ალბათ, იშვიათია ადამიანი, რომელიც 4 წლის ასაკში, როცა სკოლაშიც არ დადიოდა, მუშაობა დაეწყო. ქეთა ორბელაძე ამ იშვიათთა შორისაა. გოგონას ჩვენში ყველა იცნობს და უყვართ, რადგანაც 10 წელია, პოპულარული სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟია, სახელად ტასო. ქეთა, შეიძლება ითქვას, რომ გადასაღებ მოედანზე გაიზარდა - უკვე 14 წლისაა. თინეიჯერს, 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის მეცხრეკლასელს, აქვს მიზანი, რის მისაღწევადაც უკვე აქტიურად მუშაობს, თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ყველა ჟურნალისტი მასთან ინტერვიუს მაინც ასე იწყებს - ახსოვს, თუ არა პირველი გადაღება და მაშინდელი ემოციები, - რაზეც ასე პასუხობს:
- სერიალი რომ დაიწყო, 4 წლის ვიყავი, 5-ის ვხდებოდი, - ეს ძალიან პატარა ასაკია იმისთვის, რომ რაიმე კარგად მახსოვდეს... ჩემთვის რთული იყო პროფესიონალ მსახიობებთან მუშაობა, მათი ჯგუფის წევრობა, ამის გამო რაღაც პერიოდის განმავლობაში მიჭირდა კიდეც. კითხვა არ ვიცოდი და ტექსტებს ისე ვიმახსოვრებდი, ამ ყველაფერზე დიდი დრო მჭირდებოდა და ასაკის გამო ბევრი დეტალი, თუ ეპიზოდი არ მახსოვს.
ერთი ორი წელიწადი ჩემს თავს ტელევიზორში ვერ ვუყურებდი, გვერდით ოთახში გავდიოდი, თითქოს მრცხვენოდა და ვიმალებოდი, მაგრამ იმას ვხედავდი, რომ ჩვენს სერიალს ყველა უყურებდა, მოსწონდათ, ამით ვგრძნობდი, რომ რაღაც კარგი ხდებოდა, იმასაც ვგრძნობდი, რომ წინ კიდევ უფრო მეტი კარგი ამბები მელოდა. ეს უკვე ყველაზე სასიამოვნო განცდა იყო ჩემთვის,- იხსენებს ქეთა.
- ახლა როგორ აფასებ შენს ნამუშვარს - კიდევ იმალები?
- არა, მაგრამ არასდროს მომწონს ჩემი ნამუშევარი, თვითკრიტიკული ვარ და საკუთარ თავს სულ ვეუბნები - უკეთესად შეგიძლია და კიდევ კარგად უნდა სცადო... ყოველთვის ასე ვარ.
- შენი პერსონაჟი როგორ მოგწონს?
- ჩემი აზრით, ტასო ის გოგოა, რომელსაც შეუძლია ყველანაირი წინააღმდეგობა, რაც უნდა შეხვდეს, თავისი ხასიათით დაძლიოს, გადააგოროს, მაგალითად, კონფლიქტი მასწავლებელთან, მშობლებთან. ამ ყველაფერს თავისი ხასიათით აგვარებს. აქვს არაერთი უარყოფითი თვისებაც...
- კი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველას არ ჰგავს, გამორჩეულია...
- კი, ყველაფერს სხვანაირად უყურებს, ფიქრობს, აღიქვამს და მოქმედებს. ხანდახან კარგიც არის, რაღაც სირთულეებს წინ ისე აღუდგე, როგორც ტასო, მაგრამ ზოგჯერ ძალიან მაღიზიანებს. უფროს ადამიანებთან ზედმეტი მოსდის. ისე, ვისთვის როგორ, მაგრამ ეს ჩემთვის მიუღებელია.
- როგორც ტასო, შენც თინეიჯერი ხარ. ეს პერიოდი მოზარდებისთვის ცოტა რთულია, თავისებურებებით ხასიათდება... კონფლიქტი მშობლებთან, მასწავლებებთან თუ მოგსვლია, ის რაც ტასოს ახასიათებს ხოლმე...
- ჩვენი ასაკი თინეიჯერობის გამო ცოტათი რთული პერიოდია, ხანდახან უნებლიედ წვრილმანი რაღაცები გვაღიზიანებს, - ხან მარტო გვინდა ყოფნა, ხან - ზედმეტად მხიარულები ვართ, მაგრამ მშობლებთან, მასწავლებლებთან კონფლიქტი, გაუგებრობა არასდროს მქონია. ჩემს ოჯახთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. თუმცა არის პერიოდები, როცა დაუფიქრებლად ვლაპარაკობ, მაგრამ ასეთი ქცევები ჩვენი ასაკისთვის დამახასიათებელია. ამ დროს მშობლებმა შვილებს უნდა გაუგონ...
განაგრძეთ კითხვა