ძნელად მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომელიც ვახტანგ ტატიშვილის შემოქმედებას არ იცნობს. ის ყველა თაობისთვის საყვარელი მომღერალი და მსახიობია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ მოხვდა დიდ სცენაზე პედაგოგიური ინსტიტუტის კურსადამთავრებული, რომელიც ერთ დროს ბავშვებს სკოლაში ფიზიკას ასწავლიდა.
78 წლის მსახიობმა mshoblebi.ge - სთან განვლილ ცხოვრებას გადაავლო თვალი, საკუთარ მშობლებზე, ოჯახზე, ბავშვობის წლებზე ისაუბრა და თანამედროვე ახალგაზრდების ყოფაც შეაფასა.
- ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ მოზარდები და უფროსები ერთმანეთს გაუუცხოვდნენ. თავად როგორი შვილი იყავით და როგორი მშობელი ხართ შვილებისთვის?
- რაღაც გამოცდილება ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობის ალბათ ყველას აქვს. ვერ ვიტყვი, რომ დიდი სპეციალისტი ვარ და თანამედროვე მოზარდების პრობლემებში ძალიან კარგად ვერკვევი, მაგრამ ჩემი გამოცდილება მეც მაქვს მოზარდებთან ურთიერთობის. პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე, იქ ბავშვთა ფსიქოლოგიას და პედაგოგიკას ცალკე საგნად გვასწავლიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკა-მათემატიკურზე ვსწავლობდით. ფიზიკის მასწავლებლადაც ვმუშაობდი თბილისის #9 რუსულ სკოლაში. 78 წლის ვარ და გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილებაც დამიგროვდა. პირველი და მთავარი, ჩემი აზრით, არის ის, რომ დიდად არ განსხვავდებიან თაობები ერთმანეთისგან. განა არ მახსოვს, რანაირები ვიყავით და როგორები იყვნენ ჩვენ გარშემო ახალგაზრდები. ქურდობა, ჩხუბი და მკვლელობები მაშინაც ხდებოდა. მე დღევანდელ ახალაგზრდობას არ ვემდური. 6 შვილიშვილი მყავს, ყველა ნორმალური ქცევისაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, 13 ივნისის სტიქიის დროს როგორ გაერთიანდნენ ახალგაზრდები. საერთოდ, რომ დავაკვირდეთ, თუ მშობლები ნორმალურები და გაწონასწორებულები არიან, შვილებს მათ მიმართ ხათრი და რიდიც აქვთ. წესიერ მშობლებს, წესიერი შვილები ჰყავთ. როცა შვილი ატყობს, უფროსი ურიგოდ იქცევა, თვალთმაქცობით შოულობს ფულს, ბავშვიც ეჩვევა ასეთ ქცევას. ახალგაზრდობას რამეს თუ დავაბრალებთ, ეს ისევ ჩვენი ბრალი იქნება. მშობლებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. მარტო სკოლას არ უნდა დავაბრალოთ ყველაფერი. მთავარ როლს ბავშვის აღზრდის პროცესში თამაშობს ოჯახი.
- ბატონო ვახტანგ, ხშირად აბრაზებდით მშობლებს? მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე და მშობლებზე...
- რა თქმა უნდა, იყო ასეთი ფაქტებიც. ჩემი მშობლები იყვნენ ბოტანიკოსები, მე და ჩემი ძმა გავიზარდეთ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. ცურვა უფრო ადრე ვისწავლე, ვიდრე სიარული. წესიერი მშობლები მყავდნენ. ჩვენგან სკოლა 5 კილომეტრის მოშორებით გვქონდა, მახინჯაურში ვსწავლობდით. ბავშვობიდან ცუდი ეპიზოდები უფრო მახსოვს, ვიდრე კარგი. ახლა კი ვნანობ, რატომ მოვიქეცი მაშინ ასე ცუდად-თქო. პატარა ვიყავი, დაახლოებით 7 წლის და წყლის კასრში ჩავაგდე კატა, ქვა მოვაბი, რომ დამხვრჩვალიყო. მერე დამინახეს და გადაარჩინეს. ამ საქციელს დღემდე ვნანობ და განვიცდი. ალბათ, მაშინ ბავშვური ინტერესი მქონდა, რა დაემართებოდა. რომ გადარჩა, მერე ისე ვეფერებოდი, გვერდიდან არ მოვცილებივარ.
