პანდემიის პირობებში ექიმების კიდევ უფრო გაზრდილი პასუხისმგებლობის, ფიზიკური თუ ფსიქიკური გადაღლისა და სტრესის შესახებ არაერთხელ გვსმენია, თუმცა, ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა, ზემოთ ჩამოთვლილს სრული სიცხადითა და სიმძაფრით ასახავს... თითქოს სიმბოლურად - ფოტოზე არ ჩანან კონკრეტული ადამიანები და თავისუფლად შეიძლება წამიერად აღბეჭდილი ემოციის განზოგადება, თუმცა, ფოტოზე ერთი კონკრეტული ბრიგადის კონკრეტული უფროსი ექიმი და მძღოლი გახლავთ გამოსახული - ლელა ჩუბინიძე და ზურა გაგოევი. ფოტოს ავტორი კი ამავე ბრიგადის უმცროსი ექიმი, კრისტი რიგვავაა. ლელას და კრისტის პანდემიის, ექიმების გადატვირთული რეჟიმის, გაზრდილი მოვალეობებისა და საზოგადოებაში შესამჩნევად გაზრდილი მადლიერი დამოკიდებულების შესახებ ვესაუბრეთ...
ლელა ჩუბინიძე, ბრიგადის უფროსი ექიმი:
- ლელა, ხშირია მოსახლეობის უკმაყოფილება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის დაგვიანების გამო. საინტერესოა, თუ შენელდა აგრესია დაგვიანების შემთხვევაში და რამდენად გრძნობთ თანადგომას, მადლიერებას პაციენტების მხრიდან?
- დაგვიანების ფაქტები, ცხადია, არსებობს, რადგან ეპიდემიის პირობებში ვმუშაობთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რეჟიმი, ფაქტობრივად, ნორმიდან ამოვარდნილია და შესაბამისად, არის დაგვიანებისა და შეფერხების ფაქტებიც, მოსახლეობისგან ახლა უფრო მეტ მადლიერებას ვგრძნობთ, ვიდრე პანდემიამდე. აგრესია და უკმაყოფილება შენელდა, შედიან ჩვენს მდგომარეობაში, ითვალისწინებენ ჩვენს სამუშაო პირობებს და მათგან დადებით ემოციას ვგრძნობთ, რაც ხშირად დაღლილობასაც კი გვიხსნის, გვინეიტრალებს. ექიმები პანდემიასთან თანავცხოვრობთ. ჩვენთვის კოვიდინფექციით თენდება და ღამდება. უკვე აღარ გვგონია, თუ შესაძლებელია რაიმე სხვა საქმეში დამატებით ჩავერთოთ. აღარც გვახსოვს თუ იყო დრო, როცა ვინმეს ვსტუმრობდით, ვერთობოდით, რამე განსხვავებულს ვაკეთებდით... გამოძახების სიმრავლის გამო ხშირად მორიგეობა გადაბმით გვიხდება, რაც კიდევ უფრო ამცირებს ჩვენს რესურსებს...
- როცა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მისი საკაცით გადაადგილებაა საჭირო, ხშირად ესეც ექიმების მოვალოებად იქცევა ხოლმე...
- დიახ, მითუმეტეს ამ პერიოდში, როცა ვირუსის გავრცელების რისკი არსებობს, დახმარებას ვერც ახლობლებს ვთხოვთ და შესაბამისად, ორმაგად ვიტვირთებით...
- დღე, როცა ფოტოა გადაღებული, ზედმეტად გადარტვირთული იყო თუ მასზე თქვენთვის ჩვეული მდგომარეობაა ასახული?
- ამ დღეს დილიდან გადაბმით კოვიდინფიცირებულებთან გვქონდა გამოძახება. ფოტოს გადაღებისას მძიმე პაციენტთან ვიყავით იმის მოლოდინში, თუ სად უნდა გადაგვეყვანა. ამ დღეს უამრავ მძიმე პაციენტთან მოგვიხდა შეხება. არა მხოლოდ ფიზიკურად, ემოციურადაც ძალიან ვიტვირთებით. ბრიგადაში სამნი ვართ. მე და ზურამ ჩავიცვით, პაციენტი უნდა ჩამოგვეყვანა. საერთოდ, ძირითადად, ორნი ვემზადებით ხოლმე, მესამე კი ტექნიკასთან კონტაქტობს. ვცდილობთ, სპეცტანსაცმლით ტექნიკასთან კონტაქტით ინფიცირების დამატებითი რისკი არ შევქმნათ. ქრისტი ტელეფონთან, მენეჯერთან კონტაქტობს და როგორც გაირკვა, ფოტოების გადაღებითაც არის დაკავებული (იცინის). თუ პაციენტი ძალიან მძიმეა, ეკიპირება სამივეს გვიხდება ხოლმე. სპეცტანსაცმელი საკმაოდ რთული სატარებელია, მითუმეტეს, თუ რამდენიმე საათი გვაცვია. მთლიანად შეფუთული, სქელი ნიღბითა (ხან ორიც გვიკეთია) და ფარით...
კრისტი რიგვავა, ბრიგადის უმცროსი ექიმი:
-კრისტი, პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ სასწრაფოს ექიმები მათ სხვადასხვა სახის დახმარებას ადგილზე ან მანქანაში უწევენ. ოფიციალურად თუ არის ეს გადაუდებელი დახმარების ნაწილი?
- პირველად დახმარებას ვუწევთ ყველას და ყველგან, ვისაც სადაც და როგორც სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ დაინფიცირების რისკი მაღალია, მძიმე პაციენტებს, ვცდილობთ, ადგილზე, სახლში ან მანქანაში გავუწიოთ პირველადი დახმარება იქნება ეს გადასხმა თუ ჟანგბადის მიწოდება. პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით, ამ პროცედურებს, შესაძლოა, საათებიც დასჭირდეს, მაგრამ ხშირად მდგომარეობა იმდენად მძიმეა, პაციენტის დახმარება კლინიკაში მოთავსებამდე ხდება აუცილებელი. საერთოდ, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოვალეობაა ადგილზე რაც შეიძლება ნაკლებად დაყოვნდეს, მაგრამ პანდემიის რეჟიმი ხშირად სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვს.
- მითია თუ რეალობა, რომ ბავშვის ინფიცირების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ექიმებს უფლება არ აქვთ ბავშვი მშობელთან ერთად გადაიყვანონ?
- განსხვავებით მოზრდილებისგან, როდესაც კოვიდინფიცირებული ბავშვია, ის კლინიკაში გადაგვყავს იმის მიუხედავად, თუ რამდენად რთულად ან მარტივად მიმდინარეობს ინფიცირების პერიოდი. ბავშვი აუცილებლად მშობელთან ერთად გადაგვყავს თუ რაიმე პრობლემა თავად ოჯახში არ არსებობს. თუ ინფიცირებულია ბავშვიც და მშობელიც, მათ ვათავსებთ სპეციალურ კლინიკებში, სადაც ბავშვისა და მშობლის მოთავსება ერთადაა შესაძლებელი. თუ ბავშვის ორივე მშობელი კლინიკაშია, ვცდილობთ, ახლობელი მოვიკითხოთ. ყოფილა შემთხვევა, რომ მარტოც გადაგვიყვანია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი გადაწყვეტილებები თავად პაციენტზე იყოს მორგებული.
შორენა ლაბაძე