რთულია ურთიერთობების ისე აწყობა, რომ ყოველდღიურ ყოფიერებას შეჯახებული სიყვარული ნამსხვრევებად არ იქცეს არც ისე იოლია საკუთარი მეორე ნახევრის პოვნა. კიდევ უფრო რთულია ურთიერთობების ისე აწყობა, რომ ყოველდღიურ ყოფიერებას შეჯახებული სიყვარული ნამსხვრევებად არ იქცეს. ყველაფერი ჩვენს ხელთაა: ჩვენ შეგვიძლია მოვკლათ ან გადავარჩინოთ სიყვარული.
სიყვარულის ფაზები
მტანჯველი მღელვარება ყოველი პაემნის წინ, ვნების ქარიშხალი, სინაზის ზღვა, ჯადოსნური სექსი, 24 საათი ხელჩაკიდებული სიარულის სურვილი. ფიქრობთ, თუ ყველაფერმა ამან ჩაიარა, სიყვარულიც გაქრა? ცდებით! სინამდვილეში თქვენ მხოლოდ პირველი ფაზის - "სიმბიოზის" - დასასრულს მიუახლოვდით.
ურთიერთობებში მომდევნო ეტაპი დისტანცირებაა. ამ დროს წყვილს შორის თითქოს დისტანცია იზრდება, ანუ მამაკაცები ძველ მეგობრებთან ურთიერთობებს აახლებენ, ახსენდებათ "მივიწყებული" ჰობი. ამ დროს მამაკაცს თავისუფლება უნდა მისცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, უფრო დაგშორდეთ, მეტიც, განტვირთვისთვის შეიძლება ალკოჰოლსაც მიეძალოს. სამწუხაროდ, ამ ეტაპის გადალახვას ბევრი წყვილი ვერ ახერხებს. იმავეს აკეთებენ ქალები, ოღონდ სხვა მეთოდებით: იწყებენ პარტნიორთან კამათს ან უარს ამბობენ სექსზე. ამ ფაზის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი გახლავთ ორივეს სწრაფვა დამოუკიდებლობისა და ავტონომიისკენ. როგორც აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე ზოგი წყვეტს ურთიერთობებს.
ერთად ცხოვრება და დაშორება, დამოკიდებულება და დამოუკიდებლობა, სიახლოვე და სიახლოვის შიში, მათ შორის მესამის გაჩენის შესაძლებლობა და ამასთან დაკავშირებული სირცხვილისა და ეჭვიანობის გრძნობა - თითოეული ეს ფაზა ურთიერთობათა ბუნებრივი ციკლის შემადგენელი ნაწილია, თითოეული მათგანი საჭიროა პარტნიორებისთვის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად.
როგორ მოვიქცეთ: კრიზისის დროს ნუ მოგერიდებათ საკუთარი შეხედულებების დაცვა - იკამათეთ და იჩხუბეთ - ეს ნორმალურია! მთავარია, არ გამოიყენოთ არგუმენტი - "რადგან ასე იქცევი, ესე იგი არ გიყვარვარ", და ნუ დაემუქრებით წასვლით, მაშინაც კი, თუ ძალიან ნაწყენი და იმედგაცრუებული ხართ.
დარჩით ქალად
რომანის დასაწყისში წყვილი აღმაფრენას განიცდის, ისინი გრძნობენ, რომ სასურველნი არიან. ერთმანეთთან ურთიერთობის ყოველ ჯერზე მამაკაცი თავის სიძლიერეში, ქალი კი თავის სინაზეში რწმუნდება. ამას ემატება კომპლიმენტები, რომლებსაც ერთმანეთის გარდა, გარშემო მყოფთაგანაც იღებენ. ასე რომ, მათი აღმაფრენა სულაც არ არის გასაკვირი. თუმცა, თანდათან ვნება, ერთმანეთით აღფრთოვანება ნელდება, შესაბამისად, თვითშეფასების უნარიც ქვეითდება. ამ პერიოდში ნუ მოითხოვთ პარტნიორისგან მუდმივად სიყვარულის მტკიცებასა და კომპლიმენტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკუშედეგს მიიღებთ.
როგორ მოვიქცეთ: ნუ "შეინახავთ" საკუთარ სექსუალობასა და მომხიბვლელობას მხოლოდ მისთვის. პირიქით, საზოგადოებაში ყოფნისას გაიპრანჭეთ, იყავით მომხიბვლელი. საქმე ისაა, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს მოეწონებით, მით უფრო მიმზიდველი იქნებით საკუთარი რჩეულისთვის. მცირედი ეჭვიანობაც ურთიერთობებს არ ავნებს, ეს იგივეა, კერძს მარილი დაუმატოთ, მთავარია, არ გადაამლაშოთ!
გამოყავით პრიორიტეტები: ჯერ "მე", შემდეგ "ჩვენ"
თუ თქვენ საკუთარ თავს ერთი მთლიანის ნაწილად აღიქვამთ სახელწოდებით "ჩვენ" და ასეც ლაპარაკობთ: ჩვენ მოვალთ, ჩვენ მოვიფიქრებთ და ა.შ., ესე იგი თქვენ დამოკიდებული ნაწილი ხართ. რაც უფრო მეტს ეჭვიანობთ, რაც უფრო მეტად გრძნობთ, რომ საყვარელი ადამიანის გარეშე სიცოცხლე არ შეგიძლიათ, მით უფრო მეტად მიაჩნია მამაკაცს, რომ ხელ-ფეხშეკრულია და ოცნებობს, როდის დააღწევს თავს ამ "შინაპატიმრობას". ზოგ შემთხვევაში ამას ახერხებს კიდეც - სახლიდან მიდის. და პირიქით, თუ თქვენს პარტნიორს თქვენ გარეშე ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლია, თქვენც იმავეს განიცდით.
როგორ მოვიქცეთ: ის, რომ "მე" დროთა განმავლობაში ხდება - "ჩვენ", ცუდი არ არის, მთავარია, არ დაირღვეს ბალანსი. თუ ამჩნევთ, რომ მუდმივად თქვენ ამბობთ "ჩვენ", დაფიქრდით, გაიხსენეთ, რომ მასთან ნაცნობობამდე თქვენ დამოუკიდებელი ადამიანი იყავით, გყავდათ მეგობრები, გქონდათ საკუთარი ინტერესები. შეეცადეთ, არ დაკარგოთ ეს ურთიერთობები და შესაბამისად, საკუთარი თავი.
შეეგუეთ, რომ ჯერ კიდევ ვერ ისწავლა თქვენი აზრების წაკითხვა
"თუ ვუყვარვარ, ესე იგი უნდა მიხვდეს კიდეც, რა მჭირდება" - ეს წმინდა ქალური მოსაზრებაა ისევე, როგორც აქედან გამომდინარე დასკვნა: "და რადგან ვერ ხვდება, ესე იგი არ ვუყვარვარ". ამგვარმა დამოკიდებულებამ ბევრი წყვილის ურთიერთობა დაანგრია. სექსუალურ უთანხმოებათა უმრავლესობა იმის ბრალია, რომ წყვილს არ შეუძლია (არ იციან) ურთიერთობის ამ მხარეზე ლაპარაკი. პარტნიორების სწორედ უსიტყვო "შეთანხმებით" წლების განმავლობაში ყალიბდება ერთი და იგივე რიტუალი, რომელიც თანდათან დამუშავებული მოძრაობების ნაკრებს ემსგავსება, მექანიკურ სახეს იღებს და, რა თქმა უნდა, მოსაბეზრებელი ხდება.
როგორ მოვიქცეთ: რაოდენ რთულადაც უნდა მოგეჩვენოთ, ილაპარაკეთ მამაკაცთან სექსზე. ოღონდ არაფერი უსაყვედუროთ. თქვენი ამოცანაა, კი არ გააკრიტიკოთ პარტნიორი, არამედ მკაფიოდ და გასაგებად აუხსნათ, თქვენ რა გჭირდებათ.
მოერიდეთ გაკვალული გზით სიარულს
გააანალიზეთ მამაკაცთან კამათის მიზეზები. დაფიქრდით, როგორ სტრატეგიას ირჩევთ მასთან ურთიერთობის გარკვევისას.
როგორც წესი, სკანდალის დროს პარტნიორების ქცევა თითქმის ერთნაირია. ჩვენ გაბუტული ბავშვებივით ვიქცევით, გაუცნობიერებლად ვიყენებთ იმ ხერხებს, რომლებსაც ჩვენი მშობლები მიმართავდნენ. სცენარი ერთია, მხოლოდ შინაარსია სხვადასხვა. საყვარელ ადამიანზე უკეთ არავინ იცის ჩვენი სუსტი წერტილი, ის, თუ რას გამოვყავართ მდგომარეობიდან ყველაზე იოლად. თქვენც კარგად იცნობთ მის სუსტ მხარეს, ამიტომაც მოვლენების განვითარების ამოცნობა ძნელი არ არის. უცებ "ვფეთქდებით", მერე კი საკუთარ თავზეც ვბრაზობთ ამის გამო.
როგორ მოვიქცეთ: რაც უნდა ითქვას, კამათის საბოლოო მიზანი პარტნიორის ყურადღების მიპყრობა, მის სიყვარულში კიდევ ერთხელ დარწმუნება და სიტუაციის გაკონტროლებაა. გამოიყენეთ აღმოსავლური სიბრძნე: საუკეთესო ბრძოლა ისაა, რომელიც ჯერ არ დაწყებულა.
დაივიწყეთ ჩვეული სტრატეგია - თავდასხმა. არ არის საჭირო, მამაკაცს საკუთარი სიმართლე უმტკიცოთ, უბრალოდ მოუსმინეთ, რისი თქმა უნდა, თუნდაც იცოდეთ, რომ მართალი არ არის, და შეეცადეთ მისი განცდების გაგებას.
ნუ დაივიწყებთ გრძნობებს
აღმოსავლური და დასავლური ცხოვრების წესი ძალზე განსხვავდება ერთმანეთისგან. ევროპელები მუდმივად აანალიზებენ, გეგმავენ, ორგანიზებას უწევენ და ა.შ. ამაში ცუდი არაფერია, გარდა ერთისა - რაციონალური მიდგომა უკანა პლანზე სწევს გრძნობებს.
როგორ მოვიქცეთ: დასაწყისისთვის სწორად სუნთქვა მაინც სცადეთ, ცნობილია, რომ ღრმად სუნთქვა აძლიერებს გძრნობებს, ზედაპირული კი - ინტელექტს.
ხშირად გაიხსენეთ, რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ის
მაშინაც კი, თუ ნაცნობ-მეგობრებს იდეალურ წყვილად მიაჩნიხართ, არსებობს დღეები, როცა ძალაუნებურად გაიფიქრებთ: "რაზე ვფიქრობდი, როცა არჩევანი მასზე შევაჩერე?" ამ მომენტში ყველაფერი კარგი, რაც თქვენ შორის იყო, შეუმჩნევლად მეორე პლანზე გადადის.
როგორ მოვიქცეთ: ჩართეთ საკუთარი "დროის მანქანა" - გაიხსენეთ, როგორ გიყვართ ეს ადამიანი და რამ მოგაჯადოვათ თავის დროზე, და შეეცადეთ, ამ განცდით დაბრუნდეთ რეალობაში.