მშობლებისთვის საკუთარი შვილების კარგად გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათი ხასიათის თავისებურება კვებითაც გამოვლინდება, რადგან ზოგჯერ ისინი მხოლოდ იმის გამო ამბობენ კონკრეტულ საკვებზე უარს, რომ მშობლის ყურადღება მიიქციონ, ზოგჯერ კი უარით პროდუქტების აუტანლობა გამოიხატება. რატომაა მნიშვნელოვანი შვილების შეცნობის პროცესში ყურადღება მივაქციოთ კვების მოდელს, ამ თემაზე ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს:
- როდესაც ამბობენ "უჭმელი ბავშვი", ხშირად აღვნიშნავ, რომ ამის მიღმა ძალიან ბევრი საიდუმლოა დაშიფრული. დავიწყებ იქიდან, რაც ფსიქოლოგებმა ყველაზე კარგად იციან. დადგენილია, რომ ბავშვის ჭირვეულობა კვებასთან დაკავშირებული, შეიძლება იყოს მცდელობა, მიიქციოს მშობლის ყურადღება. ამისათვის მან შეიძლება სხვადასხვა ხერხი გამოიყენოს და ერთ-ერთი კვება გახლავთ. "ვჭირვეულობ, არ ვჭამ მშობლის გარეშე, მინდა ხელით მაჭამოს ან ვცდილობ, ერთი საკვები დავიწუნო, მეორე არ ვისურვო, მესამე მოვინდომო - ამით ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი დრო ვაფიქრო მშობელი ჩემზე". ამას როგორ აკეთებს ბავშვი, სხვა საკითხია და არაერთხელ გვისაუბრია, როგორ მანიპულირებს ის ზოგჯერ მშობელთან ურთიერთობისას. ეს არის სრულიად ბუნებრივი მდგომარეობა, როდესაც ბავშვი დღის განმავლობაში ან იკვებება, ან - არა. მშობელი ამბობს ხოლმე, რომ ბავშვი უჭმელია. ამ დროს ის შეიძლება ვარაუდობს, მაგალითად, მიირთვა თუ არა ბავშვმა დაბალანსებული თეფშის პრინციპით. თუ ასე არ მიირთვა, მშობელი თვლის, რომ ბავშვი უჭმელია. მეორე მდგომარეობა გახლავთ ასეთი: ცხელი კერძი არ მიურთმევია, არ უსადილია, გამოდის, რომ უჭმელია. ამ დროს შესაძლოა მშობელმა არ მიაქციოს სათანადო ყურადღება და კვებაში არც კი ჩათვალოს ბავშვის ჩვევა, ისუსნაოს. მთელი დღე ბავშვმა შეიძლება წაიხემსოს, ისუსნაოს, რაღაც პროდუქტი მცირე ულუფით მიირთვას და ეს მას გარკვეულწილად დაანაყრებს და საკვებ ნივთიერებებსაც მისცემს. აქ შეიძლება ბევრი კითხვა გვქონდეს. მაგრამ, ბავშვი უჭმელი იმ გაგებით, როგორითაც მშობელს წარმოუდგენია, აღარ არის. არის მესამე მდგომარეობა, რომელიც განსაკუთრებით საყურადღებოა. ეს გახლავთ მდგომარეობა, როდესაც ბავშვი რაღაც ტიპის პროდუქტებზე უარს ამბობს გააზრებულად იმიტომ, რომ მას დისკომფორტი აქვს კონკრეტული პროდუქტების მირთმევის შემდეგ. მან არ იცის მიზეზი, რატომ აქვს დისკომფორტი, მაგრამ, იცის, რომ მისმა ორგანიზმმა უსიამოვნი შეგრძნებებით უთხრა, რომ ეს არ არის მისი პროდუქტი. ბავშვი ცდილობს, ეს ემოცია მშობელთან მიიტანოს იმით, რომ უარი თქვას პროდუქტებზე. მაგალითად, ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ბროკოლი, კომბოსტოს სხვადასხვა სახეობა, ყაბაყი, ბადრიჯანი, რომელიც ადამიანებისათვის სეზონურად ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია, ბავშვისათვის შესაძლოა დისკომფორტის მომტანი იყოს, ნაწლავების მხრივ. შესაძლოა მან ამას სახელი ვერ დაარქვას, მაგრამ მშობელმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება ოჯახისთვის საკვების მომზადებისას. არის ასეთი მდგომარეობები, როდესაც ნაწლავურ პასპორტს არ ვითვალისწინებთ. ჩვენ სულ სამი ტიპის ნაწლავური პასპორტი გვაქვს, მიუხედავად ჩვენი ფერისა და ეთნიკური კუთვნილებისა და ასეთ შემთხვევაში, ვიღაცა ხორციჭამიაა, ვიღაც ბალახიჭამია, ვიღასაც შერეული მოდელი შეუძლია, რომ გადაიტანოს. ბავშვები ამას სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. უხშირესად მათი დამოკიდებულებაა უარი იმ ტიპის პროდუქტებზე, რომელთა გადამუშავებაც უჭირთ.
თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ვიცნობდეთ შვილებს, დააკვირდით მათ, როდესაც თქვენს გვერდით არ არიან და არ აკონტროლებთ მათ კვებას. ერთია, როდესაც ჩვენ შვილებს ჯანსაღ კვებას ვთავაზობთ. აიღეთ თეფში და გააწონასწორეთ ის ხილით, ბოსტნეულით, ცილოვანი კომპონენტით, მაგალითად, თევზით, მარცვლეულით, მგალითად, ხორბლით. ასე გამოიყურება დაბალანსებული თეფში. მაგრამ, შესაძლოა ჩვენი ხათრით მიირთვას ბავშვმა, შესაძლოა ვერ გაუტეხოს ხათრი ბებიას, ბაბუას, მამას, მაგრამ, როდესაც ის ჩვენი მეთვალყურეობიდან გათავისუფლდება, იხელთებს დროს და ირჩევს გაზიან და ენერგეტიკულ სასმელს, ცხიმიან პროდუქტებს. როცა ბავშვს ურჩევნია, მთელი დღე ჩიფსი მიირთვას, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება აკრძალვს შედეგიც იყოს. არის კიდევ ერთი ძალიან სახიფათო მდგომარეობა - მოზარდობის პერიოდი, როდესაც შეიძლება ისე ვერ მოვეფეროთ ჩვენს შვილებს იმიტომ, რომ უკადრისობენ, შესაძლოა ჩვენი შეცნობა შვილებისა იმასაც ნიშნავდეს, რომ არ შევიჭრათ მათ სივრცეში უხეშად. მიაქციეთ ყურადღება ზედმეტად ხშირად ხომ არ გთხოვთ შვილი თავის ტკივილის სხვა ორგანოს ტკივილის გამო ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას. აუცილებლად დარწმუნდით, რომ ბავშვს სტკივა და ბრმად არ მისცეთ წამალი. სამწუხროდ, სტატისტიკა ააჩვენებს, რომ 10-11 წლის ბავშვები ალკოჰოლურ სასმელს ეტანებიან. ასეთი პროცესის წახალისება, განსაკუთრებით ტრადიციული ოჯახების მხრიდან, სადაც ბაბუ, მამა ამას მიესალმება კიდეც, ძალიან სახიფათო გახლავთ, მით უფრო მაშინ, როდესაც ბავშვები ერთად იკრიბებიან და ასეთ წახალისებას მასობრივი მაგალითის ეპიზოდის დატვირთვა აქვს. თავად დარწმუნდით, რომ ჩვენი შუქნიშნის პრინციპით მნიშვნელოვანია ნებადართვა, გაფრთხილება და აკრძალვა იმისათვის, რომ უკეთ შევიცნოთ ჩვენი შვილები.