ბოლო დღეების განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ერთ-ერთია, ვისაც თითქმის ყოველდღე უწევს საზოგადოების წინაშე გამოსვლა და კორონავირუსთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაყენება. ასევე ერთ-ერთია, ვისი პროფესიონალიზმისა და სიმშვიდის იმედი აქვს საზოგადოებას. გადავავლოთ თვალი მის ბიოგრაფიას.
თენგიზ ცერცვაძე 1948 წლის 16 მარტს არის დაბადებული. 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1972-1974 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1974-1979 წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1975-1979 წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტი - სპეციალობა კარდიოლოგია; 1979-1981 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ფარმაკოთერაპიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1981-1983 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ფარმაკოთერაპიის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1983-1986წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის იმუნოფარმაკოლოგიის განყოფილების გამგე; 1986-1990წწ. ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოს კლინიკური იმუნოლოგიის და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1990-2001წწ. შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი; 1997-2006წწ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი; 2001-2007წწ. ს.ს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2006 წლიდან თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2007 წლიდან ს.ს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი; 2008 წლიდან ქართულ-ფრანგული ჰეპატოლოგიური კლინიკის "ჰეპა" ხელმძღვანელი. მრავალი სამეცნიერო შრომისა და სახელმძღვანელოს ავტორია, იმუნოლოგი, პროფესორი.
თენგიზ ცერცვაძე საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელია. ეს სამსახური საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიჩნეულია საუკეთესოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში. ამ სამსახურის ძალისხმევით საქართველომ შეძლო თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და სერიოზული ეკონომიკური ზარალით. მკვეთრად გაიზარდა აივ/შიდსით ავადმყოფების გადარჩენის მაჩვენებელი, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ცხოვრების ხარისხი, ხოლო დედიდან ბავშვზე აივ/შიდსის გადაცემის შემთხვევები პრაქტიკულად ნულამდე დავიდა, ანუ განხორციელდა აივ/შიდსის დედიდან ბავშვზე გადაცემის ელიმინაცია.
უდიდესია თენგიზ ცერცვაძის დამსახურება ქართული ჰეპატოლოგიური სკოლის განვითარებაში. მისი თაოსნობით საქართველოში დანერგილია ვირუსული ჰეპატიტების დიაგნოსტიკის და მკურნალობის პრაქტიკულად ყველა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდი, რაც საფუძვლად დაედო C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის საქართველოს პირველ სამოდელო ქვეყნად არჩევას.
თენგიზ ცერცვაძე მსოფლიოში უპრეცედენტო და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია და უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ პროგრამის წარმატებულ განხორციელებაში. პროგრამა ითვალისწინებს 120 ათასზე მეტი C ჰეპატიტით ავადმყოფის გამოვლენას და განკურნებას. სადღეისოდ უკვე განკურნებულია 40 ათასზე მეტი ავადმყოფი. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში, როდესაც მოხდება ქრონიკული ინფექციის ელიმინაცია და ისიც არა ვაქცინის, არამედ მედიკამენტების საშუალებით.
თენგიზ ცერცვაძე წარმატებულ საექიმო პრაქტიკასთან ერთად ეწევა საინტერესო სამეცნიერო საქმიანობას. აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში მისი ინოვაციური სამეცნიერო კვლევების შედეგები სისტემატურად იბეჭდება მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალებში. იგი ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი ავტორია საქართველოში. მას ხშირად იწვევენ მომხსენებლად მსოფლიოს ყველაზე მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმებზე. თენგიზ ცერცვაძის გუნდის და აშშ-ს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ 1997-2000 წლებში ერთობლივად ჩატარებული კვლევა აღიარებულ იქნა აშშ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ერთობლივ პროექტად და თენგიზ ცერცვაძე მოხსენებით წარსდგა ჯერ აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალურ ინსტიტუტებში (ქ. ბეთესდა), ხოლო შემდეგ - 2000 წლის 3 ნოემბერს აშშ-ის კონგრესში, რაც დღემდე უპრეცედენტო შემთხვევაა.
არის რიგი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებების წევრი და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტი. გახლავთ 20-ზე მეტი ნაციონალური გაიდლაინის ავტორი და რამოდენიმე საერთაშორისო გაიდლაინის თანაავტორი, არაერთი მაღალი დონის საერთაშორისო სიმპოზიუმის და კონფერენციის ორგანიზატორია.
უდიდესი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში. არის 12 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. მისი უშუალო ძალისხმევით უცხოეთის წამყვან ცენტრებში გრძელვადიანი სტაჟირება გაიარა 30-მდე ახალგაზარდა სპეციალისტმა“, - ნათქვამია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე სამედიცინო სფეროშია მისი მეუღლე - ექიმი-რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ანა თოფურია.