კვლევამ გამოავლინა რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი, რომელიც მოსწავლეთა აზრით კარგ პედაგოგს უნდა გააჩნდეს 2014 წლის ოქტომბერში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრმა“ ჩაატარა კვლევა მოსწავლეებში, რათა გაეგო მათი აზრი, თუ როგორი უნდა იყოს, რას ნიშნავს მათთვის კარგი პედაგოგი. კვლევამ ძალზე საინტერესო შედეგები აჩვენა და გამოავლინა რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი, რომელიც მოსწავლეთა აზრით კარგ პედაგოგს უნდა გააჩნდეს.
კვლევის მიზანი: მოგეხსენებათ, სახელმწიფოს აქვს საკუთარი განსაზღვრება იმისა, თუ რას ნიშნავს კვალიფიციური პედაგოგი და ეს ნათლად არის გაწერილი პედაგოგთა შეფასების ახალ სქემაში, რომელსაც სწორედ მიმდინარე თვეში განიხილავს პარლამენტი. მოკლედ ვნახოთ როგორ განსაზღვრავს სახელმწიფო კარგი პედაგოგების კატეგორიებს:
“წარჩინებული” პედაგოგი, არის კატეგორია, რომელიც ინდივიდუალურად მუშაობს ყველა მოსწავლესთან და მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით შეუძლია დაეხმაროს წარმატების მიღწევაში.
“მკვლევარი” პედაგოგები, რომლებიც გაკვეთილს ატარებენ საკუთარი პრაქტიკული კვლევების, საკუთარი პროფესიული საქმიანობის სიღრმისეული რეფლექსიის საფუძველზე.
დღემდე არ არსებობდა არანაირი საჯარო კვლევა თუ გამოკითხვა იმის თაობაზე, რას ნიშნავს კარგი პედაგოგი მოსწავლეებისთვის. ის, რომ მათი აზრის ცოდნა ძალზე მნიშვნელოვანია, თუნდაც იქიდან უნდა დავასკვნათ, რომ პადაგოგები უშუალოდ მოსწავლეებს ასწავლიან და არა სხვა რომელიმე კატეგორიას საზოგადოებისა. კვლევის მიზანი იყო გამოგვევლინა, თუ როგორია კარგი პედაგოგი მოსწავლეთა აზრით.
კვლევის მეთოდი:
ცენტრის წარმომადგენლების მხირან გამოკითხულ იქნა თბილისის სხვადასხვა სკოლის 100-ზე მეტი მოსწავლე. სპეციალურ ბლანკში მოცემული იყო ერთადერთი შეკითხვა:
– თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს კარგი პედაგოგი?
მოსწავლეებმა წერილობით უპასუხეს აღნიშნულ კითხვას.
კვლევის შედეგები:
კვლევის შედეგად გამოვლინდა 18 მახასიათებელი, რომელიც მოსწავლეთა აზრით უნდა გააჩნდეს კარგ მასწავლებელს
ნახეთ მახასიათებლები:
კვლევა გრაფიკულად
გვსურს აქვე გაგიზიაროთ რამდენიმე მოსწავლის მოსაზრება სრულად, რომელიც ვფიქრობთ, რომ საინტერესო და ღირებულია.
სტილი დაცულია:
„ჩემი აზრით, კარგი პედაგოგი ისაა, ვინც ბავშვებს დააინტერესებს იმით, რასაც ასწავლის მათ. მისი გაკვეთილის თუ სხვა რამის ახნსა უნდა იყოს ბავშვებისთვის გასაგები და საინტერესო. მასწავლებელს უნდა შეეძლოს ბავშვის გაკვეთილში სრულიად ჩართვა და ბავშვის აზრი მნიშვნელოვანი უნდა იყოს მისთვის. რაც მთავარია, ბავშვი კმაყოფილი უნდა იყოს პედაგოგით“.
საბაზო საფეხურის მოსწავლე
„ჩემი აზრით, მასწავლებელზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ვფიქრობ, ის უნდა იყოს სამაგალითო და კარგი განწყობა გადმოჰქონდეს ჩვენზეც. უნდა ესმოდეთ მოსწავლეების, ითვალისწინებდეს ჩვენს აზრებს და სურვილებს და არ გამოარჩევდეს მოსწავლეს, თუნდაც სწავლის მიხედვით, არ სარგებლობდნენ უპირატესობით და უსამართლოდ არ ჩაგრავდნენ ბავშვებს. ალბათ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სკოლა არცთუ ისე საყვარელი რამაა, ამიტომ ეს პრობლემა თუ მოგვარდება, უფრო ხალისიანად მივუდგებით სწავლას.“
საშუალო საფეხურის მოსწავლე
"პედაგოგი უნდა იყოს მოწესრიგებული ყოველთვის. ძალიან კარგად უნდა იცნობდეს საგანს, რომელსაც ასწავლის და ბავშვი რომ კითხვას დაუსვამს, პასუხი უნდა გასცეს. ბავშვებს თბილად უნდა მოექცეს. ყოველთვის უნდა ჰქონდეს საგნის წიგნი“
დაწყებითი საფეხურის მოსწავლე
„კარგი პედაგოგი უნდა აძლევდეს ბავშვს თავისუფლებას, გამოხატოს თავისი აზრები და დამოკიდებულებები, იყოს კრიტიკული, მაგრამ არა შემზღუდველი. არ უნდა საუბრობდეს მხოლოდ უმრავლესობის პირით, არამედ უმცირესობებისაც. არ გამორიცხოს ისინი, იყოს მიმღები, ბრძნული და სამართლიანი და არა – დამამცირებელი, უპატივმცემლო მოსწავლის მიმართ“.
საბაზო საფეხურის მოსწავლე
„უნდა იყოს მეგობრული, ზომიერად მკაცრი, მოსწავლეებს უნდა შეგვეძლოს მასთან ჩვენს პრობლემებზე საუბარი. უნდა იყოს საინტერესო მოსაუბრე და შეგვაყვაროს მოსწავლეებს თავისი საგანი. ასეთ მასწავლებლებს უფრო დავაფასებთ და იმედებს არ გავუცრუებთ“.
საბაზო საფეხურის მოსწავლე
ვფიქრობთ აღნიშნული მცირე კვლევა მნიშვნელოვნად წაადგება პირველ რიგში პედაგოგებს ან პედაგოგობის მსურვლებს, ასევე ამ სფეროთი დაინტერესებულ მკვლევარებს თუ გადაწყვეტილების მიმღებთ.
სასკოლო კვლევების ცენტრი