ხშირად დასმული კითხვები კიბოს სკრინინგის პროგრამის შესახებ
- რომელი ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი ტარდება კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და რომელ ასაკობრივ ჯგუფებში?
კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა უზრუნველყოფს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგულ გამოკვლევებს. ძუძუს კიბოს სკრინინგი ტარდება 40-70 წლის ასაკის ქალებში, 2 წელიწადში ერთხელ. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი შეუძლიათ ჩაიტარონ 25 დან 60 წლამდე ასაკი ქალებმა, 3 წელიწადში ერთხელ, ხოლო მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის ჩატარება 50 დან 70 წლამდე კაცებისთვის და ქალებისთვისაა შესაძლებელი, 2 წელიწადში ერთხელ.
- კონკრეტულად რა გამოკვლევებს სთავაზობს პროგრამა მოქალაქეებს?
ძუძუს კიბოს სკრინინგის შემთხვევაში მოქალაქეებს პირველ რიგში უტარდებათ მამოგრაფია. მამოგრაფიის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ექოსკოპიური გამოკვლევა.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი მოიცავს პაპ-ტესტს, რომლის დროსაც ხდება ნაცხის აღება და დაკვირვება მიკროსკოპის ქვეშ. იმ შემთხვევაში, თუ პაპ-ტესტით აღმოჩნდა ცვლილებები, ტარდება კოლპოსკოპია და სხვა საჭირო, გამოკვლევები.
რაც შეეხება მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს - პირველ რიგში ტარდება განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე და საჭიროების შემთხვევაში კოლონოსკოპია და მორფოლოგიური გამოკვლევა.
ეს კვლევები პროგრამის ფარგლებში პაციენტებისთვის სრულიად უფასოა.
- რა პრინციპით მოხდა ამ ასაკობრივი ჯგუფების შერჩევა?
ასაკობრივი ჯგუფები, ამა თუ იმ ონკოლოგიური დაავადების სკრინინგისთვის, შერჩეულია იმ პრინციპით, რომ მაქსიმალურად მოიცვას სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც, შესაბამის ასაკში ყველაზე მაღალი რისკი აქვთ კიბოს განვითარების.
- ვის შეუძლია სკრინინგის პროგრამით ისარგებლოს?
კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში მყოფ ადამიანებს, მიუხედავად რეგიონული კუთვნილებისა, შეუძლიათ მიაკითხონ ნებისმიერ დაწესებულებას, სადაც სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება და ჩაიტარონ სკრინინგული კვლევები სრულიად უფასოდ.
- რამდენად მაღალია ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის მოცვა საქართველოში?
იმისთვის, რომ ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების გავრცელება შემცირდეს, აუცილებელია გაიზარდოს სკრინინგის მოცვა, რომელიც, ამ ეტაპზე, ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაბალია და კიბოს შემთხვევათა 50% -ზე მეტის დიაგნოსტირება დაგვიანებულ სტადიაზე ხდება.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოცვა, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, 11.2%-ია, ძუძუს კიბოს სკრინინგისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის მოცვა კი 8.6% და 1.5%, შესაბამისად.
- რა კეთდება სახელმწიფოს მხრიდან კიბოს სკრინინგის პროგრამის პოპულარიზაციისთვის?
კიბოს სკრინინგის მოცვის გაზრდისთვის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და ჯანმრთელობის კვლევის კავშირი ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას. კამპანიის ფარგლებში, პროგრამის პოპულარიზაციისთვის, გაიმართა ტრეინინგები ჯანდაცვის მუშაკებისთვის, შემუშავდა სხვადასხვა ტიპის ბეჭდური, აუდიო და ვიდეო მასალა რეკლამირებისთვის, მოხდა პირადი, რეალური ვიდეო ისტორიების მომზადება ადამიანების მონაწილეობით, რომლებმაც კიბო დაამარცხეს და ა.შ.
კამპანიის ფარგლებში ასევე შეიქმნა ფეისბუქ გვერდი (კიბოს სკრინინგი - Cancer Screening), რომლის საშუალებითაც ხდება სხვადასხვა საინფორმაციო პოსტის გავრცელება.
აღნიშნულ გვერდზე მომხმარებლებს საშუალება აქვთ მიიღონ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ. ასევე ხდება იმ სამედიცინო დაწესებულებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, სადაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ უფასოდ ჩაიტარონ კიბოს სკრინინგი.