პედიატრები რამდენიმე რეკომენდაციას აძლევენ მშობლებს მოსწავლის კვებასთან დაკავშირებით სწავლის დაწყებასთან ერთად აქტუალურია საკითხი, თუ როგორ უნდა იკვებებოდეს სკოლის მოსწავლე. პედიატრები რამდენიმე რეკომენდაციას აძლევენ მშობლებს მოსწავლის კვებასთან დაკავშირებით:
პირველ რიგში რაც არ უნდა ადრე გადიოდეს სახლიდან, ბავშვმა სასურველია, შინ საუზმობა მოასწროს, რადგან საუზმე ძალიან მნიშვნელოვანია. ისაუზმოს ჯანსაღად - ფაფეულით, კარაქიანი, ყველიანი პურით, და არა ძეხვეულით, სოსისებით თუ ტკბილეულით. (საუზმის შესახებ ასევე იხილეთ სტატია)
თუ შინ მოსვლამდე შივდება ან სადილობამდე ვერ ასწრებს მოსვლას, ჯობს გაატანოთ საკვები. არ არის სასურველი, ბავშვმა ქუჩაში ან თუნდაც სკოლის ახლოს საცხობში ნაყიდი საკვები მიირთვას. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შეამოწმებთ პროდუქტის ხარისხსა და ვადას, არამედ იმიტომ, რომ თუ ფული უდევს ჯიბეში, ურჩევნია, ტკბილეული ან კონსერვანტებით გაჯერებული ათასგვარი ჩიფსი თუ "სუხარები" იყიდოს, ცომეული, ასევე ფასთ-ფუდები, რომელიც ზედმეტად ტვირთავს კუჭქვეშა ჯირკვალს და ამაღლებს გაცხიმოვნების რისკს.
შინიდან გატანებული საკვები უნდა იყოს მოთავსებული სპეციალურ კონტეინერში - სალათები, შინ მომზადებულო კატლეტები, ყველიანი პური, ქათმის ხორცის ბუტერბროდი, ხილი – ვაშლი, ბანანი.
მიაჩვიეთ ასევე ბავშვები, რომ აუცილებლად დაიბანონ ხელები ჭამის წინ, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციების გავრცელების რისკი.
თუ სკოლის ბუფეტში იკვებება, მშობელი უნდა დაინტერესდეს, რამდენად დაცულია იქ ჰიგიენისა და ხარისხის ნორმები.
ასევე ბავშვის მენიუ, სახლსა და სკოლაში უნდა შედგებოდეს ასაკობრივად საჭირო კალორაჟის გათვალისწინებით. ჯანსაღი, ბალანსირებული საკვები, აუცილებლად უნდა შეიცავდეს ხარისხიან, კარგ ხორცსა და თევზს, ხილისა და ბოსტნეულის პორციას, პურს, მარცვლეულსა და კარტოფილს.
ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დასალევი წყალი, შეიზღუდოს მარილის რაოდენობა.
საღამოს კი ჯობს, დაძინებამდე ორი საათით ადრე მაინც ივახშმოს (ოღონდ არ უნდა დაიძინოს 11-12 საათზე. ჯობს სკოლის მოსწავლე 10 საათისთვის მაინც იძინებდეს).