ექიმი-ოფთალმოლოგის აუცილებელი რეკომენდაციები მშობლებს ტექნიკური პროგრესი და მჭიდრო კავშირი კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან, XXI საუკუნის ბავშვები დაბადებიდანვე სწავლობენ, როგორ უნდა იურთიერთონ მათთან. როგორ უნდა მოვიქცეთ, რათა თავიდან ავიცილოთ ამ ტენდენციის უცილობელი შედეგი - თვალის დაავადებები? ან რა დროს ჯობს ბავშვის თვალის ექიმთან მიყვანა? ამის შესახებ უფრო ვრცლად ექიმი-ოფთალმოლოგი დეა გიგინეიშვილი გვესაუბრება.
- როგორია სტატისტიკა, გასულ 10 წელთან შედარებით იკლო თუ იმატა თვალის დაავადებებმა ბავშვებში?
- ბოლო 10 წლის განმავლობაში ნამდვილად იმატა ამ პრობლემებმა, რაც დაკავშირებულია ტექნიკურ პროგრესთან, მობილური ტელეფონების, კომპიუტერის ხშირ გამოყენებასთან.
- ძირითადად რა ასაკში ხდება დაავადებების დიაგნოსტიკა?
- არის დაავადებები, რომელთა დიაგნოსტიკაც დაბადებისთანავეა შესაძლებელი. ზოგ შემთხვევაში კი იგი თავს იჩენს უფრო მოგვიანებით, მხედველობის ჩამოყალიბების პერიოდში.
- რომელი დაავადებაა ყველაზე მეტად გავრცელებული ბავშვებში და რა მეთოდებით ხდება მათი მკურნალობა?
- ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად იმატა მხედველობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. ხშირია ახალშობილთა ქრონიკული დაკრიოცისტიტი, საცრემლე გზების თანდაყოლილი გაუვალობა. მშრალი თვალის სინდრომი, აკომოდაციის, ცრუ ახლომხედველობის სპაზმი. ეფექტური მკურნალობის საწყისი, დაავადების დროული გამოვლენაა.
- რა ასაკიდან არის დასაშვები ბავშვის კომპიუტერთან ჯდომა ან ტელევიზორის ყურება?
- ბავშვის მხედველობა 5-6 წლის ასაკამდე ყალიბდება. შესაბამისად მხედველობითი ფუნქცია 5-6 წლის ბავშვისთვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. ამ ასაკამდე ბავშვისთვის თვალისთვის დიდი დატვირთვაა ტელევიზორის საათობით ყურება ან კომპიუტერთან ჯდომა. დაუშვებელია ასევე არასწორი განათება სამეცადინო მაგიდასთან. კომპიუტერსა და ტელევიზორთან ჯდომის დასაშვები ხანგრძლივობა დღეში არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს (კომპიუტერისა და ტელევიზორისთვის ერთად), 15-წუთიანი ხშირი ინტერვალებით. აუცილებელია, რომ ბავშვი შევასვენოთ, რათა არ გადაიტვირთოს თვალის კუნთი.
- ამ თემასთან დაკავშირებით, რა აზრის ხართ ბავშვებში პირველივე კლასიდან კომპიუტერის აქტიურ გამოყენებაზე?
- დღევანდელ ტექნოლოგიურ მიღწევებთან ერთად გარდაუვალია ბავშვის ურთიერთობა კომპიუტერთან, თუმცა ამ დროსაც აუცილებელია თვალის განტვირთვა 15-წუთიანი ინტერვალებით.
- რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა ოფთალმოლოგს? როგორ უნდა მივხვდეთ რომ ბავშვს მხედველობის დარღვევა აქვს?
- საერთოდ, ბავშვი დაბადებისთნავე უნდა შეამოწმოს ოფთალმოლოგმა, შემდეგი ვიზიტი სასურველია 3 წლის შემდეგ, ხოლო მომდევნო - სკოლაში წასვლამდე. თუ მშობელი შეამჩნევს, რომ ბავშვი თვალებს ჭუტავს, უნებლიეთ ახამხამებს, განიცდის მხედველობით დისკომფორტს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ ოფთალმოლოგს.
- ამბობენ, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ დედას მხედველობა უქვეითდება. რამდენად შეესაბამება ეს რეალობას?
- ფიზიოლოგიური მშობიარობა არ იწვევს მხედველობის გაუარესებას იმ შემთხვევაში, თუ ქალს ორსულობამდე არ აქვს მხედველობის პრობლემები როგორებიცაა: ასტიგმატიზმი, ბადურის პათოლოგიები ან მიოპია.
- როგორც ოფთალმოლოგი, კიდევ რას ურჩევდით მშობლებს?
- დააკვირდით თქვენს პატარებს. თუ ბავშვს შეამჩნევთ მხედველობის გაუარესებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ეს უნდა იყოს სიგნალი: "დროულად ოფთალმოლოგთან!" აუცილებელია დროულად მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება და მისი სწორი მკურნალობა. გახსოვდეთ, რომ თქვენს ყურადღებაზეა დამოკიდებული თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა.
ესაუბრა სალომე გორგოშიძე