დაუშვებელია, ბავშვს სკამზე ჯდომისას ფეხები თავისუფლად უქანავებდეს. საყრდენი აუცილებელია, რომ ხერხემალი სწორად განვითარდეს როდესაც ბავშვი კოვზით იწყებს ჭამას და კარგად ჯდომა შეუძლია, დროა, თავისი სკამ-მაგიდაც ჰქონდეს, სადაც კარგ პოზაში იჯდება, არ გადავარდება და არც ძალიან გაგიძალიანდებათ კვების დროს. ეს ნივთი მისთვის გასართობადაც იქცევა, მასზე მჯდომს თამაშიც შეუძლია. დიდადაც იგრძნობს თავს – ასეთი სკამ-მაგიდით ხომ შეგიძლიათ, უფროსების სუფრასთანაც მისვათ. მთავარია, კარგად შეარჩიოთ. ჩვენ შერჩევის რამდენიმე წესს გთავაზობთ.
1. სკამ-მაგიდა მყარი უნდა იყოს – თუ მოდელს ბორბლები აქვს, შეამოწმეთ, რამდენად არის შესაძლებელი მათი ფიქსაცია. რაოდენ სტაბილური კონსტრუქციაც არ უნდა იყოს, ბორბლებიან სკამ-მაგიდაში უმეთვალყურეოდ ერთი წუთითაც ვერ დატოვებთ ბავშვს. უნდა იყოს რაც შეიძლება მყარი, რომ ბავშვის აქტიური მოძრაობის დროს წონასწორობა არ დაკარგოს და არ გადაყირავდეს.
2. უნდა ჰქონდეს ღვედები – აქტიურ ბავშვებს ეს აუცილებლად სჭირდებათ. ღვედები უნდა აფიქსირებდეს ბავშვის წელს, ფეხებს და მხრებს.
3. უფრო პრაქტიკულია ცელოფნის შალითა – ჩვეულებრივი ნაჭრის შალითის რეცხვა ხშირად მოგიწევთ. ცელოფნის შალითას კი უბრალოდ გაწმინდავთ ხოლმე.
4. მაგიდის ზედაპირს ნაპირები ცოტა ამოზნექილი უნდა ჰქონდეს – ბავშვი ხშირად დაღვრის წვნიანს და თუ ასეთი ამაღლებული ნაპირები (მიჯნები) ექნება ზედაპირს, სითხე უცებ არ გადმოიღვრება იატაკზე.
5. სასურველია, მაგიდის მიახლოებისა და დაშორების საშუალება იყოს – ბავშვი ჭამის დროს უფრო მჭიდროდ უნდა იჯდეს მაგიდასთან, ხოლო როცა თამაშობს, ცოტა მეტად გასწევთ მაგიდიდან.
6. არ ღირს მეტისმეტად მკვეთრი ფერის სკამ-მაგიდის ყიდვა, ასეთ შემთხვევაში ბავშვს თვალები მეტად დაეძაბება და თანაც, უფრო იმ ფერებისკენ იქნება კონცენტრირებული, ვიდრე თეფშისა და კოვზისკენ.
7. სასურველია, სკამ-მაგიდას სატერფული ჰქონდეს, რომელიც სიმაღლის მიხედვით დარეგულირდება – დაუშვებელია, ბავშვს სკამზე ჯდომისას ფეხები თავისუფლად უქანავებდეს. საყრდენი აუცილებელია, რომ ხერხემალი სწორად განვითარდეს.
8. ჯობს იყიდოთ ისეთი სკამ-მაგიდა, რომლის აკეცვა-დაკეცვაა შესაძლებელი – ახალ მოდელებს აქვს ეს ფუნქცია და როცა ბავშვი მასზე არ ზის, მისი აკეცვა შეიძლება.
9. შეამოწმეთ, რომ სკამ-მაგიდას არ ჰქონდეს წვეტიანი კუთხეები – ბავშვის კანი ნაზია, პატარა წვეტიანმა ადგილმაც კი შეიძლება სერიოზულად დააზიანოს.
10. ჯობს, ასეთი სკამ-მაგიდა სპეციალურ საბავშვო სავაჭრო ცენტრებში ან ინტერნეტ-მაღაზიებში იყიდოთ და მოითხოვოთ სერთიფიკატი, დარწმუნდეთ მის ეკოლოგიურ სისუფთავესა და ხარისხში. ბავშვი მასზე დიდ დროს გაატარებს და ჯობს, მაქსიმალურად უსაფრთხო და ხარისხიანი შეიძინოთ.