19 წლის ბიჭები - ზუკა ვაშალომიძე და ლუკა ლომსაძე ინტელექტუალური სატელევიზიო თამაშის "უპასუხე საქართველოს" გამარჯვებულები გახდნენ. მეორეკურსელმა ნიჭიერმა ახალგაზრდებმა დაძაბული, საინტერესო თამაშის ფონზე ღირსეულად მოიპოვეს 24 ათასი ლარი.
როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში ზუკა ამბობს, ინტელექტუალური თამაშებით ბავშვობიდან არის დაინტერესებული და სხვა შემეცნებითი ხასიათის გადაცემაშიც მიუღია მონაწილეობა:
- ინტელექტუალურ თამაშებს ბავშვობიდან ვთამაშობ, მაგალითად - "რა? სად? როდის?", "წიგნების თაროს" მეოთხე სეზონის მონაწილეც ვარ.
- თამაშზე წასვლა ორივემ ერთად გადაწყვიტეთ, თუ ერთის სურვილი იყო და მეორემ მხარი აუბა? ელოდით, რომ ამხელა თანხას მოიგებდით?
- ლუკამ მკითხა, თუ მინდოდა გამოსვლა და მეც დავთანხმდი. რაიმე თანხას რომ მოვიგებდით ველოდით, მაგრამ ამდენს - არა. ორივე "წიგნების თაროს" მონაწილეები ვართ, თან საერთო ინტერესებიც გვაქვს ინტელექტუალურ თამაშებზე და ასე დავახლოვდით.
- მოგებული თანხით რას გეგმავთ?
- ჯერ არ გადგვიწყვეტია.
- რომელი სკოლა დაამთავრე? - სად სწავლობ და რა პროფესიას ეუფლები?
- ოზურგეთის მე-2 სკოლის კურსდამთავრებული ვარ. საქართველოში სან-დიეგოს უნივერსიტეტში ვსწავლობ კომპიუტერულ მეცნიერებებს. უნივერსიტეტში აბსოლუტური დაფინანსებით ჩავირიცხე.
- უხერხული ხომ არ იქნება გკითხო, ბევრს კითხულობ? რა სახის ლიტერატურას ეცნობი?
- ყველაზე მეტად სამეცნიერო ფანტასტიკა მიყვარს, მაგრამ თითქმის ყველა ჟანრის ლიტერატურას ვკითხულობ, განსაკუთრებით - რუსულენოვანს.
- როცა წარმატებულ ახალგაზრდებზე ვწერთ, აინტერესებთ, როგორ სწავლობდნენ სკოლაში და სჭირდებოდათ თუ არა მშობლების მითითება? შენ შემთხვევაში როგორ იყო, ზუკა?
- სკოლაში სწავლის დროს, მშობლების მითითება ნაკლებად მჭირდებოდა, დამოუკიდებლად მერჩივნა მეცადინეობა. საგნებიდან ყველაზე მეტად მათემატიკა მიყვარდა.
ლუკა ლომსაძე:
- ვსწავლობ თსუ-ში იურიდიულ ფაკულტეტზე. თბილისის 50-ე სკოლა დავამთავრე.
- აქამდე სხვა ინტელექტუალურ თამაშებში მიგიღია მონაწილეობა?
- "წიგნების თაროში" ვთამაშობდი და ვთამაშობ კიდევ.
- რა სახის ლიტერატურას კითხულობ?
- ლიტერატურას ვკითხულობ როგორც მხატვრულს, ისევე სამეცნიეროს, რადგან თანაბრად საინტერესოა ორივე.
- როგორ ფიქრობ, ინტელექტუალურ სატელევიო გადაცემაში წარმატების მისაღწევად რა არის საჭირო?
-"უპასუხე საქართველოს" მოსაგებად ცოდნა და კარგი ლოგიკაა საჭირო. ამავდროულად, არ უნდა ინერვიულო და კარგად, სუფთად იფიქრო.
- როგორი მოსწავლე იყავი?
- როგორც მოსწავლე წარჩინებული გახლდით, მედალოსანი ვარ. სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად გეოგრაფია და ისტორია მიყვარდა.
- როგორ ფიქრობ, როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს წიგნის კითხვა?
- ჩემი აზრით, ბავშვებისთვის წიგნის შეყვარება ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს, კერძოდ, მშობელმა უნდა წაუკითხოს შვილს ტექსტები და ნელ-ნელა ამ გზით დააინტერესოს.
- როგორ შეაფასებ ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემას. ბევრი სტუდენტი საუბრობს სწავლის ხარვეზებზე და დონეზე?
- სწავლის ხარვეზებზე საუბარი რთულია. გააჩნია სკოლას და უნივერსიტეტს. ერთს, რასაც ვისურვებდი, არის ის, რომ მეტი ტექნოლოგია გამოიყენონ სასწავლო პროცესში.
რუსკა კილასონია