რა იმალება "ზარმაცი" და "უპასუხისმგებლო" მოსწავლის მიღმა და რატომ უჭირთ ბავშვებს სწავლა ცნობილი ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ერთ-ერთ საჯარო ლექციაზე სწავლების სირთულეებზე საუბრობს. უფრო სწორად, დეტალურად განმარტავს სკოლაში სწავლებისას აღმოცენებული პრობლემების მიზეზებს, რომლებიც არ არის გამოწვეული ინტელექტის დაბალი დონით ან დაქვეითებული გონებრივი შესაძლებლობებით, არამედ ნეირობიოლოგიური თავისებურებებით. ბავშვები, რომლებსაც აქვთ საშუალო და უფრო მაღალი ინტელექტი, არიან ჭკვიანები, ნორმალური განვითარების, მაგრამ სწავლაში წარუმატებლები არიან. საუბარია დასწავლის სპეციფიკურ დარღვევებზე, რომელზედაც თამარ გაგოშიძე ვრცლად საუბრობს.
„დასწავლის სპეციფიკური დარღვევის ცნება დიდი ხნის წინ, 60-იან წლებში დამკვიდრდა, როცა ფსიქოლოგებმა შეამჩნიეს, რომ პრობლემები სწავლაში ზოგჯერ არც გონებრივი ჩამორჩენის, არც ინტელექტუალური დარღვევის, არც ყურადღების და არც შეგრძნებების გადამუშავების პრობლემა არაა. იმ დროის ცნობილმა ფსიქოლოგებმა დააყენეს ეს საკითხი, რადგან ვერ ახერხებდნენ ამ პრობლემის მქონე მოსწავლეების გამორჩევას სხვა ტიპის ფსიქოლოგიური დარღვევების მქონე მოსწავლეებისგან.
დასწავლის სპეციფიკური დარღვევის მქონე ბავშვს უჭირს კითხვის, წერის და მათემატიკური ჩვევების ანუ აკადემიური უნარების ათვისება.
დასწავლის დარღვევების მიზეზი ნეორობიოლოგიურია. ამ ბავშვებს სხვანაირად აქვთ თავის ტვინი მოწყობილი. მათ არა მარტო ნეირობიოლოგია აქვთ სხვანაირი, ინფორმაციასა სხვანაირად აღიქვამენ და ამუშავებენ. ნეირობილოგია განა დარღვეულია, არამედ სხვანაირია. სხვა ტიპის არის ინფორმაციის შენახვაც და გამოყენებაც. შესაბამისად, იმ სწავლების მეთოდებს, რაც ასე გავრცელებულია ჩვენს სკოლებში, ეს ბავშვები ვერ უწყობენ ფეხს.
კვლევების მიხედვით, ამ ბავშვებს საშუალო ან საშუალოზე მაღალი ინტელექტი აქვთ. როცა მულტიდისციპლინური გუნდი აფასებს ასეთ ბავშვს, ასკვნის, რომ ყველაფერი რიგზეა, დარღვევები არ აღენიშნება, არადა მის აკადემიურ მოსწრებაზე ჩივიან მასწავლებლებიც და მშობლებიც. სწორედ ამ საშუალო და მაღალი ინტელექტის ფონზე ბავშვს დარღვეული აქვს ის ფსიქოლოგიური პროცესები, რაც საფუძვლად უდევს აკადემიური ჩვევების ათვისებას.
საქართველოში მონაცემები არ არსებობს, მაგრამ აშშ-სა და ბრიტანეთის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით მოსწავლეთა 5%-10%-ს ეს დარღვევა აღენიშნება. ხოლო სპეციალური განათლების სექტორში გადამისამართებული მოსწავლეების 40%-შია დასწავლის უნარის დაქვეითება. ეს ძალიან დიდი ციფრებია. მათ შორის უმეტესობა, 2/3 ბიჭია, ბიჭები უფრო მოწყვლადები არიან ამ პრობლემის მიმართ, ვიდრე გოგონები. ამ პროცენტებს თუ საქართველოში ასეულობით ათას მოსწავლეზე დავიანგარიშებთ, ძალიან დიდ რაოდენობას მივიღებთ ადამიანებისას, რომლებიც სკოლის პროგრამით ვერ აითვისებენ წერის, კითხვისა და მათემატიკურ უნარებს.
