5 წლის ლუკა სადუნიშვილი საჩხერეში ცხოვრობს. მისი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ლუკას მშობლები ექიმები არიან და საჩხერის სამედიცინო ცენტრში მუშაობენ. ვიდეო მამამ მაშინ გადაუღო, როცა კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირებაზე ეჭვის გამო თვითიზოლაციაში მიდიოდა. ლუკას დედა, ნინო გოგავა, გვიამბობს ლუკას ამბავს:
- ლუკას ოჯახის თითქმის ყველა წევრი ექიმია, მე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვარ, მამა, ბაბუა და მამიდა ნევროლოგები არიან, ერთი ბებო გინეკოლოგი, მეორე კი მეტყველების თერაპევტია. ხან მე ვარ მორიგე საავადმყოფოში, ხან - ჩემი მეუღლე, აქედან გამომდინარე, ჩვენს დანაკლისს ძალიან მტკივნეულად გამოხატავს ხოლმე. რაც შეეხება ტირილს, ჩემი მეუღლე მაშინ იყო საავადმყოფოში მორიგე, როდესაც ცნობილი გახდა, რომ შესაძლებელი იყო სამედიცინო პერსონალს ვირუსით ინფიცირების საფრთხე შექმნოდა. დილით გადაწყვიტა, რომ თვითიზოლაციაში წასულიყო და ბავშვმა როდესაც ჩახუტება სთხოვა და უარი მიიღო, ასეთი რეაქცია ჰქონდა.
-რა შეიცვალა კორონავირუსის შემდეგ ბავშვთან ურთიერთობის თვალსაზრისით?
-თავიდან ძალიან ვცდილობდით, რომ ლუკას ეს ყველაფერი ნაკლებად ეგრძნო და ენერვიულა, მაგრამ საზოგადოებაში გარკვეული პანიკა და შფოთვაა და მასზეც მოქმედებს. ვეღარ ეკონტაქტება თავის მეგობრებს, ვერ დადის ბაღში, არის ძირითადად სახლში და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს განიცდის, როგორც ყველა ბავშვი. ენატრება მეგობრები და თავისუფლება.
-რამდენიმე ადამიანმა არასწორად აღიქვა ვიდეო და უარყოფითი კომენტარი დაწერა, რა შეგიძლიათ უთხრათ მათ?
-იქიდან გამომდინარე, რომ მეც და ჩემი მეუღლეც დაკავებულები ვართ, ლუკას ხშირად ვუღებთ ვიდეოებს და ჩვენთვის ვინახავთ. ეს ვიდეო რამდენიმე მეგობარს გავუგზავნე და მათგან ერთ-ერთმა სოციალურ ქსელში ატვირთა ისე, რომ მხოლოდმის მეგობრებს შეეძლოთ ნახვა. შემდეგ ოჯახის წევრებმა მთხოვეს ვიდეოს გაზიარება და მეც ავტვირთე. არ ველოდი ამხელა გამოხმაურებას. უამრავი დადებითი კომენტარი მოჰყვა. ვინც ცუდი კომენტარი დაწერა, მგონია, რომ ვერ გაიგეს, რატომ ტიროდა ბავშვი. ამიტომ, მეტი კეთილგონიერება და სიკეთე გამოვიჩინოთ ბავშვების და,ზოგადად, ადამიანების მიმართ.
თამარ იაკობაშვილი