ბავშვები ხვდებიან, რომ დიდები უძლურნი ვართ მათი აგრესიული ქცევის წინაშე ან აგრესიითვე ვპასუხობთ მას მერე, რაც მანდატურების სამსახური ჩამოყალიბდა და გამოჩნდა ჩვენს სკოლებში, კარგა ხანს სადამსჯელო ორგანოდაც კი აღიქმებოდა და შიშის ზარს სცემდა განსაკუთრებით - მასწავლებლებს. რას აღარ ჰყვებოდნენ მანდატურებზე და ერთი პერიოდი, მათით აშინებდნენ კიდეც პედაგოგებს. ბოლო პერიოდში ამ სამსახურმა ის სახე მიიღო, რაც უნდა ჰქონოდა თავიდანვე, მანდატურები სკოლის ცხოვრების უცილობელ ნაწილად და უსაფრთხოების ერთგვარ გარანტებადაც კი იქცნენ, ნდობა და პატივისცემა დაიმსახურეს. ახლა უკვე ბევრი ამბობს, რომ რეფორმამ, რომელიც თავის მართებულ კალაპოტში ჩადგა, გაამართლა კიდეც.
აქამდე არ გვსმენია, რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე თავად ამ უწყების წარმომადგენლები - მანდატურები. რა წარმოდგენა აქვთ საკუთარ უფლება-მოვალეობებზე, სკოლაზე, მოზარდებზე, მათ შესახებ გავრცელებულ მოსაზრებებზე. გაგვიმართლა და შეგვხვდა ისეთი რესპონდენტი, რომელიც არაჩვეულებრივად ერუდირებული, კარგი მოსაუბრე, კომპეტენტური და საკმაოდ გამოცდილიც აღმოჩნდა. სანამ მანდატური გახდებოდა, ეკა ბარბაქაძემ უმაღლესი ფილოლოგიური განათლება მიიღო, კარგა ხანს ქართულს ასწავლიდა ბავშვებს და შემდეგ მოულოდნელად მანდატური გახდა. მისი წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ეკას მოსაზრებები ალბათ კიდევ უფრო საინტერესო და გასათვალისწინებელი იქნება განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანებისთვის, მშობლებისთვის და
მინდა გვიამბო, რას აკეთებდი, სანამ მანდატური გახდებოდი?
- დავიბადე პროვინციაში, სკოლაც იქ დავამთავრე და სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დასრულებისთანავე, სათანადო რეკომენდაციით, თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად გავმწესდი. შვიდწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის შემდეგ მივხვდი, ან იქნებ ეს არასათანადო ფინანსური და მორალური მხარდაჭერის შედეგად (ვერც რეპეტიტორობაში ვპოვე თავი...) გადავწყვიტე, რომ ჩემი რესურსები ამოიწურა და სკოლაში ჩემი დარჩენა, რბილად რომ ვთქვა, უინტერესო იყო. ასე დავკარგე პროფესიული და იქნებ, სოციალური იდენტობაც და კორპორაციულ ბიზნესში ჩავები. სწორედ ამ ხანმოკლე და იმედგამაცრუებელი მცდელობის შემდეგ აღმოვჩნდი შსს აკადემიის კედლებში.
- რატომ მაინცდამაინც მანდატურობა?
- ეს არ იყო მხოლოდ უკეთესი სამუშაო თუ სოციალური პირობების გაუმჯობესებით ნაკარნახევი ნაბიჯი. ამ გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი ზეგავლენა წინარე პედაგოგიურმა გამოცდილებამ მოახდინა. ნაცნობ რელსებს ვუბრუნდებოდი! თუმცა ეს დაბრუნება სხვა ლოკომოტივისა და სხვა შემადგენლობის რიგებში მიწევდა.
