5 მითი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ - ცნობილი პედიატრი ყველაზე საინტერესო კითხვებს პასუხობს - მშობლები

5 მითი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ - ცნობილი პედიატრი ყველაზე საინტერესო კითხვებს პასუხობს

2014-10-10 14:14:34+04:00

ოჯახმა უნდა იცხოვროს არა ბავშვის ინტერესებით, არამედ ოჯახის ინტერესებით ექიმი კომაროვსკი ცნობილი უკრაინელი პედიატრია. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთსა და უკრაინაში. მას ჩვენი მკითხველიც კარგად იცნობს. გთავაზობთ მშობლების 17 ყველაზე აქტუალურ შეკითხვას და ექიმი კომაროვსკის შეკითხვებს მათზე.

- დაასახელეთ 5 მითი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ.

- ძნელია ამოარჩიო ხუთი, რადგან მათი რიცხვი 10-ჯერ უფრო მეტია. პირველი ორი მითი: ვიტამინები და იმუნოსტიმულატორები გავლენას ახდენს დაავადების სიხშირეზე. არსებობს უფრო საშიში მითებიც, მაგალითად - ბავშვის დაზელვა სპირტით ან არყით მაღალი ტემპერატურის დროს. აუცილებლად უნდა აჭამოთ ბავშვს პირველი, მეორე, მესამე... ზაფხულში აუცილებელია დაისვენოთ ზღვაზე, რომ ნაკლებად იავადმყოფოთ. ეს სულ მითებია, რადგან ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია.

- კომპიუტერი და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები მედიცინის თვალსაზრისით.

- როგორ შეიძლება მის გარეშე! უბრალოდ საჭიროა ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ დოზირებულად. თუ ბავშვი დღეში საათ-ნახევრის განმავლობაში დარბის და დახტის, დაე დაჯდეს წყნარად ცოტა ხანს და უყუროს კომპიუტერს.

- ჯანსაღად მოაზროვნე მშობლის ოქროს წესი...

- მთავარია ოჯახის ჯანმრთელობა და ბედნიერება. ოჯახმა უნდა იცხოვროს არა ბავშვის ინტერესებით, არამედ ოჯახის ინტერესებით. თუ ბავშვი თავს კარგად გრძნობს და მამა ცუდად, - ეს საზიზღრობაა და ამას ბავშვი უნდა გრძნობდეს. მე ვერ წარმომიდგენია, ჩემს ბავშვს აჩუქონ შოკოლადი და მან არ გაყოს ის სამ ნაწილად. დედაც ადამიანია და მასაც უყვარს შოკოლადი. როგორი გაიზრდება ბავშვი, ეს დამოკიდებულია მშობელზე.

- ყურადღების დეფიციტის სინდრომი: მითი თუ რეალობა?

- რა თქმა უნდა, რეალობაა. ტრაგედიაა, როდესაც დედა მიაჯაჭვებს ბავშვს ტელევიზორთან იმიტომ,რომ ის წყნარად იყოს და არ შეაწუხოს... როცა ბავშვი სულ გვერდითა ოთახშია და არა ეზოში... 20 წლის წინ ყველაფერი საინტერესო ხდებოდა ქუჩაში, ახლა კი ყველაფერი საინტერესო სახლშია. აქედან მოდის ჰიპოდინამია, სიმსუქნის ეპიდემია.

- რამდენად მოქმედებს ჯანმრთელობაზე ხელოვნური საკვები?

- რა თქმა უნდა, თანამედროვე ხელოვნურ საკვებში მინიმუმამდეა დაყვანილი რისკები, თუ დედამ იცის, როგორ გამოიყენოს იგი. ამასთან, დამტკიცებულია, რომ თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, მაგალითად, დიაბეტის განვითარების საშიშროება ნაკლებია. დედის რძეს ანალოგი არ აქვს!

- როდის უნდა ვუმკურნალოთ ბავშვს ანტიბიოტიკებით?

- როდესაც საქმე გვაქვს ბაქტერიულ ინფექციასთან. დედამ ვირუსული ინფექციის დროს ბავშვს არ უნდა მისცეს ანტიბიოტიკი. იგი გამოიყენება დანიშნულების შემთხვევაში. მთავარი წესი წამლის მიღების არის: მივიღოთ საჭიროების შემთხვევაში.

- დაბადებიდან 1 წლის განმავლობაში ბავშვები ყოველთვე დაჰყავთ ექიმთან. საჭიროა თუ არა ყოველთვიური ვიზიტი,თუ არ აქვს ჩივილები?

- ჩემი აზრით, თუ ბავშვს ჩივილი არ აქვს, ექიმმა ახალშობილი უნდა შეამოწმოს პირველ, მესამე, მეექვსე და ერთი წლის ასაკში, რადგან მთავარი რისკი პოლიკლინიკაში ვიზიტია. როდესაც მშობელს მიყვანილი ჰყავს ახალშობილი ექიმთან ვიზიტზე, კორიდორში რიგია. მათ შორის არიან ბავშვები, რომელთაც აქვთ ვირუსული გრიპი ან სხვა რომელიმე ინფექციური დაავადება. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი და ეს უნდა დარეგულირდეს.

- რას ფიქრობთ თანამედროვე მოსწავლის დატვირთვაზე?

- საჭიროა განვიხილოთ სკოლის შემდგომი დროის სწორად გამოყენების საკითხი. თუ ბავშვი სკოლის შემდეგ 3 საათი სწავლობს გაკვეთილებს და დანარჩენ დროს ატარებს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან, ამაში არაფერი კარგი არ არის. ჩვენი პრობლემაა ასევე ის, რომ უფასო სასკოლო დაწესებულებებში სპორტული წრეები არ არსებობს. წარმოუდგენელია კანადაში სკოლა, სადაც არ არის საცურაო აუზი. ჩვენ ამაზე მხოლოდ ოცნება შეგვიძლია, მაგრამ ფრენბურთის მოედნის გაკეთება ხომ დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული, გააბით თოკი ორ ბოძს შორის და ითამაშონ ბავშვებმა. აუცილებელია, რომ დღეში საათ-ნახევარი ბავშვმა სპორტულ დატვირთვას დაუთმოს. ასე შეუნარჩუნებთ მას ჯანმრთელობას. ეს ადამიანის ფიზიოლოგიაა. გულმა უნდა იფეთქოს არა მხოლოდ ერთ რიტმში, არამედ მოახდინოს რეაგირება დატვირთვაზე, უზრუნველყოს კუნთებისა და სისხლძარღვების ნორმალური ფუნქციონირება. უნდა მივცეთ ბავშვს მოტივაცია ირბინოს, იხტუნაოს. მაშინ ისინი არ დაიწყებენ სიგარეტის მოწევას მე-8 კლასიდან. საჭიროა გამოუმუშაოთ კულტი, ჯანსაღი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი.

მოამზადა სალომე გორგოშიძემ