- ამ სახლში 2011 წელს გადმოვედით, მანამდე ჩვენი დიდი ოჯახი, თამარაშვილის ქუჩაზე, პატარა ბინაში ცხოვრობდა. ჩვენთან უმრავლესობა კუროა _ მე, დედა, ჩემი შვილი, ძმისშვილი... ზურა გამონაკლისი გვყავს. მამაც ამ ნიშნით იყო დაბადებული, ამიტომ სახლს ჩვენთვის დიდი დატვირთვა აქვს, მნიშვნელოვანია, რამდენად კომფორტული და მყუდროა. ბინისთვის ფულს დიდი ხნის განმავლობაში ვაგროვებდი. ჯერ მე და ჩემი შვილი გადმოვედით, დედა და მამა თამარაშვილზე დარჩნენ, მაგრამ ძალიან მოვინდომე, რომ მშობლები ჩემთან გადმომეყვანა, მამამ ბევრი იბუზღუნა.
როდესაც საზღვარგარეთ თავად მოგზაურობს, შინ სუვენირებით ბრუნდება. ამ სუვენირებს სახლში ყველა ოთახში შეხვდებით, გამორჩეულად ბევრი კი სამზარეულოში, თაროებზეა განთავსებული.
ნივთების დიდი ნაწილი, რომლებსაც დღეს ბერიკაშვილებთან ვხვდებით, ქალბატონი ლეილას (მანანა ბერიკაშვილის დედა) შეძენილია. უმრავლესობა - "საკომისიო" მაღაზიებში, ნაწილი კი სანქტ-პეტერბურგიდანაა ჩამოტანილი. ბატონ გივის ეს საქმე თურმე დიდად არ იტაცებდა.
მამა ყველას ძალიან უყვარდა, ეს გადაუჭარბებელი ნათქვამია. ერთხელ დაბადების დღეზე, კახეთიდან ბაფთიანი ცხვარი ჩამოიყვანეს და სცენაზე აუყვანეს. იმ ღამეს ცხვარი სახლში წამოიყვანა, ოთახში ჩვენთან ერთად იყო, სულ მამას დასდევდა. მეორე დღეს გააჩუქა, ამის ხორცს მე ვერ შევჭამო.
უახლოესი მეგობარი ჰყავდა _ ნოდარ ბაღაშვილი, მან მოტყუებით "ვოლგა" აჩუქა. კახეთში იყვნენ, ქეიფობდნენ, სუფრის ერთ-ერთ წევრზე უთხრა, ამას მანქანა ჰყავს გამოსაყვანი, რიგში ჩააყენებენ და გეხვეწები, გაჰყევიო. მოკლედ, მამა გაჰყვა და უკან "ვოლგით" რომ დაბრუნდნენ, მერე გაუმხილა, ეს მანქანა შენიაო. მამას ძველი მანქანა ჰყავდა, შეწუხებულა, _ მაშინ ამ მანქანას დაგიტოვებ, ვენახში გასასვლელად მაინც გამოგადგებაო. მეორე დღეს კახეთიდან ახალი მანქანით დაბრუნდა, მეგობარმა კი ძველი მანქანა უკან პროდუქტით დატვირთული გამოაყოლა.
ჩემს მშობლებს თავიდან გაჭირვებული ცხოვრება ჰქონდათ, ყველაფერი საკუთარი შრომით აგროვეს. ეს ყველაფერი ჩემთვის ძვირფასი ამიტომაც არის.
მამას არავისთვის არაფერი ენანებოდა. მამაპაპისეული ვერცხლის ქამარ-ხანჯალი ჰქონდა. გამხდარი როცა ვიყავი, ვერცხლის ქამარი მე მეკეთა ხოლმე. მამამ ის მისთვის ძვირფას ადამიანებს აჩუქა.
შინ გივის პაპის ნაქონი ვერცხლის ჭიქები გვაქვს, ადრე უფრო მეტი გვქონდა, მაგრამ დაბადების დღეებზე რომ მივდიოდი, ვინც ძალიან მიყვარდა, მათთან თითო ცალი მიმქონდა. რამდენიმე კიდევ დამრჩა. წინაპრებისგან გვაქვს შანდლებიც. თეთრი ლანგარი კი დედას შეძენილია, ესეც საკმაოდ ძველია.