- ერთი პერიოდი სიტყვა მანდატური "ბუასთანაც" კი ასოცირდებოდა და ეს ყველაზე მეტად მასწავლებლების მხრიდან იგრძნობოდა. რატომ იყო ასე? არ მოეწონათ სკოლებს, რომ მათ თქვენი სახით კონტროლი დაუწესდათ? სინამდვილეში, რა ფუნქციები აქვს მანდატურს? იქნებ ავუხსნათ საზოგადოებას, რომელიც ბოლომდე ვერ ერკვევა მის ფუნქციებში...
- ჩვენს საზოგადოებას უყვარს მარგინალიზაცია. ზოგ შემთხვევაში ხომ მანდატურის სკოლაში შესვლა არსებულ "წესრიგს" ცვლიდა. ამ კონტექსტში მანდატურის "ბუად" წარმოდგენა საკვირველი არ უნდა იყოს. ვთვლი, რომ ყველა სკოლასა და ყოველ დირექციას დამხმარე ძალა საკუთარ სკოლაში იქნებ არც სჭირდებოდეს, მაგრამ რეფორმის პირობებში ამ კადრების სკოლებში დამატებამ მოსალოდნელი ეფექტი მოახდინა. ჩემი აზრით, დღევანდელ სკოლას ეს კადრები ფუნქციურად არაფრით აზარალებს. პირიქით, საჭიროც კია იმ იდეის განსახორციელებლად, რასაც დაცული ბავშვი და უსაფრთხო სკოლა ჰქვია. ამ იდეის განხორციელებას კი კვალიფიციური უნარებისა და ფუჭი ამბიციებისაგან თავისუფალი ადამიანები სჭირდება. დღეს ამ სამსახურს ჩამოსცილდა კონტროლის ის მექანიზმები, რომლებიც სწავლების ორგანიზებას, სასკოლო ჟურნალების წარმოებასა და ადმინისტრაციის ზოგიერთ კომპეტენციასაც სწვდებოდა და მთლიანად დაუბრუნდა თავის კალაპოტს, რომელსაც პოლიტიკური ქარაშოტების გამო ასცდა.
საერთოდაც, მინდა აღვნიშნო, რომ მანდატურები საკმაოდ კარგი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებით შეიარაღებული ხალხია, ორგანიზების ნიჭი, პროფესიული ამბიცია და რწმენაც მოჭარბებული აქვთ. ყოველთვის მზად არიან ახლის სასწავლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ენთუზიაზმით ერთვებიან საზოგადოებრივი ცხოვრების დინებებში. ვახსენოთ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა თუ სისხლის ბანკისათვის ტრადიციად ქცეული აქციები. თბილისის გამწვანებაზე ზრუნვა, პარკებისა და დასასვენებელი ადგილების მოსაწესრიგებლად დაწესებული შაბათობები, ბავშვთა სახლების მიმართ გაწეული ქველმოქმედება...
- რა აქვს საინტერესო შენს ახალ საქმიანობას, რა დადებითი და უარყოფითი ემოციები მოაქვს?
- საინტერესო ბევრია რამაა. დადებითი ემოციები, ძირითადად, ბავშვებს, მოსწავლეებს და მათ ცხოვრებას, განვითარებას, მიღწევებსა და ზოგჯერ წარუმატებლობასაც უკავშირდება. ძალიან კარგი ბავშვები გვყავს, საინტერესო და გამორჩეული რესურსებისა და ნიჭის მქონენი, მაგრამ მათ ჩვენი, უფროსების მხრიდან ერთგვაროვანი მიდგომა აკლიათ. ისინი ვერ ან ძალიან ცუდად ფლობენ სოციალურ უნარებს, აკლიათ ცოცხალ სამყაროსთან, ბუნებასთან კონტაქტი და, ზოგადად, ჩვენი საჯარო სკოლების უმეტესობას არ აქვს ორგანიზებული სკოლისგარეშე და აღმზრდელობითი შინაარსის ღონისძიებების სტრატეგია. როცა ბავშვი გრძნობს, რომ მასზე ზრუნავენ, ფიქრობენ, ესაუბრებიან დიალოგის ფორმატში და არ უკითხავენ მორალს (რის სიყალბესა და აბსურდსაც ყველაზე პატარებიც კი ძალიან კარგად გრძნობენ), არ მოუწოდებენ ძალადობრივი თავდაცვისაკენ - "დაჩაგრე, რომ არ დაიჩაგრო" (სამწუხაროდ, ზოგიერთი მშობელი ასე უწყვეტს შვილს სოციალური ინტეგრაციის პრობლემებს), იცნობენ ბავშვის მეგობრებისა და ინტერესების წრეს და ა.შ. ასეთი და ამგვარად აღზრდილი ბავშვები უკეთეს საზოგადოებას ქმნიან.
