ამ წესებს თუ დაიცავთ, თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ რა არის ყველაზე მთავარი, რომ პატარა ჯანმრთელად გაიზარდოს და არაფერი დააკლდეს? სპეციალისტებმა ხუთი ძირითადი პრინციპი ჩამოაყალიბეს. ამ წესებს თუ დაიცავთ, თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ.
1. სეირნობა. ისეირნეთ ყოველთვის, ყოველდღე. ზომიერ დროს, კარგ ამინდში (მთავარია, ქარი არ იყოს და ყინვა). ბავშვს ჰაერი ყველაზე მეტად სჭირდება, დაბადებიდანვე. თუ არ არის სეირნობის საშუალება, კარგად გაანიავეთ ოთახები, ყოველთვის სუფთა ჰაერი უნდა გქონდეთ და სისუფთავე მის გარშემო. სეირნობა უფროსისთვისაც სასარგებლოა – დედაც უფრო მხნედ, მხიარულად გრძნობს ამ დროს თავს.
2. კვების რეჟიმი. არ არის საკმარისი ბავშვის მხოლოდ ერთსა და იმავე დროს კვება. აუცილებელია ბალანსირებული კვება: დღეს ხორცი, ხვალ თევზი, ყოველდღე ბოსტნეული და ხილი. დააკვირდით, რომ ყოველთვის გქონდეთ მაგიდაზე ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტები. რამდენიმე დღითაც რომ დაარღვიოთ ბავშვის სწორი კვების რეჟიმი, არ იქნება მართებული. საერთოდაც, ბავშვობიდან თუ მიაჩვევთ ჯანსაღ და ხარისხიან კვებას, ეს მოზრდილ ასაკში მისი ჯანმრთელობის საწინდარი იქნება.
3. ბანაობა. ეს ბავშვის სიჯანსაღისთვის კიდევ ერთი აუცილებელი შემადგენელია. ხშირად აბანავეთ – ტანი ჯობს, ყოველდღე დაბანოთ, თავი – 6-7 დღეში ერთხელ. თუ სითბოა, წყალში დატოვეთ მცირე ხანს, იჭყუმპალაოს. როცა ცოტა წამოზრდილია, მისთვის განსაკუთრებულად სასარგებლოა ცურვა, აუზი. ცნობილია, რომ მოცურავეებს შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვთ.
4. თუ აუცილებელი არ არის, მოარიდეთ ბავშვი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და ამგვარ ტრანსპორტს. დიდ მაღაზიებში, ბაზრებში და ამგვარ ადგილებში, სადაც ბევრი ხალხია, ბევრი ვირუსიც ტრიალებს, მით უმეტეს, თუ იცით, რომ ქალაქში რომელიმე ვირუსია გავრცელებული.
5. დედა ჯანმრთელი და ბედნიერი უნდა იყოს. სწორია, როცა ბავშვზე ზრუნავს, მაგრამ დედამ საკუთარი თავიც არ უნდა დაივიწყოს. ჯანმრთელი, მხნე, მშვიდი და მხიარული დედა ბავშვისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია.