მსოფლიოში კორონავირუსის პრევენციისთვის, ერთ-ერთი მთავარი მოწოდება სახლში დარჩენა და სოციალური დისტანცირებაა. გამონაკლისი არც საქართველოა. ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სახლში დარჩენა აუცილებელია ვირუსის ფართომაშტაბიანი გავრცელების აღმოსაფხვრელად, თუმცა ყველაზე მეტად ეს ბავშვებს უჭირთ. რა შეიძლება მოჰყვეს ბავშვების დიდი ხნით სახლში ყოფნას და პასიური ცხოვრების რეჟიმს ჯანმრთელობის კუთხით - გვესაუბრება იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ივანე ჩხაიძე:
-დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რჩევები, დაიცავით სოციალური დისტანცია, ხშირად დაიბანეთ ხელები, დარჩით სახლში - ყველასთვის ერთნაირად მოქმედებს. მოწოდება"დარჩით სახლში", რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სწორია, რადგან სახლში დარჩენა მინიმუმამდე დაგვაყვანინებს ინფექციის გადაცემის რისკს. თუმცა, ამის პარალელურად, უნდა გავითვალისწინოთ ის საფრთხეც, რაც 2-3 თვის განმავლობაში ბავშვების სახლში გამოკეტვას ახლავს თან. სკოლის ასაკის ბავშვებს გარკვეული აქტიურობა დღის განმავლობაში მაინც აქვთ, რადგან სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს და გაკვეთილებიც მოსამზადებელი აქვთ, ასე რომ ისინი დღის განმავლობაში მეტ-ნაკლებადდაკავებული არიან. სკოლამდელი ასაკის ბავშვები კი, ბაგა-ბაღების დახურვის შემდეგ სულ სახლში არიან და ეს პერიოდი შედარებით უფრო მეტად სტრესულია. როდესაც საფრთხეებზე ვსაუბრობთ, პირველი ეს არის სწორედ სტრესული გარემო. ბავშვი ტელევიზორიდან თუ ოჯახური გარემოდან მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციას იღებს.ზოგადად, დღევანდელ სიტუაციას ანუ მკაცრ იზოლაციას და კარანტინს მსოფლიოს უდიდესი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი უწოდეს. ადამიანებს, რომლებიც იზოლაციაში ან კარანტინში არიან, შესაძლებელია განუვითარდეთ ფსიქოლოგიური სტრესის და აშლილობის სიმპტომების ფართო სპექტრი, მათ შორის უძილობა, შფოთვა, სიბრაზე, გაღიზიანება, ემოციური გადაღლა, დეპრესია და პოსტ-ტრავმული სტრესის სიმპტომები.ბავშვისთვის პოსტ-ტრავმული სტრესის გამშვებად შემდეგი ფაქტორები ითვლება: რაღაც მოხდა ბავშვთან; რაღაც მოხდა ვიღაცასთან, რომელიც ბავშვთან ახლოს არის; ბავშვი რაღაც უჩვეულოს ხედავს. ეს სამივე კომპონენტი ახლა აქტიურად მოქმედებს და მათი ზეგავლენაც ბავშვებზე რეალურია. თუმცა, ყველაფერი ზემოაღნიშნული ეხება მოზრდილებსაც, ამიტომ მშობლებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს ნეგატიური ზეგავლენა მაქსიმალურად შეამცირონ.
გარდა ამისა, ბავშვის ხანგრძლივ იზოლაციას ბინის პირობებში კიდევ ერთი რისკი ახლავს: მზის სხივების და სუფთა ჰაერის მკვეთრი ნაკლებობა. მზის სხივების ზემოქმედების შედეგად (პერიოდი მარტიდან მაისამდე ამისათვის იდეალური დროა) წარმოიქმნება D ვიტამინი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ძვლების და კუნთების განვითარებისთვის, იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის. მზის სხივები მინის მიღმა არ იძლევა D ვიტამინის წარმოქმნის ეფექტს, ვინაიდან მინა თითქმის მთლიანად ბლოკავს ულტრაიისფერ სხივებს, ამიტომ სახლში ხანგრძლივი ყოფნა ხელს უშლის D ვიტამინის პროდუქციას. უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ, დღის განმავლობაში ერთი-ორჯერ 20-30 წუთის განმავლობაში ბავშვის გაყვანა ეზოში, სკვერსა თუ ბაღში, სოციალური, 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით (ნებისმიერი ადამიანი, რაოდენ ჯანმრთელადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, რისკის მატარებელია, ამიტომაა დისტანციის დაცვა აუცილებელია) საკმარისია როგორც D ვიტამინის წარმოქმნისთვის, ისე გარემოს შეცვლის და ფიზიკური აქტიურობისთვისაც. კორონავირუსი ჰაერში არ დაფრინავს, ის გადაეცემა წვეთოვანი ან კონტაქტური გზით და თუ ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ, რომ ეზოში მაგიდას, სკამს, საქანელას ხელი არ მოჰკიდოს და შემდეგ ცხვირზე, თვალებზე ან პირზე არ მოისვას ხელი, დავიცავთ ელემენტარულ ჰიგიენურ ნორმებს, მაშინ ბავშვების სახლიდან გაყვანის გამო მათი დაინფიცირების რისკიც მინიმალური იქნება. ერთიც უნდა დავამატოთ, სახლიდან გასვლა მშობლებისთვისაც შვება იქნება და ცოტა ხნით მაინც ჩაანაცვლებს მათ ფიზიკურად და ემოციურად მძიმე ყოველდღიურ რუტინას.
კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა: თუ სახლში თუნდაც ერთი მწეველია, ძალიან დიდი რისკია, რომ ბავშვები პასიური, ე.წ. მეორადი მწეველები გახდნენ. გარდა ამისა, როდესაც თამბაქოს მწეველ დედას ან მამას ჰგონია, რომ აივანზე გასვლით და იქ სიგარეტით მოწევით ბავშვებს საფრთხეს არ უქმნიან, ძალიან ცდებიან: მათი ტანსაცმელია საფრთხის შემცველი. იქ ილექება ნიკოტინი და თამბაქოს კვამლში შემავალი სხვა ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის კანცეროგენურიც, ამიტომ თამბაქოს ასეთ ზემოქმედებას ე.წ. მესამედი მწეველობა ჰქვია. ასე, რომ სასუნთქი სისტემის დაზიანების რისკი ასეთი ოჯახების ბავშვებში ძალიან მაღალია.
თამარ იაკობაშვილი