- შენი თვალთახედვით, რა პრობლემებია დღევანდელ სკოლაში?
- დღევანდელ სკოლაში, ცალსახადაა დაფინანსების პრობლემა. არ ვგულისხმობ მხოლოდ პედკოლექტივისა და პერსონალის ხელფასებს, გასაუმჯობესებელია ინფრასტრუქტურა, დასახვეწი და განსატვირთია საგაკვეთილო ბადეები. განსაკუთრებით, მეცხრე კლასისა და საშუალო საფეხურის საგაკვეთილო ბადეები. ვფიქრობ, ამ ასაკის მოსწავლეთათვის, ასაკობრივი თავისებურებებისა და ინტერესთა სწორი ფორმირებისათვის, სპორტისა და ხელოვნების საგანთა არჩევითობა უმჯობესი იქნება და მოსწავლეებს არ გაუჩნდებათ იძულებით გამოწვეული პროტესტის გრძნობა, ტყუილად გაცდენილი დროისა და მათი ინტერესების იგნორირებისათვის.
- როგორი ურთიერთობა გაქვს მოზარდებთან? ამბობენ, რომ დღეს ძალიან აგრესიული მოზარდები არიან, არ სცემენ პატივს უფროსებს... თუ არის ასე? თუ ასეა, რა არის მიზეზი, ან გამოსავალს რაში ხედავ და როგორ ახერხებ მათთან საერთო ენის გამონახვას? შენეული მეთოდები გაგვიზიარე.
- მოზარდთა მხრიდან აგრესიის გამოვლინების სტატისტიკა და ხარისხი საგანგაშოა. ჩემი გადმოსახედიდან, აქაც უფროსების პასუხისმგებლობის საკითხი დგება. ბავშვები ხვდებიან, რომ ჩვენ - დიდები, ხშირად უძლურნი ვართ მათი აგრესიული ქცევის წინაშე ან აგრესიითვე ვპასუხობთ. მგავსი დამოკიდებულება თანამედროვე აღზრდის მიდგომებში ჩვენი არაკომპეტენტურობის გამოვლინებაა.
ჩემი აზრით, გამოსავალი ამ პრობლემის მიმართ კომპლექსურ და ერთგვაროვან მიდგომაშია. ჩვენ ყველამ - მშობლებმა, მასწავლებლებმა, მანდატურებმა, დირექციამ მეტი მოთმინებითა და კონკრეტული სიტუაციის ანალიზის ერთობლივი და სწორი უნარით უნდა შევძლოთ და ტუქსვის ან არათანაზომიერი დასჯის მეთოდები უნდა უარვყოთ. რადგან ჩვენი "გაჯავრებისას" მოზარდი აკეთებს მცდარ დასკვნას, რომ მას უპირისპირდებიან, მასზე ძალადობენ. მათი ფსიქიკა ხომ ამ პერიოდში ეგოცენტრიზმით ხასიათდება. ერთი სიტყვით, მთავარია, ყოველთვის გვქონდეს რეაქცია, ადეკვატური და ავთენტური რეაქცია.
ნია ნინიაშვილი