უკრაინელი ექიმი ევგენი კომაროსვსკი კორონავირუსისგან დაცვის მიზნით საზოგადოებისთვის სისტემატურად აქვეყნებს რეკომენდაციებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ სხვადასხვა ქვეყანაში რეგულაციები, რეკომენდაციები და მიდგომები სხვადასხვაა. კომაროვსკიც, ალბათ, საკუთარ მოსაზრებებთან ერთად, პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაში მიღებული რეკომენდაციებსა და გაიდლაინებს ეყრდნობა, თუმცა ვფიქრობთ, იმ ექიმის რჩევები, ვისაც ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან ბევრი მშობელი ენდობა, ჩვენი საიტის მკითხველისთვისაც საინტერესოა.
გთავაზობთ ევგენი კომაროვსკის მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს ვირუსისგან თავის დაცვის საშუალებებზე.
"ახლა ნოემბერია. ამ სეზონზე ადამიანების განწყობა სულაც არ ჰგავს იმ განწყობას, რაც გაზაფხულზე ჰქონდათ. თითქოს ყველა შეეგუა იმ აზრს, რომ რადგან ირგვლივ ყველა ავადაა, თვითონაც აუცილებლად ავად გახდება. აღარავის აინტერესებს ზოგადი სტატისტიკა და გლობალური ციფრები. ყველას კონკრეტულ კითხვებზე სურს პასუხის მიღება, მაგალითად: როგორ გადაიტანოს ვირუსი მარტივად ან საერთოდ, როგორ აიცილოს თავიდან. აინტერესებთ, რა სიახლე გამოჩნდა მედიცინაში, რაც ადამიანებს დაეხმარება. სინამდვილეში სამედიცინო ფრონტზე მართლაც არის 2 სიახლე და ორივე ინფექციის გადადების გზებს ეხება. სწორედ ამაზე მინდა ყურადღება გავამახვილო.
გახსოვთ ალბათ, პანდემიის დასაწყისში არსებობდა მოსაზრება, რომ ვირუსი დღეობით რჩებოდა ზედაპირებზე, ამიტომ სადეზინფექციო ხსნარებით რწყავდნენ და რეცხავდნენ ყველაფერს, მოგვიწოდებდნენ, ხელებით არ შევხებოდით სახეს, თვალებს... ახლა კი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ზედაპირების დამუშავება არ არის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი გზა. ვირუსული ნაწილაკები, მისი ფრაგმენტები შეიძლება ყველგან, ნებისმიერ ზედაპირზე აღმოვაჩინოთ და მათ შორის, დიდი ხნის განმავლობაშიც, მაგრამ მათ დაავადების გამოწვევის ძალიან, ძალიან მცირე შანსი აქვთ. ასე რომ, გავრცელების მთავარ გზად რჩება რესპირატორული, ანუ დავადებული ადამიანისგან ამონასუნთქი და ჰაერ-წვეთოვანი გზა.
მეორე სიახლე გახლავთ ის, რომ ადამიანები მაქსიმალურად გადამდებნი არიან სიმპტომების გამოვლენამდე 48 საათის განმავლობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი გარემოში მაქსიმალური რაოდენობით გამოიყოფა დაავადების გამოვლინებიდან 2 დღით ადრე. ანუ მთავარი გამავრცელებელი პირი გახლავთ არა სიმპტომიანი, არამედ ჯანმრთელი ადამიანი, უფროს სწორად, სანამ ის თავს გრძნობს ჯანმრთელად. როგორც კი დაიწყება ხველა, ტემპერატურა, ვირუსის გამოყოფა კლებულობს, 5-6 დღის შემდეგ კი გადამდებიც აღარ არის.
რაც შეეხება პროფილაქტიკას, დღეს არც ერთი ჯადოსნური საშუალება არ არსებობს, რასაც დალევთ და ვირუსისგან დაცული იქნებით. მხოლოდ თქვენს ჭკუას შეუძლია დაავადებისგან დაგიცვათ. მე
გამოვაქვეყნე სტატია ე.წ. დამაინფიცირებელ დოზაზე. ანუ თქვენი დაინფიცირება ან დაავადების მძიმედ თუ მსუბუქად მიმდინარეობა დამოკიდებულია იმაზე, რა დოზით შეისუნთქავთ ვირუსს, ანუ ვირუსის რამდენი დამაინფიცირებელი დოზა მოხვდება თქვენს სხეულში. რაც უფრო ნაკლები იქნება ეს დოზა, მით უფრო მსუბუქად ან უსიმპტომოდ გადაიტანთ დაავადებას.
