„ჩემი ცოლის დაქალების“ მაყურებელი კარგად იცნობს სერიალის ახალ პერსონაჟს, ნიცას, გოგონას, რომელიც ჩცდ–ს გმირის, ანასტასია გოცირიძის "მტერია". სერიალის ახალი სეზონიდან სწორედ ნიცას ქცევებია საზოგადოების განხილვის მთავარი თემა. გოგონას ბევრი აკრიტიკებს და ზოგჯერ მის გარშემო სოციალურ ქსელში კამათი მწვავე დებატებშიც გადაიზრდება ხოლმე.
გარდა იმისა, რომ ნიცას გმირი საინტერესოა, ამასთანავე, მსახიობის პროფესიონალური შესრულებაც ერთ–ერთი მთავარი მიზეზია პერსონაჟის ასეთი წარმატების.
ნიცას როლს 13 წლის ირინკა ტყებუჩავა ასრულებს. მისთვის ეს პირველი როლია. გვეუბნება, რომ თავიდან „ნიცას“ მიმართ გამოთქმულ უარყოფით კომენტარებს ძალიან განიცდიდა, თუმცა ახლა ყოველივეზე მხოლოდ ეცინება.
ირინკა მერვე კლასშია და მსახიობობასთან ერთად, მუსიკითაც არის დაინტერესებული. სურს, რომ მომავალი მსახიობის და მომღერლის პროფესიებს დაუკავშიროს.
– აქამდე არც ერთ ფილმში, სერიალში და ტელეგადაცემაში არ ვყოფილვარ. ეს ჩემთვის ახალია და თავდაპირველად მიჭირდა გარემოსთან შეგუება, მაგრამ ახლა უფრო თავისუფლად ვარ. მომწონს და არ მბეზრდება იმის მიუხედავად, რომ დიდი დრო გვჭირდება გადასაღებად.
–ნიცას ხასიათთან საერთო არ მაქვს არაფერი, კიდევ კარგი. მისი არც ერთი თვისება ჩემსას არ ემთხვევა და შესაბამისად, როლიც რთული მაქვს. იმიტომ, რომ ვასრულებ გოგოს, რომლის საქციელი ჩემთვის მიუღებელია. ვფიქრობ, რომ ნიცა ზედმეტად შურიანი და უხასიათო გოგოა, შეიძლება ეს ასაკის ბრალიც იყოს. სურს, რომ ეს უხასიათობა სხვაზე გადაიტანოს. მაგრამ ეს მისი ბრალი არაა. ჩემი აზრით, ძირითადად, დეიდამისის ბრალია.
– ძალიან ბევრი უარყოფითი კომენტარი იწერება და ბევრი გაიგივებს შენს გმირთან, როგორ ხვდები ამ კომენტარებს, ხომ არ ბრაზდები, რა რეაქცია გაქვს ხოლმე? თუ შეგიძლია, რომ გაიხსენო ისეთი კომენტარი, რომელიც ყველაზე მეტად გეწყინა..
– ბევრი ნიცას და ირინკას ერთმანეთთან აიგივებს და ჩემთვის ეს გასაბრაზებელი არაა. მიხარია, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი როლი კარგად შევასრულე. თავდაპირველად არ მეგონა, რომ ხალხი ასეთ საშინელებებს დაწერდა და მწყინდა. შემდეგ მივხვდი, რომ ირინკას კი არა, ნიცას ლანძღავენ. მივხვდი, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ გამომივიდა ამ ბოროტი გოგოს როლის შესრულება და ახლა უკვე აღარც ვკითხულობ ამ კომენტარებს. ერთ-ერთი საშინელ კომენტარი იყო – „მინდა ეს გოგო თმებით გავგლიჯო, ვათრიო“... თუ რაღაცა ასეთი. ახლა მეცინება ამ ყველაფერზე.
– სკოლაში რას გეუბნებიან კლასელები, მოსწონთ შენ მიერ შესრულებული როლი? – მეუბნებიან რომ მოსწონთ და ბევრი მეუბნება, რომ კარგად ვთამაშობ, მეკითხებიან როგორ მოვხვდი. მეუბნებიან, რომ მათაც უნდათ და ა.შ.