ვატიკანში მსჯელობენ იმაზე, რომ 15 წლის კარლო კუტისი წმინდანად შერაცხონ და "ინტერნეტის წმინდა მფარველად" აღიარონ.
კარლო კუტისი ლონდონში დაიბადა, იტალიურ მორწმუნე ოჯახში. დადიოდა ეკლესიაში, ესწრებოდა წირვებს, ეხმარებოდა უსახლკარო ადამიანებს და სკოლაშიც ყველას მოსარჩლე და მშვლელელი იყო, ვისაც ჩაგრავდნენ.
გარდა ამისა, იყო ძალიან მხიარული, ფეხბურთი უყვარდა და ვიდეოთამაშები. განსაკუთრებით უყვარდა ინტერნეტი, ისე, როგორც ყველა მის თანატოლს. თუმცა მან იქაც თავისი ინტერესები განახორციელა და შექმნა საიტი, რომელიც ქრისტიანულ სასწაულებს ეხებოდა.
გარდატეხის ასაკში მოულოდნელად ლეიკემია აღმოაჩნდა, თუმცა კარლო ბოლომდე მხნედ იყო და სულით არ დაცემულა.
როცა ექიმმა ჰკითხა ერთხელ, თუ როგორ გრძნობდა თავს, უპასუხა: "ამქვეყნად არიან ადამიანები, რომლებიც ჩემზე ბევრად მეტად იტანჯებიან".
2006 წელს კარლო გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წელში ბრაზილიელი ბიჭი, რომელიც მძიმედ იყო ავად, მოულოდნელად გამოჯანმრთელდა. ამ სასწაულს კარლოს მიაწერენ. როგორც გამოჯანმრთელებულმა ბიჭმა თქვა, ის ერთ-ერთ ეკლესიაში შემონახულ კარლოს ნივთებს შეეხო, ილოცა და სულ მალე იგრძნო თავი კარგად.
ამ ფაქტის შემდეგ, 2018 წელს, პაპმა ფრანცისკმა კარლო "მაღალღირსეულად" შერაცხა, რაც მესამე ეტაპია წმინდანად ქცევის გზაზე. ოქტომბერში ბეატიფიკაცია უნდა მოხდეს - ნეტართა რიგში მისი აყვანა. თუ წარმატებული ბეატიფიკაციის შემდეგ კარლოს კანონიზაცია მოხდება, ის უკვე წმინდანთა შორის იქნება. და მისი გატაცებების გამო, კარლოს ალბათ "ინტერნეტის წმინდა მფარველად" აღიარებენ.