როგორც ლუკა ყვება, ნეაპოლშივე მცხოვრებ მის დას, 47 წლის ტერეზა ფრანცეზეს ახალი ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩნდა და გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. თუმცა როდესაც უთხრეს, რომ ქალს ეპილეფსია ჰქონდა, სასწრაფოში გადაწყვიტეს, რომ ის "მაინც განწირული" იყო და დასახმარებლად არ მივიდნენ. ოჯახის წევრებმა თავად ჩაუტარეს გილის მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა, თუმცა ვეღარ უშველეს. მედიკოსების ბრიგადა მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მივიდა ანალიზის ასაღებად და შემდეგ დაურეკეს - დაუდასტურეს, რომ გარდაცვალების მიზეზი სწორედ კოვიდ-19 იყო...
თავად ლუკა და მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში არიან, რადგან მოსალოდნელია, რომ მათაც ჰქონდეთ ვირუსი. ის ვიდეოში ყვება, რომ ფაქტობრივად მიტოვებულია.
ლუკას თქმით, გარდაცვალების შემდეგ ის 36 საათი დის ცხედართან იყო გამოკეტილი, რადგან სანიტარული სამსახური არც მერე მოდიოდა, რომ დეზინფექცია ჩაეტარებინა და არც დამკრძალავი ბიუროდან მოსულა ვინმე, რომ ცხედარი უსაფრთხოდ გაეტანათ სახლიდან და დაემარხათ.
"ამ ვიდეოს ვწერ იტალიისთვის, ნეაპოლისთვის. ვერ გავდივარ, თვითიზოლაციაში ვარ. მეც ვირუსი მაქვს და ვერ გავალ გარეთ. არც ჩემს დასთან მოვიდა ვინმე, რომ გადაერჩინა და ახლაც არავინ მოდის, რომ გვიშველოს. იტალიამ ჩვენ მიგვატოვა... ჩემი და წუხელ გარდაიცვალა და გასული ღამის შემდეგ ვეძებ პასუხებს..." - ამბობს ლუკა ვიდეოში.
ტერეზა პირველი ადამიანია იტალიაში, ვინც კორონავირუსით შინ გარდაიცვალა. რადგან ეს პირველი ასეთი შემთხვევაა, ადგილობრივი ხელისუფლება ვერ წყვეტდა, როგორ მოქცეულიყო.
თუმცა მას მერე, რაც ლუკას ვიდეო ვირუსული გახდა და ინტერნეტჰიტად იქცა, ადგილობრივმა დამკრძალავმა ბიურომ მას მიაკითხა და ცხედარი ოჯახის სხვა წევრების დაუსწრებლად დაკრძალეს.
ლუკა ამბობს, რომ მესამე დღეა, კარანტინში იმყოფება და ყველას მადლობას უხდის, ვინც მის ოჯახს გულშემატკივრობს. მისი თქმით, მეგობრები და სოციალური ქსელებიდან ადამიანები მარტო არ ტოვებენ და მათი მადლიერია. "არ მიმატოვოთ, გააგრძელეთ ჩემ გვერდით დგომა".