მამა 9 წლის იყო, როცა დაობლდა. ბავშვთა სახლში გაიზარდა. როგორც მზრუნველობასმოკლებული, ხომ შეიძლებოდა გზიდან აცდენილიყო, მაგრამ არა. 26 წლის იყო, როცა სკოლა დაამთავრა. დედაჩემი სოფლის მეურნეობის ინსტიტუტში გაიცნო. მამას გრიგოლი ერქვა, ჩემს შვილს მისი სახელი დავარქვი, მან კი ჩემს შვილიშვილს დაარქვა ჩემი სახელი. დედას ვალენტინა ერქვა. ახლა ჩემს მშობლებს რომ ვიხსენებ, გული მწყდება, რატომ ვეკამათებოდი ხოლმე.
- რა ასაკში აღმოჩინეს თქვენში სიმღერის ნიჭი?
- ბავშვობიდან ვმღეროდი. მამაჩემიც მღეროდა, დედაჩემიც. რომ გითხრათ, დიდი მომღერალი ვარ, არა... ეს ასე არ არის. მე რომ მკითხოთ, ჩემთან ანსამბლში ყველა ჩემზე უკეთ მღერის. მე ჩემი ამპლუა მაქვს, რაღაცას დავწერ სასაცილოს, კომედიურს, მაგრამ მაინც ჩემი თავი ლირიკულ მომღერლად მიმაჩნია, ახლა - მითუმეტეს. კაცი რომ დაბერდება, მართლა ლირიკოსი ხდება. ნებისმიერ რამეზე წამოუვა ცრემლები.
- როგორ მოხვდით დიდ სცენაზე?
- ისე დაემთხვა, რომ მე და ჩემმა ძმამ სკოლა ერთდროულად დავამთავრეთ. მას მე-11 კლასის დასრულება მოუწია, მე კი - მე-10-ის.
პირველ კურსზე 16 წლის ვიყავი . 21 წლისამ უკვე ინსტიტუტი დავამთავრე და სკოლაში ვასწავლიდი ფიზიკას. შემდეგ საბჭოთა ჯარში წამიყვანეს. სკოლაში მასწავლებლად დიდხანს არ მიმუშავია. მართლაც ეტალონი უნდა იყოს ბავშვების თვალში მასწავლებელი. რომ გითხრათ, ძალიან დიდი ფიზიკოსი ვიყავი, მოგატყუებთ. ჯარის მერე ფილარმონიაში წავედი და ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე, რომ მომღერლობას მივყავი ხელი. ჩემმა ძმამ, ჩემგან განსხვავებით, ცხოვრება განათლების სფეროს დაუკავშირა. მასწავლებელიც იყო, სკოლის დირექტორიც, განათლების განყოფილების გამგეც და მინისტრის მოადგილეც.
- თქვენი მომავალი მეუღლე სად გაიცანით?
- ჩვენი ანსაბლის ერთ-ერთი წევრი, თენგიზ ჩხეიძე ხელმძღვანელობდა იმ კვარტეტს, სადაც ჩემი მომავალი მეუღლე მღეროდა. მან მითხრა, კარგი გოგოა, ბერდებიო, 30 წლის ხარ და ცოლი მოიყვანეო. დაკვირვება-დაკვირვებაში კი მოვიყვანე ცოლად. ნინასაც ჰქონდა თენგიზის ხათრი და გადავწყვიტეთ დაოჯახება. ჩემი სიდედრი და სიმამრი გავიცანი ჩემს ქორწილში. ქორწილი დაწყებული იყო, როცა ჩამოვიდნენ. მანამდე ნანახი არ მყავდა მისი დედ-მამა. ქორწინების შემდეგ მშობლებთან ერთად ვცხოვრობდით თბილისში. ბავშვების აღზრდაში სიდედრი და სიმამრიც გვეხმარებოდა. ძალიან მიყვარს ჩემი სიდედრი. ახლა 95 წლის არის. ისეთი უბრალო და საყვარელი ქალია... ნორმალური ხალხი იყვნენ და სჯეროდათ თავისი ქალიშვილის გადაწყვეტილების. ისე კი უთქვამს სიდედრს, მომღერალს მიჰყვებიო? - თან მაშინ პოპულარული არ ვიყავი. მერე რა, მომწონს ის ბიჭი და გადაწყვერტილი მაქვს ცოლად გავყვეო - უპასუხია ნინას. ახლა ისე ვუყვარვარ ჩემს სიდედრს, სულ მეფერება. ჩემი მეუღლის მამა გურული იყო, დედა რუსი ჰყავს. ჩემი აზრით, ცოლ-ქმარს შორის ჯერ მამაკაცი უნდა გარდაიცვალოს. მოხუცებული მამაკაცი ვერ გაძლებს ცოლის გარეშე, იმდენად არის მეუღლის მზრუნველობას შეჩვეული.
