საქართველოში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, გავრცელების მიხედვით, მესამე ადგილზეა (დაახლოებით 15-17% საერთო ავადობაში), ახალი შემთხვევების სიხშირის მიხედვით კი - მეორე ადგილზე, - ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი, სიკვდილიანობის შემთხვევების 94% არაგადამდებ დაავადებებზე მოდის და საჭმლის მომნელებელი სისტემა პირველ სამეულშია.
ამ დროს კი ჩვენ ხშირად გვჯერა მითების, რომ "ჰერკულესი" კუჭს მოგვირჩენს, რომ შებერილობას "ნახშირი" შველის; ზოგჯერ თავად ვუსვამთ არასწორ დიაგნოზს საკუთარი თავს ინტერნეტსივრცეში მოძიებული ინფორმაციებით. ასე კი შეიძლება, ძვირფასი დრო დავკარგოთ! ჩვენ კვალიფიციური რჩევები გვჭირდება, რომლებიც სწორ გზაზე დაგვაყენებს. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ექიმი-გასტროენტეროლოგი, მედიცინის დოქტორი თენგიზ თელია სწორედ იმაზე გვესაუბრება, რა მოგვეთხოვება საკუთარი ჯანმრთელობისთვის და რატომ არის განსაკუთრებით საყურადღებო საჭმლის მომნელებელი სისტემა.
თუმცა, მინდა გითხრათ, რომ დაავადება ერთია და სიმპტომი მეორე. პაციენტს აწუხებს სიმპტომები და ამიტომ მოდის ექიმთან. როგორც წესი, პაციენტების 80% მოდის სიმპტომის დონეზე, ანუ მას აწუხებს კონკრეტული სიმპტომი და სურს, რომ ეს სიმპტომი არ აწუხებდეს. ამ სიმპტომებს შორის ყველაზე ხშირია მეტეორიზმი (გაზების ჭარბი დაგროვება ნაწლავებში და კუჭში), მომართვიანობით მეორე ადგილზეა მუცლის ტკივილი, ასევე, გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება, ყაბზობა და დიარეული სინდრომი.
ეს არის ის 7 ძირითადი სიმპტომი, რომლითაც პაციენტი აკითხავს ექიმს. თითოეული სიმპტომის უკან შეიძლება იდგეს აბსოლუტურად უწყინარი, კეთილსაიმედო, ხშირად თვითლიმიტირებადი პათოლოგია ან შეიძლება, სიმპტომის უკან სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგია იმალებოდეს. ექიმის პასუხისმგებლობაც სწორედ ის არის, რომ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით - პაციენტის ასაკი, ანამნეზი, გენეტიკა, ჩივილები - დაგეგმოს გარკვეული კვლევები (ინსტრუმენტული და ლაბორატორიული), მხოლოდ შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება - პაციენტის მკურნალობის შესახებ. საქმეს ისიც ართულებს, რომ ხშირად პაციენტი ერთდროულად აღნიშნავს კუჭ-ნაწლავის რამდენიმე სიმპტომის არსებობას (მაგალითად, ყაბზობას, მეტეორიზმს და მუცლის ტკივილს, ან მუცლის ტკივილს, გულძმარვას და მეტეორიზმს). აღნიშნული სიმპტომები შეიძლება ერთი ჯაჭვის (დაავადების) ცალკეული რგოლები იყოს, ან სხვადასხვა დაავადებების გამოვლინებები. აქედან გამომდინარე, როგორც წესი, მკაცრად ვემიჯნები პაციენტებისთვის ემპირიული (სიმპტომზე დაფუძნებული) მკურნალობების პრაქტიკას (მაგალითად, ომეპრაზოლი გულძმარვის დროს, ან ნახშირი მეტეორიზმის დროს). მომხრე ვარ იმისა, რომ პაციენტს განემარტოს ჩასატარებელი კვლევების არსი და აუცილებლობა, შემდგომ კი, დანიშნული მედიკამენტური მკურნალობის ასპექტები.
