თურმე ახალშობილთა მშობლები ძირითადად, ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებენ ბავშვი სულ ახლახან შეგეძინათ? მაშინ დაგაინტერესებთ პედიატრების დასკვნა ახალბედა მშობლების ყველაზე გავრცელებული შეცდომების შესახებ. დიახ, თურმე ახალშობილთა მშობლები ძირითადად, ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებენ.
1. არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია და არც შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება
როგორც პედიატრები აღნიშნავენ, ახალგაზრდა მშობლებმა ხშირად ბავშვის მოვლის ელემენტარული წესებიც არ იციან.
ამიტომაც ურჩევენ მომავალ მშობლებს, შვილის დაბადებამდე გადაათვალიერონ არა მარტო ტანსაცმელი, ეტლები და საწოლები, არამედ ბავშვის მოვლის წესებიც. ამაში თუნდაც ჩვენი საიტის გამოყენებაც შეიძლება.
მართალია, გამოცდილებაც ბევრ ცოდნას შეგძენთ და ყველა ბავშვსაც თავისებური მიდგომა სჭირდება, მაგრამ ძირითადი და ელემენტარული წესები მშობლებმა აუცილებლად უნდა აითვისონ.
2. ბავშვის ზედმეტად ჩათბუნება - გადახურება
ახალბედა მშობლებს, რომლებსაც ხშირად ბებიებიც მხარს უბამენ, სულ ბავშვის გაციების შიში აქვთ. ამიტომ შინ თუ გარეთ თბილად ფუთნიან. შედეგად, სხეულის გადახურება იმუნიტეტს ასუსტებს და პატარა ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლა უჭირს.
ზედმეტად თბილად ჩაცმული ბავში ხშირად ოფლიანობს და ამის გამო მალ-მალე ცივდება. ცალკე პრობლემაა ოფლდენისას დაკარგული სითხის ოდენობაც. ბავშვს ტანსაცმელში ხელის შეყოფით ხშირ-ხშირად შეუმოწმეთ ზურგი და მკერდი. ასე უკეთ შეამოწმებთ, სცხელა თუ არა მას (ლოყები, ცხვირი და ფეხები მაინც გრილი რჩება). ეცადეთ, რომ შინ ორ მაისურზე მეტი ზემოდან არ ეცვას, თუნდაც ზამთარში.
3. ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში ერთ პოზაში წევს
დედებს ხშირად ავიწყდებათ ან არ იციან, რომ ჩვილი ბავშვის თავის ქალა ჯერ ძალიან რბილია და თუ სისტემატურად ერთ მხარეს დააწვენთ, შეიძლება ფორმა შეეცვალოს. მხარი ხშირად უცვალეთ, ზოგჯერ მუცელზე და ზურგზე დააწვინეთ.
4. ხშირად არ უწმენდენ ცხვირს
ცხვირის გაწმენდა ძირითადად სპეციალური ასპირატორით ხდება. პატარებსითვის ეს სასიამოვნო პროცედურა არ გახლავთ და მას ტირილი სულ თან ახლავს. ამის გამო მშობლები ზოგჯერ თავს იკავებენ ამ პროცედურისგან, რაც დაუშვებელია. ახალშობილის სასუნთქი გზები ადვილად "იჭედება", არადა სრულფასოვანი სუნთქვის გარეშე ბავშვს ძუძუს ძლიერად წოვა უჭირს.
ცხვირის საწმენდად სპეციალური სითხეებიც არსებობს. ასე რომ, პატარას ტირილი ნუ შეგაშინებთ, ცხვირის სისუფთავე ბევრად მნიშვნელოვანია.
5. ზედმეტი ხმაური
ახალგაზრდა მშობლებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ბავშვს ყველაზე მეტად სიმშვიდე ესაჭიროება. ხმამაღალი მუსიკა, მკვეთრი სინათლე, ბევრი ხალხი, ცხოველები, ბევრი სათამაშო - ეს ყველაფერი ბავშვს აღაგზნებს და ძილს ურღვევს.
თუ ბავშვი ზედმეტად გააქტიურებულია, უმიზეზოდ ტირის, დაძინება უჭირს და მალ-მალე იღვიძებს, დაფიქრდით, ზედმეტი ხმაური ხომ არ არის მის ირგვლივ? ან იქნებ დედა არის მეტისმეტად გაღიზიანებული და დაძაბული? ბავშვი ამასაც მკვეთრად გრძნობს და დედის ხასიათზე "დგება".
ოთახი, სადაც ბავშვი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს, ბინაში ყველაზე წყნარი უნდა იყოს. სასურველია, მზისგან ზედმეტად განათებული ან პირიქით, ბნელი არ იყოს. ხშირად ნიავდებოდეს, ოღონდ არ იყოს ორპირი, როცა ბავშვი იქ არის.
როცა სძინავს, სიჩუმე დაიცავით. საწოლზე კი ბევრი ფერადი სათამაშოს ჩამოკიდებას მოერიდეთ.