ამ საბაზისო ფსიქოლოგიური დარღვევების იდენთიფიკაციის გარეშე ამ ბავშვებს ვერ დავეხმარებით. მშობელი ამბობს, ბავშვი ძალიან კარგად მეტყველებდა, ვითარდებოდა, ვერც იფიქრებდა, რომ სკოლაში პრობლემები ექნებოდა, მაგრამ აი, აღმოჩნდა, რომ კითხვა შეუძლებელია მისთვის, რადგან ვიზუალურ სივრცითი გადამუშავება დარღვეულია.
მაგალითად, არ გამოსდის ფაზლების აწყობა, კუბებით თამაში, ხატვა - მშობელი ამბობს, რომ არ უყვარდა ფაზლი, არ უყვარდა ხატვა. დარღვეულია თვალისა და ხელის კოორდინირებულ მუშაობა, ამის გარეშე წერის სწავლა შეუძლებელია. მოშლილია ფონოლოგიური უნარები - არ შეუძლია სიტყვებში ბგერების გამორჩევა, ბგერების სიტყვებად გაერთიანება, ბგერების შეცვლით სხვა სიტყვის მიღება და ა.შ. ესაა საბაზისო უნარი კითხვისთვის. სამეტყველო ბგერებით მანიპულირება 6 წლის ასაკში უნდა შეეძლოს ბავშვს. როცა სკოლაში შედის ბგერები თ, ხ და ა თხუნელად არ უნდა ესმოდეს. ერთმა ბავშვმა ბგერების თ, ხ-ს და ა-ს მოსმენისას, გაიგონა, სიტყვა თხუნელა. ინფორმაციას ამუშავებენ ნელა, კითხვაზე პასუხის სწრაფად გაცემა უჭირთ. მასწავლებელი ჩივის, რომ საკონტროლოს დროს, გამოკითხვის დროს ძალიან ზოზინაა და ვერასდროს ვერაფერს ასწრებს.
პრობლემა აქვთ მუშა მეხსიერებაში - ესაა მეხსიერება, რომელსაც ვიღებთ მიმდინარე მომენტში, ვინახავთ, რათა გამოვიყენოთ და თუ არასაკმარისია, ვძვრებით კიდევ უფრო ღრმა მეხსიერებაში, რომ საჭირო ინფორმაცია იქედან ამოვიტანოთ. ეს ერთ-ერთი საბაზისო უნარია დასწავლის პროცესში და მისი დარღვევა დასწავლის პრობლემების ერთ-ერთი საფუძველია. დარღვეული აქვთ აღმასრულებელი ფუნქციები: უჭირთ ორგანიზება, დასახულის მიზნისთვის სატანადო ქცევის მართვა. ჩვენ ვცვლით და ვმართავთ ქცევას, რომელიც მიზნის მისაღწევად გვჭირდება და ეს უნარი 21 წლამდე ყალიბდება. ეს უნარი ისწავლება და იწვრთნება ადამიანებში.
შეიძლება სხვა გარემოებებიც იყოს, რაც სწავლაში ჩამორჩენას განაპირობებს და მათ დადგენა სჭირდებათ. რა იმალება ე.წ. „ზარმაცი“, „უპასუხისმგებლო“ ბავშვის მიღმა, ეს ნამდვილად დასწავლის სპეციფიკური დარღვევებია თუ კიდევ სხვა გარემოებების? მაგალითად, მიზეზი ემოციური აშლილობა, ქცევითი პრობლემები, არაკეთილსაიმედო, სტრესული გარემო, პედაგოგიური ხელმიშვებულობა, ამიტომ სწავლაში პრობლემები ყოველთვის დასწავლის სპეციფიურ დარღვევას არ უნდა დავაბრალოთ. ჩამოთვლილი მიზეზებით განპირობებული პრობლემები დასწავლის სპეციფიურ დარღვევა არ არის და მათ განსხვავებული ტიპის დახმარება სჭირდება.
შეიძლება გვეგონოს, რომ დასწავლის პრობლემებმა წესით სკოლამდელ ასაკში თავი არ უნდა იჩინოს. მაგრამ როცა მშობელი შემდეგ გვიყვება ბავშვის ისტორიას, ვხედავთ, რომ გარკვეული ნიშნები უკვე ჩანდა სკოლამდეც.
