ქართული ხალხური ზღაპარი იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ზარმაცი, უქნარა და მუქთამჭამელი კაცი. მთელი დღეები ბუხართან იჯდა, ხელში ჯოხი ეჭირა და ნაცარს ქექავდა. სწორედ ამიტომ ხალხმა ნაცარქექია შეარქვა. ნაცარქექიას კარგი მეოჯახე ძმები ჰყავდა.
- კაცო, სულ რომ ნაცარს უზიხარ, ან ჭამა არ გინდა, ან სმა, – ეუბნებოდნენ ძმები ყოველდღე, – ადექი, გაისარჯე და ოჯახში რამე შემოიტანე, თორემ იცოდე, ჩვენ შენი რჩენის თავი აღარ გვაქვს და სახლიდან გაგაგდებთო.
ნაცარქექია ძმების მუქარას ერთ ყურში რომ შეუშვებდა, მეორიდან გაუშვებდა. მობეზრდათ ძმებს მისი უსაქმურობა და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც გააგდეს სახლიდან. ერთი გუდა ნაცრით გაუტენეს და ზურგზე აჰკიდეს, ხელში ჯოხი მისცეს, საგზლად ერთი ჭყინტი ყველიც გაატანეს და გაისტუმრეს. თან გააფრთხილეს: - ჩვენს სოფელს გაშორდი, აქ აღარ გვეგულებოდე, თორემ ვაი შენი ბრალიო.
- კარგი, ვეცდები, რაც შეიძლება შორს წავიდეო, - უთხრა ნაცარქექიამ ძმებს და გზას გაუდგა.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ უშველებელ მდინარეს მიადგა. შეეშინდა ნაცარქექიას წყალში გასვლის და მდინარის პირას მხართეძოზე წამოწვა, – იქნებ ვინმემ გამოიაროს და გამიყვანოსო. თურმე მდინარეც და ის ადგილებიც ერთი დაუნდობელი დევის სამფლობელო ყოფილა.
საღამოხანს მიადგა დევი გაღმა ნაპირიდან მდინარეს და დაუწყო წყალს ხვრეპა. დაინახა ნაცარქექიამ დევი და ომახიანად გასძახა: - ჰეი, რომელი ხარ, ახლავე აქეთ გამოდი, მხარზე შემისვი და გაღმა გამიყვანე, ფეხის დასველება მეზარებაო!
დევს ძალიან გაუკვირდა, აქ ჩემი შიშით გოლიათებს ვერ გაუვლიათ და ეს პატარა კაცი რა ძალის პატრონია, ამას რომ მიბედავსო. გამოსძახა: - ვინა ხარ, რა სულიერი
ხარ და მაგ თავხედობას როგორ მიბედავო?
ნაცარქექია დიდი მკვეხარა და ბაქიბუქა იყო. ისე ტრაბახობდა, რომ კაცს ყოვლისშემძლე ეგონებოდა. შემოიყარა დოინჯი და დევს დაემუქრა:
- აი, შე ქინქლავ, შენა! რომ არ მებრალებოდე, კი გაჩვენებდი, ვინცა ვარ. იცოდე, თუ ჭკუით არ იქნები, ასეთ თავხედობას მეორედ აღარ გაპატიებ. შე ბრიყვო და ბაბაყურო, არ გაგიგონია ნაცარქექია, ნაცარყლაპია, ან ჯოხით მებრძოლი? მე სწორედ ისა ვარ! არ მინდა ქვეყანა დავაქციო, თორემ ისეთი ღონე მაქვს, დედამიწას რომ ხელი დავავლო, ცაში ავტყორცნი და მტვრად ვაქცევ. თუ გინდა, შევეჯიბროთ და ერთმანეთი ღონეში გამოვცადოთ! შენ შენს ნაპირზე აიღე ქვა, მე აქ ავიღებ, მოვუჭიროთ ორივემ ხელი და ვინც წვენი გაადინოს, გამარჯვებულიც ის იყოსო.
დაჰყაბულდა დევი, აიღო ქვა, მოუჭირა ხელი და სულ დაფშვნა, მაგრამ წვენი ვერ გამოადინა. დაიხარა ნაცარქექია, ვითომ ქვას ვიღებო, ამოიღო ჩოხის კალთაში გამოხვეული ჭყინტი ყველი, მოუჭირა ხელი და წვენი სულ წურწურით გაადინა. გაუკვირდა დევს, ეს ვინ ყოფილაო?!
- აბა, ახლა სირბილში გამოვცადოთ ერთმანეთი, – გასძახა ნაცარქექიამ, – რიყეზე გავიქცეთ, შენ მაგ ნაპირზე, მე კი - აქეთ და ვინც მეტ მტვერსა და ბუღს აადენს, ვაჟკაციც ის იყოს და ქუდიც იმას ეხუროსო!
გაძუნძულდა დევი მეორე ნაპირზე და რიყის ქვებს სულ ხრაშახრუში დააწყებინა, მაგრამ მტვერი ვერა და ვერ აადინა. რიყის ქვებს ან რა მტვერი აუვიდოდა! ნაცარქექიამ კი მოიხსნა ნაცრიანი გუდა, გაირბინ-გამოირბინა ნაპირზე და თან ნაცარი მიმოაბნია. ისეთი მტვერი და ბუღი დადგა, დევმა ვეღარაფერი დაინახა. შეშინდა დევი, ეს მართლაც უძლეველი კაცი ჩანსო, – გაიფიქრა, გაღმა ნაპირზე გავიდა, მორჩილად ეახლა ნაცარქექიას და მხარზე შეისვა.
