ნუ ეცდებით, რომ ბავშვი მაინცდამაინც თქვენ დაგემსგავსოთ და ისწავლეთ ბავშვების სიყვარული - მხოლოდ თქვენის კი არა, სხვისაც. ოჯახში ბავშვის შემატება უდიდესი ბედნიერებაა. ყველა გულდასმით ემზადება მის შესახვედრად და აღსაზრდელად, თუმცა გარკვეული თვალსაზრისით, ბავშვები თვითონაც "ზრდიან" მშობლებს - მატებენ პასუხისმგებლობის, მოთმინების გრძნობას, გულის სითბოს. ყველა მშობელი, რომელიც ცდილობს, მისი შვილი უკეთესი იყოს, თავადაც ხდება უკეთესი.
თუმცა აღზრდის საკითხში მეტისმეტი სიბეჯითეც მავნებელია - ბავშვს სილაღე უფრო სჭირდება, ვიდრე მშობლის გამოგონილი ახალ-ახალი წესები. გთავაზობთ სპეციალისტების მიერ შედგენილ 10 პრინციპს, რომელიც ბავშვის აღზრდაში დახმარებას გაგიწევთ.
1. ნუ ეცდებით, რომ ბავშვი მაინცდამაინც თქვენ დაგემსგავსოთ. მით უმეტეს არ სცადოთ ბავშვის იმ ადამიანად ქცევა, როგორიც თქვენ გინდოდათ ყოფილიყავით. თქვენი შვილი უკვე სხვა პიროვნებაა, ამიტომ დაეხმარეთ დარჩეს ისეთი, როგორიც არის.
2. თქვენს შვილს თქვენი ვალი არა აქვს. მერე რა, რომ სიცოცხლე აჩუქეთ და თავს ევლებოდით, სამაგიეროდ, ის სხვას მისცემს სიცოცხლეს და ზუსტად იგივე გზას გაივლის. ამიტომ აზრი არა აქვს შვილისგან მოითხოვოთ იმ ამაგის გადახდა, რაც მისთვის გასწიეთ.
3. არასოდეს იყაროთ ბავშვზე ჯავრი, თუნდაც პირდაპირ თუ ირიბად, იყოს დამნაშავე ამ პრობლემებში. გახსოვდეთ, რომ ასეთი საქციელი ადრე თუ გვიან უკან დაგიბრუნდებათ.
4. გულგრილად ნუ შეხედავთ მის ბავშვურ პრობლემებს. შეიძლება ძალიან სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველა ასაკს თავისი რთული ამოცანები აქვს გადასაწყვეტი. ბავშვის პრობლემა მისთვის იმაზე ნაკლები სადარდებელი არ არის, ვიდრე თქვენთვის თქვენი პრობლემა. იქნებ უფრო სერიოზულიცაა, რადგან თქვენსავით მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება არ აქვს.
5. არ დაამციროთ ბავშვი. ეს თქვენს ავტორიტეტს მის თვალში გააცამტვერებს.
6. გულს ნუ გაიხეთქავთ იმის გამო, რომ ბევრის გაკეთება არ შეგიძლიათ შვილისთვის და სხვებივით უზრუნველყოფილი არ გყავთ. ოღონდ თუ შეგიძლიათ და არ აკეთებთ, მაშინ სერიოზულად უნდა გადახედოთ ცხოვრებისულ ფასეულობებს.
7. მიუძღვენით ბავშვს ყველაზე ძვირფასი რამ - დრო და ყურადღება.
8. ისწავლეთ ბავშვების სიყვარული - მხოლოდ თქვენის კი არა, სხვისაც. მოექეცით სხვის შვილებსაც ისე, როგორც გინდათ, რომ თქვენს შვილს მოექცნენ სხვები.
9.გახდით უკეთესი და სხვებს მაგალითი მიეცით - მხოლოდ ასე ასწავლით ბავშვს, როგორი საქციელია უკეთესი.
10. გიყვარდეთ შვილი ისეთი, როგორიც არის - უნიჭოც და წარუმატებელიც. უბრალოდ, დატკბით, რომ ის არსებობს. თქვენი შვილი საჩუქარია, რომელიც დროებითაა თქვენს მფლობელობაში.
იხილეთ ასევე: