მერი მალონი საკუთარი სიჯიუტის მსხვერპლი გახდა და ცხოვრება იზოლაციაში დაასრულა. ის პირველი "ნულოვანი პაციენტი" იყო მედიცინის ისტორიაში.
ექიმებისა და ზომბი აპოკალიფსის შესახებ ფილმების მოყვარულთათვის "ნულოვანი პაციენტის" ცნება ცნობილია და ის განიმარტება, როგორც ადამიანი, რომლის გამოც საშინელი ეპიდემია იწყება. მერი მალონი ალბათ ყველაზე ცნობილი ნულოვანი პაციენტია ისტორიაში.
ეს ამბავი კი ჩვეულებრივად დაიწყო. მერი მალონი 1869 წლის 23 სექტემბერს, ირლანდიაში დაიბადა. ახლა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა დედამისს ორსულობის დროს ტიფოიდური ცხელება ჰქონოდა, მაგრამ, ამის შესახებ ზუსტი მონაცემები არ ვრცელდება. ფაქტია, რომ მერი აბსოლუტურად ჯანმრთელი დაიბადა. 15 წლის ასაკში ამერიკაში, ნათესავებთან გადავიდა საცხოვრებლად. იქ მას ძალიან გაუმართლა - ერთ-ერთ მდიდარ ოჯახში მზარეულად დაიწყო მუშაობა.
მომდევნო 30 წლის განმავლობაში მისი კულინარიული ნიჭი იხვეწებოდა და ვითარდებოდა. თუმცა, შემდეგ დაიწყო უცნაურობა.
1900 წლიდან 1907 წლამდე მერიმ 7 ოჯახი გამოიცვალა, სადაც მზარეულად მუშაობდა. არც ერთ მათგანს არ ჰქონია რაიმე პრეტენზია, პირიქით, ძალიან მოსწონდათ მის მიერ მომზადებული საჭმელი. პრობლემა ის იყო, რომ ყველა იმ ოჯახში, სადაც მერი მუშაობდა, დაიწყო გარკვეული სახის ავადმყოფობა. ის ქალაქ მამარონეკში გადავიდა სამუშაოდ და იქ ადამიანებს ტიფოიდური ცხელება დაეწყოთ. შემდეგ მანჰეტენში გადასახლდა და ძალიან მალე იმ ოჯახში, სადაც მზარეულად დაიწყო მუშაობა, ტიფოიდური ცხელებით მრეცხავი გარდაიცვალა. მეტიც, იმ ოჯახის რვა წევრიდან შვიდს ეს დაავადება აღენიშნებოდა.
1906 წელს მერი მალონი ნიუ-იორკში მდიდარი ბანკირის ოჯახში გადავიდა სამუშაოდ. 27 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე ამ ოჯახის თერთმეტი წევრიდან ექვსს ტიფოიდური ცხელება აღენიშნებოდა.
1906 წლის 4 აგვისტოს კიდევ ერთ ოჯახში დაიწყო მზარეულად მუშაობა, სადაც ადამიანების ნაწილს იგივე სიმპტომები ახასიათებდა. ის იქიდანაც წამოვიდა. იმ ოჯახში ტიფოიდური ცხელების მკვლევარი ჯორჯ სოპერი მივიდა. ახალ სახლში, სადაც მერიმ მუშაობა დაიწყო, ორი ადამიანი გარდაიცვალა.
სოპერი ვარაუდობდა, რომ ტიფოიდური ცხელება მერის ახასიათებდა, ამიტომ, შესთავაზა, რომ ექიმთან გამოკვლევებზე წასულიყო, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა. ქალი ამბობდა, რომ სრულიად ჯანმრთელი იყო და აღნიშნავდა იმასაც, რომ მანამდე ყოფილა გამოკვლევაზე და უმნიშვნელო სიმპტომიც კი არ აღენიშნებოდა. ვერც ვერავის წარმოედგინა, რომ ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაავადების გადამტანი ყოფილიყო. მალე ამერიკაში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ქალს "ტიფოიდი მერი" უწოდეს.
საშიში მზარეულით ნიუ-იორკის სახელმწიფო დეპარტამენტიც დაინტერესდა. ექიმი სარი ჟოზეფინა ბეიკერი მიაგზავნეს მერისთან სალაპარაკოდ, თუმცა კვლავ უარი განაცხადა გამოკვლევებზე. ქალი ფიქრობდა, რომ მას ირლანდიელებზე გავრცელებული სტერეოტიპების გამო სდევნიდნენ. ექიმს თან პოლიცია ახლდა და მერი განყოფილებაში გადაიყვანეს.
ციხეში ჩატარებული პირველადი ტესტის შედეგად მერის ორგანიზმში ტიფოიდური ცხელების კვალი აღმოჩნდა. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ მერიმ სიმპტომები დამალა, თუმცა ქალი კვლავ ჯიუტად განაგრძობდა იმის მტკიცებას, რომ არაფერი სჭირდა. ტიფოიდური ცხელება ძალიან სერიოზული და სწრაფი დაავადებაა, რის ფონზეც მერი თავს მშვენივრად გრძნობდა და სიმპტომები არ აღენიშნებოდა.
მოგვიანებით მერიმ აღიარა, რომ ჰიგიენას სათანადოდ არ აქცევდა ყურადღებას და ზოგჯერ ხელების დაბანაც ავიწყდებოდა. შემდეგ, სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად, ქალი ერთ-ერთ კუნძულზე წაიყვანეს კარანტინში. 3 წლის განმავლობაში იზოლაციაში იყო.
მას ექიმი სოპერი ესტუმრა და შესთავაზა, რომ მასზე წიგნს დაწერდა და ყველა კუთვნილ ჰონორარს გადასცემდა, რაზეც უარი მიიღო.
კარანტინის დროს ძალიან უცნაური რამ ხდებოდა. ტესტი ხან დადებითს აჩვენებდა, ხან უარყოფითს. ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ გაეთავისუფლებინათ, ერთი პირობით - მას აღარასდროს არ უნდა ემუშავა მზარეულად, რაზეც მერიმ 1910 წლის 19 თებერვალს ფიცი დადო.
ყოფილ მზარეულს, გარდა კულინარიისა, სხვა პროფესია არ ჰქონდა და არც შესაბამისი უნარები, რომ რაიმე ეპოვნა. ცოტა ხნით მრეცხავად მუშაობდა, თუმცა ეს უფრო შრომატევადი საქმე იყო, ამიტომ მერი მალონმა სახელი შეიცვალა. გახდა მერი ბრაუნი და კვლავ მზარეული გახდა. როგორც კი ახალი ოჯახის წევრებს სიმპტომები შენიშნა, მაშინვე წავიდა სამსახურიდან. ერთხელ ერთ-ერთ საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა, მზარეულად, სადაც 25 ადამიანი ერთდროულად დაავადდა, მათგან ერთი ინფიცირებული გარდაიცვალა. მერი მაშინვე ამოიცნეს და დააპატიმრეს. იმავე კუნძულზე გადაასახლეს, 1915 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იქ არსებულ საავადმყოფოში დარჩა.
1922 წელს მედდა გახდა, 1925 წელს კი - ლაბორანტი. იმავე კუნძულზე 1938 წელს გარდაიცვალა, არა ტიფოიდური ცხელებით, არამედ პნევმონიით. აღმოჩნდა, რომ ის ისტორიაში პირველი "ნულოვანი პაციენტი" გახდა და მსოფლიო მედიცინას დაუმტკიცა, რომ შესაძლოა ადამიანი ძალიან საშიში დაავადების გადამტანი იყოს, მაგრამ თავად ჯანმრთელი.