რომელი კომბოსტო უფრო სასარგებლოა - თეთრი, ყვავილოვანი თუ ბროკოლი - მშობლები

რომელი კომბოსტო უფრო სასარგებლოა - თეთრი, ყვავილოვანი თუ ბროკოლი

2014-11-23 17:08:39+04:00

რა სხვაობაა ამ სახეობებს შორის და რომელი უფრო მისაღებია ბავშვისთვის ყველა დიასახლისმა, ვინც ჯანსაღი კერძებით კვებავს ოჯახს, იცის, რომ კომბოსტოიანი კერძები ძალიან სასარგებლოა და რაც უფრო ხშირად მოამზადებს, მით უკეთესი. დღეს ამ პროდუქტის რამდენიმე სახეობა გვხვდება. რა სხვაობაა ამ სახეობებს შორის და რომელი უფრო მისაღებია ბავშვისთვის?

თეთრი კომბოსტო

ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომია. მას უმადაც მივირთმევთ, მოთუშულსაც და დამჟავებულსაც, მაგრამ დედები ჩივიან, რომ კომბოსტო ბავშვებში ხშირად შებერილობას იწვევს. ამიტომაც ბავშვთა კვებაში უპირატესობა ყვავილოვან კომბოსტოს ენიჭება. თუმცა სხვა ბოსტნეულთან ერთად თერმული დამუშავებისას კარგავს შებერილობის გამომწვევ თვისებებს. მეძუძურმა დედამაც ჯობს ყვავილოვანი სახეობა უნდა გამოიყენოს, თანაც მცირე რაოდენობით.

ყვავილოვანი კომბოსტო

ამ კომბოსტოს სიკეთეზე ჯერ კიდევ ავიცენა წერდა შუა საუკენეებში. დღეს ის წლინახევრის ასაკის ბავშვის მენიუშია რეკომენდებული.

თვისებები:

სხვა სახეობებთან შედარებით ადვილი გადასამუშავებელია.

თერმული დამუშავების შემდეგ ვიტამინების უმეტეს ნაწილს ინარჩუნებს.

დიდი რაოდენობით კალიუმსა და კალცს შეიცავს.

ბროკოლი

ეს ჰიპოალერგიული ბოსტნეულია, პედიატრები მას 6 თვის ასაკიდან ძირითად საკვებად გვირჩევენ. ბროკოლი ბევრ ქვეყანაში მოჰყავთ. არჩევისას ერთადერთი რჩევა ის იქნება, რომ როგორმე ქიმიური დამუშავების გარეშე მოყვანილი პროდუქტი შეიძინოთ.

თვისებები

მასში უფრო მეტი A ვიტამინია, ვიდრე სხვა სახეობებში.

დიდი რაოდენობით ცილებს შეიცავს.

მის შემადგენლობაშია ფოლიუმის მჟავა, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულთათვის.

შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინსაც, მაგრამ შენახვიდან რამდენიმე დღეში მისი დონე მცირდება.

ბრიუსელის კომბოსტო

მას პატარებს 1-3 წლის ასაკისთვის ურჩევენ. თუმცა ჯობია, მანამდე ბროკოლი ან ყვავილოვანი კომბოსტო ჰქონდეს გასინჯული. თუ ამ პროდუქტს ორთქლზე მოამზადებთ, უფრო ხარსხასა მწვანე ფერს მიიღებს.

ამ სახეობის კომბოსტოს არჩევისას გაითვალისწინეთ, შეყვითლებული ფოთლები მიუთითებს, რომ პროდუქტი დიდი ხნის დაკრეფილია, ანუ სასარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილი დაკარგული აქვს. ეს სახეობა კარგად იტანს დაბალ ტემპერატურას, ამიტომ თამამად შეიძლება შენახვის მიზნით მისი გაყინვა და შემდგომ გამოყენება.

თვისებები

B ჯგუფის ვიტამინების მდიდარი წყაროა

ხასიათდება მიკროელემენტების - იოდის, ფტორის, თუთიის მარალი შემადგენლობით.

ადვილად ასათვისებელი რკინა კი ორსულებსა და ბავშვებში ანემიის პროფილაქტიკას უწყობს ხელს.

ნუ იჩქარებთ ბავშვისთვის მის უმად მიცემას, რადგან მწარე გემო დაჰკრავს. უფროსებს შეუძლიათ წვრილად დაჭრილ კომბოსტოს ცოტა ლიმონი მოაწურონ. მისი წვენი პროდუქტს სიმწარეს დაუკარგავს.

ასევე იხილეთ: ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე პატარებისთვის

ბოსტნეულის მობრაწულა

ღუმელში გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი