სტატისტიკურად, პირველი ცრუ კრუპი ყველაზე რთულია, რადგან მშობელმა არ იცის, როგორ მოიქცეს ბოლო დროს ხშირად ისმის, რომ ამა თუ იმ ბავშვს ცრუ კრუპი დაემართა მოულოდნელად. ამ დიაგნოზის შემდეგ მშობლებს ეწყებათ გამუდმებული ღელვა, როგორ მიაქციონ პატარას ისე ყურადღება, რომ რაც შეიძლება იშვიათად გაურთულდეს ხველება, არ შეექმნას სუნთქვის პრობლემები და ა.შ. მით უმეტეს, რომ დროული ჩარევის და სათანადო მკურნალობის ჩატარების გარეშე ის საკმაოდ ვერაგი დაავადებაა.
ხირად ერევათ ერთმანეთში ლარინგიტი და ცრუ კრუპი
მთავარი სიმპტომები კრუპის დროს:
გაძნელებული სუნთქვა (კონკრეტულად შესუნთქვა) შეცვლილი ხმა მყეფარე ხველა მაღალი ტემპერატურა თუ ბავშვს ეს სიმპტომები აქვს, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
თუ ბავშვს შეეცვალა ან დაეკარგა ხმა, მაგრამ სუნთქვა თავისუფალია, ეს ლარინგიტია. მაგრამ შეიძლება ლარინგიტი იყოს ცრუ კრუპის დასაწყისი. ამიტომ ნებისმიერი ხმის დაკარგვის დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია, რომელიც სიმპტომატიკით დაადგენს, არის თუ არა კრუპის განვითარების საშიშროება. არავითარ შემთხვევაში თვითმკურნალობა არ შეიძლება. გავრცელებულია აზრი, რომ თუ ბავშვს მივცემთ ვიტამინებს და იმუნოსტიმულატორებს, მას ცრუ კრუპი არ დაემართება, ეს მცდარი შეხედულებაა.
სიტყვა "კრუპი" ნადებს ნიშნავს. ცრუ კრუპი სინდრომს იმიტომ უწოდეს, რომ ნათელი ყოფილიყო განსხვავება მასა და ჭეშმარიტ კრუპს შორის, რომელიც ვითარდება მძიმე ინფექციური დაავადების - ხორხის დიფტერიის დროს. მათი სიმპტომები ერთნაირია, მაგრამ მიზეზია სხვადასხვა. დიფტერიის დროს ამ სიმპტომებს იწვევს ხორხში წარმოქმნილი ფიბრინული ნადები, რომელიც ავიწროებს ხორხის სანათურს. ჰაერს შევიწროებულ ხორხში გავლა უჭირს და იქმნება მოხრჩობის შეგრძნება. თუ სათანადო ზომები არ მივიღეთ, ნადების წარმოქმნა გაგრძელდება და ბავშვი დაიღუპება. ცრუ კრუპის დროს ნადები არ ჩნდება, ხორხის შევიწროების მიზეზი სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების შეშუპებაა, რომელსაც ვირუსი იწვევს. ეს სინდრომი ძირითადად 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. პიკი კი 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის პატარებშია.
განვიხილოთ რატომაა ამ დროს გაძნელებული სუნთქვა.
საყლაპავში გროვდება დიდი რაოდენობით ლორწო (ჰიპერსეკრეცია), ბავშვს უშუპდება საყლაპავი. მას ეშინია, ვერ სუნთქავს და ემართება სპაზმი. მშობელს მართებს სიმშვიდის შენარჩუნება, რათა არ შეაშინოს ბავშვი. არის სტატისტიკა, რომ კრუპი ხშირად ემართებათ მათ, ვისაც საყლაპავში, სადაც ხმის იოგებია, აქვთ შევიწროება ან მეტი ცხიმდაგროვება. ამბობენ, რომ გამხდარ ბავშვებს კრუპი ნაკლებად ემართებათ. პუტკუნა ბავშვებს უფრო მეტად აქვთ ცხიმოვანი ქსოვილი, საყლაპავის სტენოზის განვითარების რისკიც დიდია. თუ პუტკუნას დილით ხმა შეეცვალა, დიდი შესაძლებლობაა იმისა, რომ ღამე კრუპი დაემართოს.
კრუპის განვითარების მექანიზმი: დაწვა ბავშვი დასაძინებლად, შეშუპდა საყლაპავი. დაგროვდა ლორწო. თუ ოთახში მშრალი და თბილი ჰაერია, ლორწო გამოშრება, გადაკეტავს საყლაპავს და ბავშვი გაიღვიძებს გაძნელებული სუნთქვით. ამ დროს აუცილებელია უზრუნველყოთ ოთახში სუფთა და ტენიანი ჰაერი. თუ ბავშვს აქვს ცხვირიდან გამონადენი, ხველა, მაღალი ტამპერატურა, თქვენი მოვალეობაა, საძინებელში იყოს სუფთა ჰაერი.
კრუპის დროს ოთახში ტემპერატურა უნდა იყოს +18 გრადუსი; ტენიანობა-50-70%. ხშირად ხველების დროს მშობელი ბავშვს აძლევს ძლიერ ამოსახველებელ საშუალებებს,რაც დაუშვებელია. ამ დროს იზრდება ლორწოს გამოყოფა, რომელიც შეუძლებელია ამოახველოს ბავშვმა შევიწროვებული საყლაპავიდან. არ შეიძლება ცხელი ორთქლით ინჰალაცია იმიტომ, რომ თუ საყლაპავში არის პატარა გამომშრალი ლორწო, ინჰალაციის დროს იგი გაფუვდება და შეიძლება ბავშვი დაიხრჩოს. ინჰალაცია შეიძლება მხოლოდ ოთახის ტემპერატურის ორთქლზე. იდეალურია მაგალითად ულტრაბგერითი დამატენიანებლიდან გამოსული ორთქლი.
სტატისტიკურად, პირველი კურპი ყველაზე რთულია, რადგან მშობელმა არ იცის, როგორ მოიქცეს. გააღეთ ფანჯრები, უზრუნველყავით ოთახში 50-70% ჰაერის ტენიანობა. არ დაიბნეთ, ბავშვი არ შეაშინოთ, ეცადეთ, არ იტიროს და დაელოდეთ სასწრაფოს.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