შუა მდინარეში რომ შევიდნენ, დევმა, როგორც იქნა, გაუბედა და ჰკითხა:
- ბატონო ნაცარქექიავ და ჯოხით მებრძოლო, ასეთი ღონის პატრონი, მეტისმეტად მსუბუქი მეჩვენებიო.
- რაო? მსუბუქიო? ჰა, ჰა, ჰა, – გადაიხარხარა ნაცარქექიამ, – შენ რომ ჩემი სიმძიმის ამბავი იცოდე, მაგ სისულელეს აღარ წამოროშავდი. მსუბუქად რომ არ ვიჯდე და მთელი ძალით დაგაწვე, ჩემი სიმძიმე ქვესკნელში ჩაგიტანდაო!
დევს ეჭვი შეეპარა, ამ ციცქნას ასეთი რა სიმძიმე უნდა ჰქონდესო და ნაცარქექიას მოკრძალებით უთხრა: - აბა, დამაწექი, მინდა შენი სიმძიმე გავიგოო.
ნაცარქექიამ ჩუმად ამოიღო გამხმარი, წვერგათლილი ჯოხი და დევს კისერზე დააჭირა. დევს ეგონა, მთელი ზეცა ზედ დამაწვაო და შეშინებულმა, მართლა ქვესკნელში არ ჩამაძვრინოსო, ხვეწნა დაუწყო: - შენი ჭირიმე, მაპატიე, მეტის ატანა აღარ შემიძლიაო.
მოაშორა ნაცარქექიამ ჯოხი და დევიც ისევ გაიმართა წელში.
- ახლა ხომ დარწმუნდი, რა სიმძიმეც მქონიაო? – ჰკითხა ნაცარქექიამ.
- მართლაც მეტისმეტად მძიმე ყოფილხარო, – უპასუხა დევმა და შინ მიიპატიჟა.
ნაცარქექია ტახტზე დასვა, თვითონ ბუხარი აანთო და ცომი მოზილა. გააკეთა ერთი უშველებელი ცომის გუნდა, გააბრტყელა კეცში, ცეცხლს მიუფიცხა და ნაცარქექიას უთხრა:
- შენ ამ პურზე თვალი გეჭიროს, რომ არ დაიწვას, მე კი ტყეში წავალ და ვახშმისთვის ბარემ ნანადირევსაც მოვიტანო.
დევი წავიდა. პურს ცალი გვერდი რომ დაებრაწა, ნაცარქექიამ იფიქრა, ახლა კი გადაბრუნების დროაო, და დაუწყო საკეცით წვალება. წვალებ-წვალებაში კეცი გადმობრუნდა და ნაცარქექია ქვეშ მოიყოლა. იქნევს ნაცარქექია ფეხებს, ოხრავს, ქშინავს, მაგრამ ამაოდ. დაიღალა და შეშინებულმა ფერიც დაკარგა.
დაბრუნდა დევი და ნაცარქექია ამ ყოფაში რომ დაინახა, გაკვირვებულმა ჰკითხა:
– რა მოგსვლიაო?
- რა უნდა მომსვლოდა, ბრიყვო! – შეუტია ნაცარქექიამ, – მუცელი წამომტკივდა და ცხელი კეცი დავიდე. ახლა უკვე კარგად ვარ, მოდი და ამაცალეო.
დევმა კეცი ააცალა და ნაცარქექიაც წამოდგა. პური გამოცხვა, ნანადირევიც მოხარშეს და ტაბლას შემოუსხდნენ. ვახშმობისას დევმა ცხვირი დააცემინა და სტუმარი ჭერში შეაგდო. გულგახეთქილი ნაცარქექია ჭერის ფიცარს ჩაეჭიდა და ფართხალი დაიწყო.
- მანდ რას აკეთებო? – ჰკითხა დევმა.
- რას ვაკეთებ და აი, ეს წკეპლა უნდა გამოვიღო და გვერდები აგიჭრელო, როგორ გაბედე ჩემთან ცხვირის დაცემინებაო?!
- ღმერთო, ეს ვინ ყოფილაო?! – გაოცდა დევი, - ამოდენა ფიცარი მე ბოძებზე ძლივს ავიტანე და ეს კი წკეპლას ეძახის და გამოძრობას უპირებსო. აქაურობას თუ არ გავეცალე, ერთხელაც იქნება, არ დამინდობს და ცოცხალი ვეღარ გადავურჩებიო.
დაჰკრა დევმა ფეხი და ცხრა მთას იქით გადაიხვეწა. დევის სახლ-კარი და სიმდიდრე მთლიანად ნაცარქექიას დარჩა.
წავიდა, ძმებიც იქ მიიყვანა და უთხრა:
- ძმებო, უსაქმურობისათვის სახლიდან გამაგდეთ, სულ იმას მამადლიდით, ოჯახში არაფერი შემოგაქვსო. აი, ახლა ჩემს წილად ეს სახლ-კარი და ქონება შემომაქვს, ეს ყველაფერი თქვენთვის დამითმია, ოღონდ ლუკმა-პურს ნუ დამაყვედრით და ნურც ნაცრის ქექვას დამიშლითო.
– გადაულოცა ნაცარქექიამ დევის სახლ-კარი და მთელი სიმდიდრე ძმებს. თვითონ კი ჯოხი აიღო, მიუჯდა ბუხარს და ისევ ნაცრის ქექვა დაიწყო...