ქალაქებში შემოსავლის ერთ-ერთი წყარო ბინისა და საცხოვრებელი სახლის გაქირავებაა, რასაც გარკვეული რისკები ახლავს თან. ხშირად გაქირავებული ფართის მესაკუთრეს დამქირავებელი არ უხდის ქირის საფასურს, აუარეს შემთხვევაში, არ ტოვებს საცხოვრებელს, ან სავალალო მდგომარეობაში ტოვებს. კანონის დონეზე როგორ შეიძლება გადაწყდეს აღნიშნული პრობლემა, mshoblebi.ge-ს კითხვებს პასუხობს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის მენეჯერი, იურისტი ჟანა ჩიქოვანი.
- ბინის საცხოვრებლად გაქირავება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ყველა მათგანის დაზღვევა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. სასურველია, გამქირავებელმა მოითხოვოს და მიიღოს მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია დამქირავებლის ფინანსურ შესაძლებლობებზე, რომ საკმარისად დარწმუნდეს მის სტაბილურად გადახდისუნარიანობაში. ქირავნობის ურთიერთობის არსებობის დადასტურების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, ქირავნობის ხელშეკრულება დადებული იყოს წერილობითი ფორმით. მასში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ხელშეკრულების ვადა, ფასი, გადახდის ფორმა და ვადა. გადაუხდელობის შემთხვევებზე - ჯარიმა. სასურველია, მიეთითოს ავეჯის და სხვა ინვენტარის შესახებ, რომელიც შეიძლება დამქირავებელმა შეიტანოს ბინაში. სასურველია, აღიწეროს მოკლედ ბინის მდგომარეობა, რადგან საყოფაცხოვრებო სარემონტო ხარჯების გაწევა დამქირავებლის ვალდებულებაა, ხოლო კაპიტალურის - მესაკუთრის.
- როცა ბინიდან დამქირავებელი გადის და საცხოვრებელს ტოვებს დაზიანებულს, შეუძლია მოითხოვოს თუ არა ბინის მეპატრონემ ზარალის ანაზაღაურება? რა შემთხვევაში შეუძლია და რა შემთხვევაში არა?
- მესაკუთრეს დამქირავებლისგან შეუძლია ნებისმიერი იმ ზიანის ანაზღაურება, რაც დაკავშირებული არ არის ბინის ბუნებრივ ცვეთასთან, რაც გამოწვეულია მისი დანიშნულებისამებრ, საცხოვრებლად გამოყენებით. თუმცა მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ზიანის ანაზღაურების სხვა წესი, რაც კანონში აღნიშნული წესისგან განსხვავდება.
- როცა ბინის მეპატრონეს დროზე ადრე აცლევინებს ბინას დამქირავებელს და თანხა წინასწარ აქვს გადახდილი, აქვს თუ არა დამქირავებელს თანხის უკან დაბრუნების უფლება?
- მესაკუთრეს შეთანხმებულ ვადამდე ბინის გამოთავისუფლების მოთხოვნა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბინა სჭირდება საცხოვრებლად. ამ შემთხვევაში, დიახ, იგი ვალდებულია დამქირავებელს დაუბრუნოს წინასწარ მიღებული ქირის თანხა.
- თუ დამქირავებელი არ იხდის ბინის ქირას, როგორ შეიძლება აიძულოს მეპატრონემ სახლის დატოვება, შეუძლია პოლიციას მიმართოს?
- როცა მესაკუთრეს დამქირავებელი არ უხდის ქირის საფასურს, მას შეუძლია დამქირავებელს მოუშალოს ქირავნობის ხელშეკრულება და მოსთხოვოს ბინის გამოთავისუფლება, თუმცა თუ ამას დამქირავებელი საკუთარი ნებით არ შეასრულებს, მესაკუთრე ვალდებულია მიმართოს სასამართლოს დამქირავებლისგან ბინის გამოთავისუფლების შესახებ მოთხოვნით. ამ შემთხვევაში პოლიციას არ აქვს უფლება/კომპეტენცია, მოაწესრიგოს მესაკუთრესა და დამქირავებელს შორის ურთიერთობა.
რუსკა კილასონია