მშობელთა დიდი ნაწილი მზად არის 2-3 წლის ბავშვს უკვე პედაგოგი დაუქირავოს რა ასაკიდან უნდა დავაწყებინოთ ბავშვს უცხო ენის შესწავლა - ბევრი მშობელი ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს უშედეგოდ ეძებს. ამ თემაზე ფსიქოლოგთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობაა.
რაც ადრე, მით უკეთესი
მშობელთა დიდი ნაწილი ამ მოსაზრების სასარგებლოდ იხრება და მზად არის, 2-3 წლის ბავშვს უკვე პედაგოგი დაუქირავოს. ადრეული შესწავლის თეორიის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ბავშვი გაუცნობიერებლად გაიმეორებს სიტყვებს და საბოლოოდ, დაიმახსოვრებს მათ. ეს მეთოდი გაამართლებს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ყოველდღიურად და დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება უცხოენოვან გარემოში. საამისოდ კი არა პედაგოგის, არამედ უცხოენოვანი გუვერნიორის დაქირავება მოგიწევთ, ვინც მთელ დღეს ბავშვის გვერდით გაატარებს. შეგიძლიათ, სპეციალიზებულ უცხოენოვან საბავშვო ბაღსაც მიმართოთ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვისთვის ეს ახალი ენის გაცნობა უფრო იქნება, ვიდრე ენის გააზრებული შესწავლა.
იდეალური ასაკი
პედაგოგები და ფსიქოლოგები თანხმდებიან: ყველაზე ოპტიმალური საბავშვო ასაკი, როცა ენის შესწავლის დაწყება ღირს, 5 წელია. ამ დროისთვის ბავშვს სიტყვათა საკმარისი მარაგი აქვს და მშობლიური ენის სტრუქტურასაც აცნობიერებს. ეს ყველაფერი უცხო ენის ათვისების აუცილებელი ფუნდამენტია.
გაკვეთილის ხანგრძლივობა 5 წლის ბავშვებისთვის - 35, ექვსი წლის ბავშვისთვის კი 45 წუთს უნდა შეადგენდეს. მოსწავლეთა რაოდენობა კი ჯგუფში 8-10-ს არ უნდა აღემატებოდეს.
5 წლის ბავშვისთვის სწავლების ყველაზე ოპტიმალური მეთოდი თამაშია, 6 და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის კი - უცხოენოვანი სიმღერები, გამოცანები და სასაუბრო სავარჯიშოები.
როგორ შევარჩიოთ პედაგოგი
არ მოგერიდოთ, მასწავლებელს პირველ რიგში ცოდნის დამადასტურებელი დიპლომი ან სერთიფიკატი მოსთხოვეთ. ბევრი ისეთი მასწავლებელი შეგხვდებათ, რომელმაც ენა თავადაც არ იცის კარგად და ფიქრობს, რომ სკოლამდელი ასაკის მოსწავლეს ცოდნის დაბალი დონეც ეყოფა. ამას ნუ დაიჯერებთ - მეცადინეობას კვალიფიციური პედაგოგი უნდა გაუძღვეს, რომელმაც არა მარტო ენა, სწავლების მეთოდებიც კარგად იცის. გაითვალისწინეთ, პატარებისთვის საინტერესო გაკვეთილის მომზადება უფრო რთულია, ვიდრე მოზრდილებისთვის. რამდენიმე უინტერესო გაკვეთილმა და უსუსურმა მასწავლებელმა შეიძლება ბავშვს რამდენიმე წლით დაუკარგოს უცხო ენისადმი ინტერესი.
რომელი ენის შესწავლით დავიწყოთ?
ამ კითხვაზე კამათი არ დაგჭირდებათ - თანამედროვე სამყაროში ჯერჯერობით ყველაზე დიდი მოთხოვნა ინგლისურზეა. თუმცა, არსებობს თეორია, რომ ენა ბავშვის ხასიათთანაც ახლოს უნდა იყოს. აქტიურ და კომუნიკაბელურ ბავშვებს ფრანგული ან ესპანური ენების შესწავლა უადვილდებათ. ლოგიკური აზროვნებისადმი მიდრეკილი პატარები, რომლებიც კარგად ანგარიშობენ, მეტი წარმატებით ითვისებენ გერმანულ ენას. ხოლო მეოცნებე პატარებს, რომლებსაც ხატვა და წიგნების კითხვა უყვართ, ყველაზე მეტად ინგლისური ენა შეეფერებათ.