მაგალითად, თითქოს კარგად ლაპარაკობს, მაგრამ საჭირო სიტყვების პოვნა უჭირს ლექსიკური სიმცირის გამო, გაჭირვებით იმახსოვრებს და არჩევს ერთმანეთისგან ასოებს და ციფრებს, ლექსები არ უყვარს. როგორც კი ამას მეტყვის მშობელი, ვხვდები, რომ ფონოლოგიური პრობლემები აქვს ბავშვს. ლექსებს ხომ ბავშვები არც სწავლობენ, თუ ფონოლოგია წესრიგში აქვთ, მოსმენისას თავისთავად იმახსოვრებენ. ახასიათებთ ფანქრის, მაკრატლის ხმარების სირთულე, დახატვის სირთულე. სამი წლის ასაკის ბავშვი წრეს უნდა ხატავდეს, 5 წლის ასაკში სამკუთხედსაც უნდა ხატავდეს, ოთხკუთხედსაც, მაკრატელსაც მშვენივრად ხმარობდეს. უჭირს ღილის შეკვრა, ელვის შეკვრა, თასმის შეკვრა. შემდეგ შედის სკოლაში და ასოსა და ბგერას შორის შესაბამისობის დამყარება უჭირს.
მახსოვს, 12 წლის ბიჭი მომიყვანა დედამ. ბავშვი მონდომებული იყო, ცაციობას გადაჩვეული, სწავლობდა, მაგრამ ძალიან დიდი წვალების შედეგად. წასაკითხი რომ მივეცი, ძალიან ნელა დაიწყო კითხვა და შევამჩნიე, რომ ოფლმა დაასხა, თითქოს ტვირთს ეზიდებოდა. ამიხსნა, რომ ყველა ასოს ცნობის სხვადასხვა სტრატეგია ჰქონდა, ვ-ს გახსნილი მუცლით ცნობდა, გ-ს შეკრულით, ვერც კი დავიმახსოვრე, რა ნიშნებით არჩევდა ასოებს და რამხელა ძალისხმევის შედეგად. ჩვენ ხომ ასოებს ერთი შეხედვით ვცნობთ და მინიმალურ ენერგიას ვხარჯავთ ამაში. ისინი კი ყოველ ჯერზე თავიდან იხსენებენ, რომელია გ, რომელია ტ. ო არის ორი ი, ასე ახასიათებენ და მოკლედ, ასეთი თავისებური გადამუშავებები აქვთ. უჭირთ თქმა, რომელია თავისი სახელის პირველი ასო. 7 წლის ბავშვი ვერ ჩამოგითვლის კვირის დღეებს და თვეებს.
13 წლის ასაკში უკვე შეიძლება ტექსტს კითხულობდეს, მაგრამ ტექსტს ფოტოგრაფიულად აღიქვამს და თავისი სიტყვებით ვერ ყვება, კითხვებზე პასუხს ვერ სცემს. ვერ ერთვება საკლასო დისკუსიაში. ზოგჯერ ძალიან ჭკვიანია ბავშვი, მაგრამ საკლასო დისკუსიაში ვერ მონაწილეობს. სხვები რომ ერთმანეთს ასწრებენ პასუხებს, მისი მუშა მეხსიერება ასე სწრაფად ვერ მუშაობს, შეიძლება ყველაზე ჭკვიანური პასუხი ჰქონდეს, მაგრამ დროში ამას ვერ მოასწრებს. ეს დროულად უნდა შეამჩნიოს მასწავლებელმა, რაც სამწუხაროდ, ხშირად არ ხდება.
ზოგჯერ მშობელიც და მასწავლებელიც ამბობს, რომ პრობლემა ბავშვს I-II კლასში არ ჰქონია. მაგრამ მასალა გაიზარდა და პრობლემებიც გამოჩნდა. ეს რომ დროზე შეგვემჩნია, ბავშვი ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდა.
გენეტიკური: კვლევები ძირითადად კითხვის უნარის დაქვეითებაზე არსებობს და იკვეთება, რომ ეს ოჯახური ისტორიაა, რომელიც ძირითადად, მამის ხაზით გადაეცემა.
