მაკა ადუაშვილი და ელისაბედ ლაგურაშვილი 2012 წლიდან იტალიაში, მილანში ცხოვრობენ. მაკა სტილისტია, მისი ქალიშვილი ელისაბედი კი 11 წლისაა და სკოლაში დადის. ფორტეპიაოზე უკრავს, მღერის ოპერას და ძალიან უნდა ლასკალაში კურსების გავლა, თუმცა ამისთვის სექტემბერში დაგეგმილი გამოცდა უნდა ჩააბაროს. დედა-შვილი იტალიაში შექმნილი მდგომარეობის გამო კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს და მოწყენილობას სიმღერით უმკლავდება. მათი ვიდეო სოციალურ ქსელში ბევრმა ადამიანმა ნახა და მოიწონა. გადავწყვიტეთ, დავკავშირებოდით და უფრო ახლოს გაგვეცნო თქვენთვის:
- ახლა იტალიაში ძალიან რთული პერიოდია. სახლიდან გარეთ ვერ გავდივართ და ამის გამო ძალიან მოწყენილები ვართ. მეხუთე დღეა, რაც კარანტინში ვართ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.
- პროდუქტებისა და მედიკამენტების ყიდვას ახერხებთ?
- გასვლას ვახერხებთ, მაგრამ ძალიან რთულია, რადგან რიგში გვიწევს დიდხანს დგომა. 2-3 ადამიანზე მეტი მარკეტში ვერ შევა. ყველაფერი დაკეტილია, მხოლოდ აფთიაქები და მაღაზიები მუშაობს. მილანი, ფაქტობრივად, მკვდარია და ძალიან მტკივა გული. ასეთი არასდროს მინახავს. სამწუხარო ის არის, რომ ყველანაირი გზა ჩაკეტილია. საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის. თავიდან, ძალიან შეგვეშინდა, ვეღარ ვყიდულობდით საკვებს, მაგრამ მერე საკვებისა და მედიკამენტების პრობლემა გადაიჭრა.
- თქვენი შვილი დისტანციურად სწავლობს?
- დიახ, ონლაინ უტარდება გაკვეთილები.
- ყველაზე მეტად რა გიჭირთ კარანტინის რეჟიმში?
- სახლში ამდენ ხანს ყოფნას არ ვართ მიჩვეულები. მე და ჩემი შვილი დილით რომ გავდივართ, გვიან ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს, ახლა ამ სიტუაციამ დეპრესიაში ჩაგვაგდო, მაგრამ სიმღერა გვეხმარება დაძლევაში.
Video 11 წლის ელისაბედ ლაგურაშვილი, რომელიც ლა-სკალასთვის ემზადება
თამარ იაკობაშვილი