2 წლის დათა რაზმაძე სოციალური ქსელიდან ბევრმა ადამიანმა გაიცნო და შეიყვარა. ვიდეოს, სადაც ის ქართული ანბანის ასოებს ასახელებს, ათასობით ნახვა და გაზიარება აქვს. ჩვენ დათას დედას, ნინი მოსიძეს დავუკავშირდით. ის გვიყვება:
"ტელევიზორშიც რომ დაინახავდა ციფრებს, ასოებს, დიდ ინტერესს გამოხატავდა. როცა მივხვდი, რომ აინტერესებდა და მოსწონდა სწავლის პროცესი, უკვე ფურცელსა და სახატავის დაფაზე ვუწერდი და იმახსოვრებდა. იცის ქართულის ოცდაცამეტივე ასო, ინგლისური ანბანი, ციფრები და ცნობს ფერებს. ბაღშიც დადის. რომ ვაკვირდებით, თითქოს უჩვეულოდ ნიჭიერი ბავშვია და რაც მთავარია, თავად უნდა სწავლა და თავადვე იჩენს ინიციატივას, მაგალითად ფანქრებსა და ფურცლებს თუ დაინახავს, მეუბნება, რომ დავხატოთ. ამით ვხვდები, რომ ასოების დახატვა უნდა. რომ ვაქებთ, ძალიან ბედნიერია. ბაღში მასწავლებლები გვეუბნებიან, რომ ძალიან მალე იმახსოვრებს ყველაფერს. გარდა ამისა, უყვარს სიმღერაც. დამოუკიდებლად ითვისებს ყველაფერს და ამას განგებ არავინ ასწავლის, თავად აინტერესებს."- ამბობს დათას დედა.
თამარ იაკობაშვილი