თანდაყოლილი: მუცლად ყოფნის დროს პირველ 3 თვეში ყალიბდება ნერვული სისტემა. ტვინის ჩამოყალიბება 5 ეტაპს გადის. ერთ-ერთია ნეირონების გამრავლება და მიგრაცია. სწორედ ამ დროს შეიძლება მოხდეს დარღვევა, ნეირონები არ დალაგდნენ იქ, სადაც მათი ადგილია. მაგნიტორეზონანსულ კვლევაზეც კი არ ჩანს ეს, ძალიან კარგი სპეციალისტი უნდა იყოს და სწორედ ამ ასპექტში გამოცდილი, რომ ეს შენიშნოს.
თავის ტვინის ფუნქციური ასიმეტრია. როვა თავის ტვინის ჰემისფეროების მონაწილეობა არ არის დაბალანსებული.
და ჩვენი საუკუნის უბედურება, ყველა ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევის მიზეზი - ტყვია, გამონაბოლქვი, პესტიციდები. ჯერ კიდევ წლების წინ ჩატარებულ კვლევაში ძალიან მაღალი მაჩვენებლი მივიღეთ მუშა მეხსიერების დაქვეითების. ეს თავიდანვე გარემოფაქტორებს მივაწერეთ.
პირველკლასელი და მეორეკლასელი ბავშვი არ შეიძლება იყოს ზარმაცი, თუ ამბობენ, რომ ზარმაცია, ესე იგი, იქ რაღაც ვერ არის რიგზე. ასეთ ბავშვებს დროზე უნდათ შველა. აბა სხვა რა არის სკოლის როლი? თუ ყველა ბავშვი სრულყოფილი მოვიდა, აბა, სკოლა რაღა საჭიროა? ჩვენი ამოცანა იმაშია, დროზე მოხდეს იდენთიფიცირება.
დახმარების პირველის დონე არის მის საჭიროებებზე მორგებული სწავლება. 80-90 პროცენტს არავითარი ნეიროფსიქოლოგი არ სჭირდება, საკმარისია დაკვირვებული მასწავლებელი და ცოტა მეტი მხარდაჭერა. კარგი მასწავლებელი ამას ყოველგვარი ჩარევის გარეშე აკეთებს.
არის შემდეგი დონე, დაახლოებით 10%-ს ასეთი ბავშვებისას ზემოხსენებული მხარდაჭერა არ შველის, მათ უკვე მიზნობრივი დახმარება სჭირდებათ, შეიძლება დასჭირდეს სპეცმასწავლებელიც.
შემდეგ არის 5% ბავშვების, რომლებსაც უკვე სჭირდება სპეციალური სწავლება ჩვეულებრივი კლასის პირობებში და სპეციალისტის დახმარება, თუმცა სანამ სპეციალისტს გამოიძახებენ, სკოლის დონეზე აუცილებელია სპეციალური საგანმანათლებლო დახმარება, თუ საჭიროა, ქცევითი დახმარებაც და დასპეციალისტის ჩართვა საჭირო ნიუანსების დასადგენად.
დასკვნის სახით ვიტყოდი, რომ დასწავლის სპეციფიკური დარღვევა სწორედ ის მდგომარეობაა, რომლის მომსახურებაც არის ჩვეულებრივი საგანმანათლებლო პროცესის აუცილებელი, განუყოფელი ნაწილი. ჩვენ ვერ გავრიყავთ ამ მოსწავლეებს, თუმცა ეს ყველაფერი ვერ კეთდება, პრობლემას ვერ ვუვლით და შედეგი სახეზეა. კრიმინალური სამყაროსკენ მიდრეკილი მოსწავლეების 55%, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრების პაციენტთა 60% არიან სწორედ ის ბავშვები, ვისაც დასწავლის პრობლემები აქვს. ბოლოს ეს ან ფსიქიკურ პრობლემებში გადაიზრდება, ან მართლწესრიგთან კონფლიქტში. ამიტომ არის სკოლაში ასე მნიშვნელოვანი ადამიანური და ფინანსური ინვესტირება. სკოლა არის ის სივრცე რომელმაც ამ ბატალიებისგან, ამ ჩუმი ტრაგედიებისგან უნდა დაიცვას ბავშვები. თუ ამ ბავშვებს მხარს დავუჭერთ, მათგან ტალანტებსაც მივიღებთ