ავღანეთიდან ჩამოსულ ქართველ ჯარისკაცებს და მათ შვილებს ბევრმა სკოლამ თუ ბაღმა მოუწყო სიურპრიზი. ერთ-ერთი 139-ე სკოლა იყო. მათ მიერ მოწყობილი სიურპრიზის ამსახველ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
როგორც mshoblebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, 139-ე სკოლის დირექტორმა ნოდარ ქავთარაძემ და კლასის ხელმძღვანელმა შორენა თამაზაშვილმა მოსწავლის - ელენე ქიტოშვილის დედის ინიციატივით მოუწყვეს დახვედრა მის მამას, ვასილ ქიტოშვილს, რომელიც ავღანეთში იყო სამშვიდობო მისიით. იცოდნენ კლასელებმაც სიურპრიზის შესახებ, თუმცა ისინიც საგულდაგულოდ მალავდნენ ამბავს.
ელენეს დედა, იანა მახარაძე:
- ჩემი მეუღლე მეხუთედ იყო ავღანეთში, ამჯერად - 7 თვით. ერაყშიც იყო. 2008 წლის ომი რომ დაიწყო, ჩამოვიდა იქიდან და აქ ომში წავიდა. იდეალური მამაა, მზრუნველი. როცა გავიგე, რომ ვასილი ბრუნდებოდა, შორენა მასწავლებელს დავურეკე და ეს ამბავი გავანდე. მან, როგორც ყველთვის, ამ ამბავს ლამაზი გაგრძელება მისცა.
მინდა მადლობა ვუთხრა 139-ე სკოლის დირექტორს ბატონ ნოდარ ქავთარაძეს, რომელმაც მუდამ იცის მშობლების მხარდაჭერა, ახლაც ასე მოხდა. სანამ ჩვენ სკოლაში მივედით, შორენა მასწავლებელს და ბატონ ნოდარს უკვე მომზადებული ჰქონდათ კლასი, ბავშვებიც ჰყავდათ გაფრთხილებული, ჩემმა ელენემ არაფერი იცოდა... ეს იყო დიდი ემოცია, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
შევედით თუ არა, ჩაირთო ჰიმნი, აფრიალდა საქართველოს უამრავი დროშა კლასში. ცრემლიც იყო, სიცილიც. ვერ აღვწერ ამ სიხარულს.