარიც კარდიოლოგია, ჩემთან ერთად მუშაობს და მეხმარება.
- როგორც ცნობილი ექიმების ოჯახი, სანდროს ჯნამრთელობას ალბათ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ
- ჩემი მეუღლის ახლო ნათესავია ნუგზარ უბერი და მისი ქალიშვილი ეკა მეურვეობს სანდროს ჯანმრთელობას. ასე რომ, ამ მხრივ მშვიდათ ვართ.
რუსკა კილასონია