ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" არქივიდან იხილეთ სხვა ზღაპრები
ავტორი: თინა ლომთაძე
ილისტრატორი: ირინა ცინცაძე
ერთხელ ლილე და ბებო სასერნოდ წავიდნენ, იქვე სახლთან ახლოს, საბავშვო მოედანზე. ლილემ ნახა თავის მეგობრები და ბევრი ითამაშა, ხან დამალობანა, ხან დაჭერობანა, სასრიალოებზეც გაერთო, მაგრამ წასვლის დრო მოახლოვდა.
- ლილე, მოემზადე წასასვლელად, დედა სადილად გველოდება, არ ვალოდინოთ...
- უკვე? ეხლა არ მოვედით, ბებო? კიდევ დავრჩეთ რა...
- ხვალ კიდევ მოვიდეთ კარგი? - უპასუხა ბებომ...
- ეჰ, ნეტავ ბებოც ჩემი ტოლი იყოს, რა კარგად გავერთობოდით ერთად, არც სახლში წასვლას დამაძალებდა - ამოიოხრა გოგონამ და თვალები მაგრად დახუჭა.
მისი ეს ნატვრა შემთხვევით გაიგონა თამაშის ფერიამ, რომელიც იქვე საქანელაზე იყო წამოსკუპებული, მას ვერავინ ხედავდა, სამაგიეროდ, თვითონ ბედნიერი ადევნებდა თვალყურს მოთამაშე ბავშვებს, ხან რა თამაშს ჩასჩურჩულებდა ყურში და ხან - რას... ბავშვებიც გაუთავებლად თამაშობდნენ...
ლილემ თვალები რომ გაახილა, დაუჯერებელი რამ დაინახა: ერთი, ორი, სამი და ბებო ციცქნა გოგონად გადაიქცა, ლამაზი, კოპლებიანი კაბა ეცვა და ორი ბაფთიანი ნაწნავი ამშვენებდა. ჩაჰკიდა ლილემ ხელი ბებოს და გაიქცნენ სათამაშოდ, ისე გაერთნენ, ლილე ფიქრობდა: ეს რა ცელქი ყოფილა ჩემი ბებიკოო...თამაშის ფერიას კი ეღიმებოდა: გაახსენდა როგორ არბენინებდა თავის ნებაზე ლილეს ბებიას პატარაობაში...
თამაშით რომ დაიღალა ლილე და ცოტა არ იყოს, მოშივდა კიდეც, დაუძახა ბებოს:
- ციცქნა ბებო, ახლა კი ნამდვილად სახლში წასვლის დროა.
- რას ამბობ, ლილე, მე ეხლა დავიწყე თამაში, არსადაც არ წამოვალ, შენ თუ გინდა, წადი - უპასუხა ბებომ და გააგრძელა ხტუნაობა ლახტით...
ლილეს ისე შეეშინდა, ლამის ტირილი დაიწყო: ეს რა ცუდი ყოფილა, როცა არ გიჯერებენ და ჯიუტობენ, ოღონდ ჩემი ბებო დამიბრუნდეს და სიტყვას ვიძლევი, რომ ყოველთვის დავუჯერებ უფროსებს და აღარ გავაბრაზებო...
სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ბებომ ისევ გაზრდა დაიწყო და ისევ ისეთი გახდა, ლილე თვალებს არ უჯერებდა, დღეს ალბათ რაღაც ჯადოსნური დღეაო. ფიქრობდა.
ბებომ საათზე დაიხედა და შეიცხადა;
- ლილე, როგორ დავაგვიანეთ სახლში, სადილიც გაცივდებოდა, აბა, სწრაფად წავიდეთ შინისკენ...
ბებომ წამოდგომა რომ დააპირა, ყველაფერი ასტკივდა.
- მუხლები ისე, მტკივა, შვილო, ასე მგონია, შენთან ერთად მეც დავხტოდი.
ლილეს ეშმაკურად ჩაეცინა, ციცქნა გოგოობის ამბავი ბებომ ხომ არ იცოდა. ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და სახლისკენ გზას გაუდგნენ.