როდესაც წლების წინ, ეკრანზე ლანა ღოღობერიძის უკვდავი ფილმი „როცა აყვავდა ნუში“ გამოვიდა, მთავარი გმირი, ყველაზე პოპულარულ სასიძოდ იქცა მაშინდელ საბჭოთა საქართველოში. ცნობილი მსახიობის ლენა ყიფშიძეს ვაჟს პოპულარულობა არც მანამდე აკლდა, მაგრამ ზურა ყიფშიძე არ დარჩენილა ერთი როლის მსახიობად. ამის შემდეგ მისი კარიერა ყოველთვის პიკზე იყო, როგორც კინოში, ასევე თეატრში.
მსახიობს, რომლის სიყვარულითაც შვილებს ზურასაც კი არქმევდნენ ქალები, პირადი ცხოვრება ისეთი ბოჰემური არ ჰქონია, როგორც სამსახიობო კარიერა. ის არასოდეს გამხდარა ჭორების სამიზნე და მთელი ცხოვრება ერთ ქალზეა დაქორწინებული, რომელიც საზოგადოებაში არასოდეს ჩნდება.
მისი მეუღლე, სწორედ ზურას პოპულარობის პიკზე ლელა გოცირიძე გახდა. წყვილს ათკაციანი ქორწილი ჰქონდა. „ცხონებული გოგა ფიფიას კოსტიუმი მეცვა, კარგად მახსენდება საკუთარი ქორწილი“ - იხსენებდა მოგვიანებით მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში. თუმცა ქორწილამდე იყო გაპარვა. ლელა და ზურა, ქალის მამის მანქანით გაიპარნენ. თავიდან საჭესთან ზურა იჯდა, მაგრამ ერთ-ერთ მონაკვეთზე, როდესაც ყინულზე მართვა გაუჭირდა, მისი ადგილი მომავალმა მეუღლემ დაიკავა.
ერთმანეთი პირველად ვასო გოძიაშვილის დასაფლავების დღეს ნახეს. მაშინ 22 წლის იყო ზურა. ლელა ჯინსებით, ველვეტის ლაბადით ბებიასთან ერთად ესწრებოდა გასვენებას.
„მე ისევ მოსკოვში წავედი. რომ დავბრუნდი, ერთხელ მეგობრებთან ერთად ვარ და ახლობელი მეუბნება - ცოლი მოვიყვანე, აი, ნახეო და ექაჩება ვიღაცას, ის კი არ გამოდის. ბოლოს გამოქაჩა და უცებ ის გოგო არ შემრჩა, გოძიაშვილის დასაფლავებაზე რომ ვნახე? იქ რა მოხდა, არ ვიცი - ეს იყო რაღაც ელვასავით. მერე დაშორდნენ და... ჩხუბიც გვქონია, გაყრაც... არ არის ყველაფერი რბილად და თბილად. არ ვამბობ, რომ იდეალური ქმარი ვარ, მაგრამ რაც შემიძლია, ვაკეთებ. შეიძლება შეგიყვარდეს ვიღაც, არავინ არის ამისგან დაზღვეული, სიბერეშიც კი. ერთგულება რა არის, ვიცი, მაგრამ არაფერია გამორიცხული. სიყვარულს რას გოუგებ, ჩემო ოლღა!“ - იხსენებს მეუღლის გაცნობას „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მსხიობი.
2014 წელს მოულოდნელად მსახიობის ცოლსა და შვილს ერთი და იგივე დაავადება დაემართათ, რამაც მათი სიცოცხლეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ეს ამბავი ზურა ყიფშიძემ ძალიან განიცადა, რადგან დიაგნოზი - ანევრიზმა, მაშინ განაჩენად ჟღერდა, რადგან ბოლო წლებში არაერთი ადამიანი გარდაიცვალა სწორედ ანევრიზმით.
მერიამ თანხა გადარიცხა და ლენუკამ და ქალბატონმა ლელამ ოპერაცია თურქეთში გაიკეთეს.
„ოპერაციის შემდეგ კიდევ რამდენიმე ჩემი ნაცნობის სიკვდილის ამბავი გავიგე, სწორედ ამ დიაგნოზით. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. სამი თვე ძალიან უნდა გავფრთხილებოდით ჩვენს ჯანმრთელობას, ბევრი რამ აგვიკრძალეს. ამ სამმა თვემ საშინელ დეპრესიაში ჩამაგდო…“ - იხსენებდა ოპერაციის შემდეგ ლენუკა.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ყიფშიძის ორივე შვილს საზოგადოება კარგად იცნობს, მისი მეუღლე არასოდეს გამოირჩეოდა საჯაროობისადმი სიყვარულით. არც ჟურნალისტებს თანხმდებოდა ინტერვიუზე და სოციალურ ქსელშიც მხოლოდ შვილების და ახალგაზრდობის რამდენიმე ფოტოა ხელმისაწვდომი.