ჟურნალისტი ანა კალანდაძე, რომელიც ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო არაერთხელ მოხვედრილა სხვადასხვა კლინიკაში და ურთულესი ოპერაციებიც გადაუტანია, ფეისბუქსტატუსით გამოეხმაურა საზოგადოების ნაწილის გულისწყრომას საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას:
"ვისაც ერთი ღამე არ გაუთევია ემერჯენსში, ინტენსიურ განყოფილებაში თუ "შოკის დარბაზში", მონიტორზე აყვანილს, ათასი "შნურით" გულ-მკერდზე, ჟანგბადის "მილით" და ხშირი გადასხმებისგან დამწვარ-დაბერილი ვენებით; როცა არ იცი, რამდენიმე წუთში რა გელის და გაგითენდება თუ არა მომდევნო დილა საერთოდ;
ვისაც ერთხელ მაინც არ უნახავს ღამე ექიმების უძილობითა და გადაღლილობით ჩაწითლებული თვალები, მათი რამდენიმეწუთიანი თვლემა სკამზე, ზოგჯერ საათში, ან რამდენიმე წუთში ერთხელ "სასწრაფო" დახმარების ბრიგადის ან ახლობლის მიერ კლინიკაში შემოყვანილი პაციენტები, რომლებიც ზოგჯერ შენს თვალწინ კვდებიან - იქვე, გვერდით საწოლზე; არც ექთანისა და სანიტრის შრომას დაკვირვებია და არც იმაზე ფიქრობს, თუ რას განიცდიან კლინიკის მისაღებში შენი ოჯახის წევრები, ალბათ გაცილებით მარტივია პროტესტი კარანტინის გახანგრძლივების გამო.
მესმის, ფსიქოლოგიურად ძალიან გიჭირთ, მეგობრებო, მაგრამ შინ ყოფნა გერჩივნოთ, იმას, რაც საავადმყოფოს კედლებს მიღმა ხდება...
ნუთუ, მეტი სიმტკიცე არ არის თქვენში?! არის, არის და მოიძიეთ, გთხოვთ...
ახლა ზუსტად ამის დროა!.."