- მოგვიყევით შვილებზე. როგორი მამა იყავით?
- ქალ-ვაჟი მყავს. თითო სამ-სამი შვილის მშობელია. 6 შვილიშვილის ბაბუა გახლავართ - ბიჭს ორი გოგო და ერთი ვაჟი ჰყავს, ქალიშვილს კი - სამი ბიჭი. შვილიშვილები უკვე დიდები არიან. ჩემი ვაჟი სამხედროა, ბელგიაში დაამთავრა ამერიკული უნივერსიტეტი, ქალიშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. ჩვეულებრივი მშობელი ვიყავი და ვარ. ცხოვრებაში ბავშვისთვის თითი არ დამიკარებია. გავბრაზებულვარ, ცოტა ტონსაც ვუწევდი, მაგრამ ხელით არასდროს შევხებივარ არცერთს. როცა ხედავ, რომ შვილები კარგად იქცევიან, კარგად სწავლობენ, ჩასაფრებულიც აღარ ხარ, როგორც მშობელი და ზედმეტად არც ვერეოდი.
- რას გვეტყვით შვილიშვილებზე, რას ნიშნავდა თქვენი ოჯახისთვის ცნობილი მამის შვილობა და ცნობილი ბაბუის შვილიშვილობა?
- მე რომ ვუყურებ ჩემს შვილიშვილებს, მიუხედავდ იმისა, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვთ, მიამიტები არიან. მე მათ ასაკში ბევრად ცელქი ვიყავი. როგორც გითხარით, სკოლაში იქეთ-აქეთ 5 კილომეტრს დავდიოდი, ტრანსპორტის გარეშე, სიცივეში. არცერთხელ არ გამიცდენია სკოლა. ამათ 100 მეტრში ჰქონდათ სკოლა და იქ ეზარებოდათ წასვლა. "უი, მგონი სიცხე მაქვს", "რაღაც ვერ ვარ კარგად" და ასეთ რაღაცებს იგონებდნენ (იცინის). ბავშვებს უხაროდათ და ახლაც უხარიათ, რომ მცნობენ. რომ ჰკითხავენ, ვისი შვილიშვილი ხარ და პასუხობენ, ახარებთ ხალხის რეაქცია. არაფრით განსაკუთრებულები ჩვენ არ ვართ. ჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს. პატარა კონფლიქტური სიტუაციები ჩვენთანაც არის, როგორც ყველა ოჯახში. ერთმანეთის სიყვარული უნდა გვქონდეს არა მხოლოდ ოჯახში, ოჯახს გარეთაც, მეზობლებთანაც, ეს არის მთავარი.
- რამდენად იყავით ჩართული შვილების აღზრდის პროცესში?
- რა თქმა უნდა, შვილების აღზრდაში ვეხმარებოდი მეუღლეს. საჭმელსაც ვუკეთებდი ბავშვებს. რამდენადაც შემეძლო, ვერთვებოდი საოჯახო საქმეებში. მე რომ ცოლი მოვიყვანე, 30 წელს გადაცილებული ვიყავი. გამოცდილება მქონდა დამოუკიდებლად ცხოვრების. ოჯახი საკუთარი სახსრებით შევქმენი, ამას მიმაჩვია მამაჩემმა და დედაჩემმა.
რუსკა კილასონია