რაც შეეხება ყლაპვის პრობლემას, მას სამედიცინო ენაზე დისფაგიას ვეძახით. მას შეიძლება ნევროზიც განაპირობებდეს და სხვა ორგანული პათოლოგიებიც. ჩამონათვალი ძალზე დიდია: საყლაპავის ლორწოვანის ანთებითი პათოლოგიებით დაწყებული, ანატომიური დარღვევებით დამთავრებული, მათ შორის სიმსივნური წარმონაქმნებიც. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ემოციური ხალხი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებს უფრო დრამატულად აღიქვამს, ვიდრე ნაკლებ ემოციური კონტინგენტი. მაგალითად, გასტროეზოფაგალური რეფლექსი სტატისტიკურად მოსახლეობის 25 პროცენტს აწუხებს, მისი ძირითადი გამოვლინებებია გულძმარვა და ბოყინი, ასევე, არცთუ იშვიათად მისი საყლაპავის გარეშე გამოვლინებები (ხველება, გულის არითმია, ყელის ტკივილი, შუბლისა და სახის წიაღების პრობლემები, კარიესი და ა.შ.), მაგრამ ერთნი ამას დრამატულად აღიქვამენ, სხვები კი გაცილებით იოლად უმკლავდებიან. თუმცა გერდი (გასტროეზოფაგალური რეფლუქსი) მართვადი დაავადებაა. ჩივილების განეიტრალება შესაძლებელია სწორი დიაგნოსტიკური კვლევებით, გარკვეული ცხოვრების წესის შეცვლით და, რა თქმა უნდა, მედიკამენტური მკურნალობით ან, ცალკეულ შემთხვევებში, ქირურგიული ჩარევით.
"ჰერკულესის", ანუ იგივე შვრიის ფაფის, კიდევ ერთი დატვირთვაა ის, რომ ის მცენარეული ბოჭკოებით მდიდარია. აღნიშნული ბოჭკოების მიღება კი ჯანსაღი ცხოვრების წესია. ზოგადად, მცენარეული ბოჭკოების რაციონალური გამოყენება ძალზე მნიშვნელოვანი თემაა და ის არანაირად არ უკავშირდება "ჰერკულესის"მიღების აუცილებლობის მამაპაპეულ წესს. ის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი საუზმედ აუცილებლად შვრიის ფაფას ითვალისწინებს - აბსურდია. მის ნაცვლად დილით შეგიძლიათ ნებისმიერი საკვები მიიღოთ - თუნდაც ორცხობილა, თუ, რა თქმა უნდა, შაქრიანი დიაბეტი არ აწუხებს ადამიანს. ანუ დიეტების თემა გასტროენტეროლოგიაში აბსოლუტურ გადახედვას საჭიროებს.
გასტროენტეროლოგიურად საყურადღებო ასაკია 50 წელი. 50 წლის შემდეგ ენდოსკოპიური კვლევები 5 წელიწადში ერთხელ უნდა გაიკეთოს ყველამ. ისე როგორც, მაგალითად, ქალებშია აუცილებელი ძუძუს და საშვილოსნოს სკრინინგი. რა თქმა უნდა, აქ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ კლინიკური სიმპტომები, თორემ კლინიკური სიმპტომების არსებობის პირობებში, გასტროენტეროლოგს შეუძლია, აღნიშნული კვლევები გაცილებით ადრეულ ასაკშიც გამოიყენოს.
მინდა აღვნიშნო, რომ, რაც კი გასტროენტეროლოგიურ ტრაქტს ეხება, როგორც მკურნალობის, ისე პრევენციის თვალსაზრისითაც, თოდუას კლინიკაში ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი - უმაღლესი დონის ენდოსკოპიური და რადიოლოგიური კვლევები, ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრი და რაც, ასევე, ძალიან კომფორტულია პაციენტისთვის, აქვე არიან მომიჯნავე
სპეციალისტები, მაღალი კვალიფიკაციის ექიმები, რომელთა ჩართვა შესაძლოა, საჭირო გახდეს მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე.
იცით, ამერიკელებს ერთი საინტერესო კვლევა აქვთ ჩატარებული, რომლის მიზანი იყო იმის გამოვლენა, რის ხარჯზე მიიღწევა პაციენტის კმაყოფილება, ანუ როდის ხდება პაციენტი კარგად. აღმოჩნდა, რომ პაციენტის კმაყოფილებას მხოლოდ 30%-ით განაპირობებს მედიკამენტოზური მკურნალობა, 70% კი მიიღწევა იმის ხარჯზე, რომ პაციენტი იგებს, რა სჭირს, რა არის მისი დისკომფორტის მიზეზი და სწავლობს დაავადების მართვას. ასე რომ, პაციენტის სწორ გზაზე დაყენება ექიმის ერთ-ერთი მთავარი მისიაა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კუჭ- ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დიდი ნაწილი, თავისი ბუნებით, ქრონიკულია და პაციენტს მუდმივად თუ არა, პერიოდულად მაინც უხდება სიმპტომების მართვა, აქედან გამომდინარე, ექიმის მიერ პაციენტის სწორ გზაზე დაყენება და მისთვის დაავადების მართვის სწავლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.