რომელი ავადმყოფობების დროს სჭირდება ბავშვს წოლითი რეჟიმი და როდის - არა მართლაც როგორ უნდა მივხედოთ ბავშვს, რომელიც ავად გახდა? წამლები? ნაყენები? გაათმაგებული ზრუნვა? თურმე, ყველაფერი იწყება რეჟიმით. იგი განიხილება როგორც აკრძალვების და შეზღუდვების სისტემა. სიტყვა "რეჟიმს" ხშირად ვხვდებით ნებისმიერი სტაციონარის დანიშნულების ფურცელში. ეს ძალიან გავრცელებული საექიმო რეკომენდაციაა,ზოგჯერ კი მკურნალობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაც. უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ნიუანსი. მიღებულია, რომ ამა თუ იმ რეჟიმის დარღვევა, იწვევს პრობლემებს. მაგალითად ექიმმა პეტრეს დაუნიშნა წოლითი რეჟიმი. მწვავე ვირუსული დაავადება გართულდა ფილტვების ანთებით. ისმის ტრადიციული შეკითხვა: ვინ არის დამნაშავე? პასუხია- პეტრე, რომელმაც დაარღვია რეჟიმი. ექიმმა თქვა, რომ წოლითი რეჟიმი არ არის აუცილებელი. გაციებას დაერთო ფილტვების ანთება. ვინ არის დამნაშავე?პასუხი- ექიმი, რომელმაც არ მიაწერა დანიშნულების ფურცელზე წოლითი რეჟიმი და საწყალი პეტრე, ბებიის სიტყვებით, მივიდა ფილტვების ანთებამდე.
რიგი დაავადების დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმი, მაგალითად დიფტერიის, რომლის დროსაც მკვეთრმა მოძრაობამ, შეიძლება გამოიწვიოს გულის მუშაობის დარღვევა. სხვა შემთხვევაში აკრძალვები შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ ბავშვი, რომელსაც მწვავე რესპირატორული დაავადება აქვს და თავისუფლად დასეირნობს სახლში, შეიძლება გახდეს დაავადების გამავრცელებელი და დააავადოს ოჯახის სხვა წევრებიც. ამ შემთხვევაში საუბარია არა წოლით რეჟიმზე, არამედ ბავშვის იზოლაციაზე. გათვალისწინებული უნდა იყოს დაავადების სიმძიმეც. ფიზიოლოგიის თვალსაზრისით წოლით რეჟიმს კონკრეტული მინუსებიც გააჩნია. საქმე ეხება მოზრდილ ბავშვს, რომელიც აანალიზებს თავის მდგომარეობას. მას აქვს ფსიქოლოგიური კომპლექსი - "მე ავად ვარ, მე ცოდო ვარ", პესიმიზმი კი გამოჯანმრთელებას ხელს უშლის.
მეორე მინუსი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დიდი ხნით წოლაა, რაც იწვევს ფილტვებში სისხლის ცირკულაციის შენელებას და შემდგომ გართულებებს. გარდა ამისა, ამოხველების პროცესი ვერტიკალურ მდგომარეობაში ბევრად პროდუქტიულია. თუ ბავშვი ცუდადაა და ის თვითონ ირჩევს წოლით რეჟიმს, საჭიროა ძილის დროს თავი ოდნავ წამოუწიოთ დამატებითი ბალიშით, ვაკონტროლოთ, რომ არ იწვეს დიდი ხნით ერთსა და იმავე მხარეს, ხოლო როდესაც ეღვიძება, საწოლში მჯდომარე ან ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში იყოს. თუ დედა ჩათვლის, რომ წოლითი რეჟიმი აუცილებელი არ არის, მაშინ მან უნდა უზრუნველყოს ბავშვის მშვიდი მდგომარეობა. აირჩიოს ისეთი სამაგიდო თამაშები, როლებიც არ გამოიწვევს ბავშვის გაოფლიანებას და გადახურებას. ავადმყოფობის ფაქტი შეიძლება იყოს მიზეზი ახალი წიგნის, მულტფილმის დისკის ან კონსტრუქტორის შეძენის. ბურთი, გორგოლაჭები და სხვა აქტიური თამაშები გამოჯანმრთელების შემდეგ ითამაშეთ. ეს კიდევ ერთი ფსიქოლოგიური მომენტია მკურნალობისა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ იქნება რაღაც ახალი და პოზიტიური. არა ის, რომ "აბა, უკვე გამოჯანმრთელდი, ხვალ სკოლაში წახვალ!" ამის გაგონებაზე დამეთანხმებით, გამოჯანმრთელების ხალისიც დაეკარგება ბავშვს.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