არის თუ არა თქვენი ქმარი ყველაზე უარესი? - როგორ გადაიფიქრა ქალმა გაყრა - მშობლები

არის თუ არა თქვენი ქმარი ყველაზე უარესი? - როგორ გადაიფიქრა ქალმა გაყრა

2014-08-03 18:33:19+04:00

ერთხელ ქალი მივიდა მღვდელთან და უთხრა: - ორი წლის წინ მე და ჩემი ქმარი დაგვაქორწინე. ახლა გაგვყარე ერთხელ ქალი მივიდა მღვდელთან და უთხრა:

- ორი წლის წინ მე და ჩემი ქმარი დაგვაქორწინე. ახლა გაგვყარე. აღარ მინდა მასთან ცხოვრება.

- რატომ გინდა განქორწინება, შვილო? – დაინტერესდა მღვდელი.

ქალმა აუხსნა:

- ყველას ქმარი დროზე ბრუნდება სახლში, ჩემი ქმარი კი გამუდმებით აგვიანებს, ძმაკაცებში დაიარება. ამის გამო შინ სულ სკანდალები გვაქვს.

მღვდელი გაოცდა და ჰკითხა:

- მხოლოდ ეს არის მიზეზი?

- მე არ მინდა ისეთ კაცთან ცხოვრება, რომელსაც ასეთი ნაკლი აქვს, - უპასუხა ქალმა.

- კი გაგყრით, მაგრამ ერთი პირობით. ახლა შინ დაბრუნდი, დიდი გემრიელი პური გამოაცხვე და მომიტანე. მაგრამ როცა პურს გამოაცხობ, შინიდან არაფერი გამოიყენო – მარილიც, წყალიც და ფქვილიც მეზობლებს გამოართვი. და აუცილებლად აუხსენი მათ შენი თხოვნის მიზეზი, - უთხრა მღვდელმა.

ქალი შინ გაემგზავრა და არ გადაუდია, მაშინვე დაიწყო საქმე.

შევიდა მეზობელთან და უთხრა:

- ანა, ჭიქა წყალი მომეცი რა.

- რა არის, წყალი შეგიწყდა?

- წყალი მოდის, მაგრამ მღვდელთან მივედი, ქმარზე დავიჩივლე და ვთხოვე, გაგვყაროს, - აუხსნა ქალმა და მეზობელმაც არ დააყოვნა:

- რას ამბობ, შენ ჩემს ქმარს არ იცნობ! – და თავის ქმარზე დაიჩივლა.

ამის მერე ქალი მეორე მეზობელთან მივიდა, მარილისთვის.

- მარილი დაგიმთავრდა? მარტო ერთი კოვზი გინდა?

- მარილი მაქვს, მაგრამ მღვდელთან დავიჩივლე ჩემს ქმარზე, განქორწინება ვთხოვე, - უთხრა ქალმა, და სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, მეზობელმა ამოიოხრა:

- აბა, შენ ჩემი ქმრის ამბავი რომ იცოდე! - და დაიწყო თავისი ქმრის გაკრიტიკება.

ასე, ვისთანაც არ შევიდა რაიმეს სათხოვნელად, ყველასგან ესმოდა ქმრებზე ჩივილი. ბოლოს დიდი გემრიელი პური გამოაცხო, მიუტანა მღვდელს და გადასცა, თან უთხრა:

- მადლობა, იგემეთ ჩემი ნახელავი. ოღონდ არც იფიქროთ ჩვენი გაყრა.

- რატომ, რა მოხდა, შვილო? – ღიმილით ჰკითხა მღვდელმა.

- ჩემი ქმარი თურმე ყველაზე უკეთესია, - მიუგო ქალმა.