ვირუსს, როგორც აღვნიშნე, ავრცელებს ადამიანი პირველ რიგში სუნთქვით, რადგან ხველა და სხვა სიმპტომები მას ჯერ არ აქვს. ვირუსი გარემოში გამოიყოფა და ადვილად განეიტრალდება, თუ ირგვლივ ბევრი სუფთა ჰაერია. ის ერთგვარად, განზავდება ჰაერში და ამ დროს თუ დაავადებულს ჯანმრთელი ადამიანი ჩაუვლის გვერდით, ის შეისუნთქავს მცირე დოზას, რადგან ჰაერში ვირუსი უკვე გაზავებული იქნება და მცირე კონცენტრაციით იარსებებს.
რა შემთხვევაში დაგროვდება ვირუსის დიდი რაოდენობა?
თუ ირგვლივ ვირუსის გამომყოფი ბევრი ხალხია, ჰაერი კი - ცოტა. ანუ ნებისმიერი დახურული სივრცე, სადაც ბევრი ხალხი იყრის თავს და არ ნიავდება. თუნდაც ტრანსპორტი, მაგალითად, მეტრო იდეალური ადგილია ვირუსის გასამრავლებლად. გგონიათ, გამავრცელებელი ის არის, ვინც ვაგონში ახველებს, არადა სინამდვილეში შესაძლოა ვირუსს გამოყოფდეს სრულიად მშვიდად მჯდარი ადამიანი. ხველებით და ცემინებით ადამიანი შესაძლოა ძალიან გადამდები იყოს გრიპის დროს, მაგრამ კორონავირუსის შემთხვევაში საქმე პირიქით არის. ავტობუსში, თუ სარკმელები ღიაა, მასში მგზავრობა გაცილებით უსაფრთხოა.
მოკლედ, რაც უფრო ნაკლები მოცულობით არის სუფთა ჰაერი სათავსოში და სადაც ორპირის ვირუსზე მეტად ეშინიათ, მით მეტია იქ დაინფიცირების შანსი. მნიშვნელობა აქვს, დროის რა მონაკვეთს გაატარებთ ასეთ სივრცეში, ერთი შესვლა-გამოსვლით არაფერი გემუქრებათ, მაგრამ თუ იქ ატარებთ 15-20 წუთს და მეტ დროს, ინფიცირების და მით უმეტეს, დიდი დოზით ინფიცირების შანსი მეტია.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აი, რას უნდა მიაქციოს ყურადღება საზოგადოებამ და მთავრობამ:
ხელისუფლებამ რესურსების დიდი ნაწილი და ძალისხმევა უნდა მოახმაროს ხალხმრავალი სივრცეების ვენტილაციას, განიავებას, დატენიანებას, ტემპერატურისა და ტენიანობის თანაფარდობას. სპეციალისტები ყველა არხით უნდა განმარტავდნენ, როგორ უნდა ნიავდებოდეს ხალხმრავალი სივრცეები. თუ შენობაში ტენიანობა 40%-60% იქნება, ვირუსის ნაწილაკების დალექვის სიჩქარე მაქსიმალური იქნება, ჰაერში ვეღარ გაჩერდება და ვეღარავის დააინფიცირებს. რაც უფრო მშრალია ჰაერი, სიცოცხლისუნარიანი ვირუსი მეტ ხანს ჩერდება ჰაერში და დაინფიცირების რისკს წარმოადგენს.
როცა აცივდა, გათბობა ჩავრთეთ, შენობებში შევიკეტეთ და ინფიცირებულთა ნაკადის კატასტროფულად გაიზარდა. ამიტომ დღეს ყველაზე მეტი რესურსი სავენტილაციო სისტემებში უნდა დაიხარჯოს, ასევე ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლში. თქვენც სწორი დასკვნები გააკეთეთ, სად წახვიდეთ, რომელი სივრცეებია ასეთი განიავებითა და კონტროლით უზრუნველყოფილი. მერწმუნეთ, მკურნალობის საშუალებებზე მეტად აქტუალურია ის ჰაერი, რასაც სუნთქავთ", - ამბობს ევგენი კომაროვსკი.