სოფო, სალომე, თეა, მაკა... კიდევ რომელ დედას დაუობლებენ შვილს მამები? - მშობლები

სოფო, სალომე, თეა, მაკა... კიდევ რომელ დედას დაუობლებენ შვილს მამები?

2014-10-17 12:54:13+04:00

ცნობილი და უცნობი ქართველი ქალების გამოხმაურება ქმრის მიერ ცოლის მორიგ მკვლელობაზე სოფო, სალომე, თეა, მაკა... ეს სია, სამწუხაროდ, შორს წაგვიყვანს და თუ ასე გაგრძელდა, მას შემდეგი ”წევრებიც” შეემატებიან. თბილისში მომხდარ მორიგ შემზარავ მკვლელობას - კვლავაც ყოფილი ქმრის მიერ ცოლის მკვლელობას, მორიგი პატარის დაობლებას და მისი მომავალი ცხოვრების სამუდამოდ დამახინჯებას, სავსებით გასაგებად მოჰყვა უამრავი ადამიანის პროტესტი. ყველაზე მეტად, რასაკვირველია, ქალებმა გააპროტესტეს ეს უკვე მასობრივად ქცეული სენი. ჩვენ ანალიზსა და ძიებას არ ვაპირებთ, არც ექსკლუზიურ ფოტორეპორტაჟსა თუ ინტერვიუს გპირდებით... უბრალოდ გთავაზობთ რამდენიმე პოსტს, კომენტარს, ამოძახილს, რომლებიც სოციალურ ქსელში ცნობილმა თუ უცნობმა ქართველმა ქალებმა, ქართველმა დედებმა გაავრცელეს:

”სანამ თითოეული ქმარი (კაცი), რომელიც თუნდაც ერთ თმის ღერს ჩამოუგდებს ცოლს (ქალს) თავიდან, სათანადოდ და სამაგალითოდ არ დაისჯება კანონის ძალით, მანამდე ასე ვიქნებით. დაახლოებით იმ კონდიციაში ვართ ახლა, მოღალატეებს თავებს რომ აჭრიდნენ და ღობეებზე გამოკიდებდნენ ხოლმე, რომ სხვებს დაკარგვოდათ ღალატის სურვილი. აი ასეთი რამე თუ გადაგვარჩენს”.

”მე მყავს ერთი გოგო. მარიტა. მე გავაჩინე ერთი შვილი. მე არ მინდა, რომ მარიტა დაქორწინდეს. მე ის ცოცხალი მინდა. რაც გინდათ, ის იფიქრეთ. მკიდია. ვიცი, რომ არანაირი ბერკეტი არ მაქვს, რომ ის შესაძლო მანიაკი ქმრისგან დავიცვა. დაარქვით ამ პოსტს დაფეთებული დედის პოსტი”.

”ქვეყანა მატრიარქატს ვერ ეგუება, კაცმა ფუნქცია დაკარგა, სულიერი ძალა აღარ აქვს, სამაგიეროდ ამბიციები შემორჩა და ფიზიკური, უტვინო ძალა!!”

”ამას ჰქვია მამაკაცთა მასობრივი ამბიციური იმპოტენცია!!!”

”მე რომ არ მეყოჩაღა, ვინ იცის, ჩემზეც დაწერდნენ საინფორმაციო საშუალებები... ახლა ვხვდები, რა საფრთხის წინაშე ვიყავი”.

"მძულს ეს ქვეყანა. ქვეყანა, სადაც არ მიცავენ, ქვეყანა, სადაც მოძალადე ქმრების გაფრხილებით შემოიფარგლებიან. კიდევ ერთი მკვლელობა. მომავალ მკვლელობამდე!!!"

"ჩემი შვილი 13 წლისაა ის არ აპირებს გათხოვდეს არასდროს. თვლის, რომ არ არის აუცილებელი".

"ჩემი აზრით, სიკვდილით დასჯა უნდა შემოიღონ ასეთ დანაშაულზე... სამწუხაროდ, ჩვენთან ალბათ მხოლოდ შიშის ფაქტორი მოქმედებს!!!"

”ეს მხოლოდ გახმაურებული ამბებია,რუსთავშიც გამოესალმა ამ გაზაფხულზე ერთი საწყალი გოგო სიცოცხლეს დამპალი ქმრის გამო. ღმერთმა იცის, კიდევ რამდენი ფაქტია მომხდარი:(( მეზიზღებით, ლაჩარო და არაკაცო ქმრებო!!!”

”სოფო, სალომე, თეა, მაკა... კიდევ რომელ დედას დაუობლებენ შვილს მამები?”