გოზინაყს ყველა დიასახლისი თავისებურად ამზადებს, თუმცა ჩვენ გვინდა გაგიზიაროთ ის რეცეპტები, რომლებმას სოციალურ ქსელებში ყველაზე დიდი გამოხმაურება დაიმსახურეს.
"ოცდათხუთმეტი წელი იქნება, რაც მთელ სანათესაოს მე ვუმზადებ გოზინაყს. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა ჩვენმა მეზობელმა, ნინო ბებიამ, გვარად შუბითიძემ მისი მომზადების საიდუმლო მასწავლა. ახალი წლისთვის მზადებისას
მუდამ თვალწინ მიდგას ეს ტკბილი ადამიანი. დღესაც ასეა.
ნათელი დაადგეს!
ერთ კილო დაქნილ ნიგოზზე მაწვნის ქილას რომ ერთი თითის დადება აკლდეს, თაფლი და 5-7 ნატეხი შაქარი.
გაიმზადეთ ხის დაფა, საბრტყელებელი ჯოხი და სამუშაო მაგიდა შემდეგნაირად: ფიცარსა და საბრტყელებელ ჯოხზე გადაუსვით ხელისგულზე დასხმული მცენარეული ზეთი თანაბრად, მერე პატარა წყლის ჯამი დაიდგით ახლოს და იმ ჯამიდან ასევე პეშვით ამოღებული ცოტა წყალი გადაუსვით ფიცარსაც და ჯოხსაც. ძველი ხალხი ასე იქცეოდა. მე ცოტა გავამარტივე ეს წესი და პატარა ცელოფანის პარკს ვიცვამ ხელზე (ერჯერადი ცელოფნის პარკი). მოკლედ მაგიდაც მზადაა, დაზეთილ-დაწყლიანებული დაფითა და საბრტყელებლით, იქვე - წყლით სავსე იმხელა ჯამით, რომ ხელი თავისუფლად მოძრაობს შიგ, შესველება რომ დაგვჭირდეს.
ალუმინის ან რაიმე მისი ტიპის ქვაბში ვასხამთ თაფლს. დაბალ ცეცხლზე ვადუღებთ, ბუშტები რომ კარგად აქაფდება და თაფლი ოდნავ შევარდისფრდება, მაშინ ჩავყრით ჩვენს შაქრის ნატეხებს და გრძელტარიანი ხის კოვზით ვურევთ. შაქარიც რომ გაიხსნება და ერთიან მასად იქცევა ეს ყველაფერი, ვყრით დაჭრილ ნიგოზს... არ დაიბნეთ, თავიდან მოგეჩვენებათ, ვაიმე, რაღაც მშრალივით არის, თაფლი ხომ არ დავაკელიო. ცოტას რომ მოურევთ, იგრძნობთ, რომ "წვენი'' გამოუშვა, მუდმივად ურიეთ დაბალ ცეცხლზე, სულ ოდნავ მოვარდისფრო ფერი რომ იკრას. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან, ხის კოვზით მთელი ეს მასა ფიცარზე გადაიტანეთ, ჯამში დაისველეთ ხელი რამდენჯერაც დაგჭირდებათ და მასა კარგად "ცემეთ'', რომ ნიგვზები "ჩასხდნენ''. ამის მერე წყლით დასველებული ზეთიანი საბრტყელებლით გაზიდეთ სიგრძე-სიგანეში თანაბრად და ნაპირები ისე მოუსწორეთ თანდათანობით, რომ დაჭრისას ჩამონაჭრების ხარჯი არ მოგივიდეთ.
არ დაგავიწყდეთ, ბრტყელებას რომ დაამთავრებთ, ცხელივე დაჭერით და სახით დაბლა გადააწყვეთ ოდნავ ზეთწასმულ ლანგარზე".
ძველებური რეცეპტი ხაშურელი დიასახლისისგან
როგორც ერთი ძალიან კარგი დიასახლისი, ქალბატონი ნარგიზა იხსენებს, მისი დედამთილი გოზინაყს ძველებური წესით აკეთებდა. თვითონაც არ აღვევს ამ ტრადიციას და მთელ სამეზობლოში განსხვავებული, საოცრად ერთგვაროვანი სტრუქტურის გოზინაყი აქვს.
მისი დამზადების მთავარი სირთულე თაფლის "მოწევაა". ეს თბილი თაფლის განუწყვეტლივ და დიდი ხნის განმავლობაში ზელვას გულისხმობს.
დაგჭირდებათ:
1კგ ნიგოზი ნახევარი კგ თაფლი ერთი ჭიქა შაქარი
მომზადება
ნიგოზი დაჭერით ძალიან თხლად. მოათავსეთ ღუმელში და 100 გრადუს ტემპერატურაზე მოხალეთ ისე, რომ
ფერი არ შეიცვალოს.
განიერ ტაფაში ჩაასხით თაფლი. დადგით ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ, თითქოს ზელთ. რომ გაცხელდება და გათხელდება, გადმოდგით ცეცხლიდან და ისევ განაგრძეთ ზელა. ადუღება ვერ უნდა მოასწროს. ასე გავიმეოროთ დაახლოებით 10-ჯერ. ერთი წვეთი ცივ წყალში ჩააწვეთეთ. თუ კრისტალივით გამაგრდა, თაფლი მზადაა.
შემდეგ დააყარეთ 1 ჭიქა შაქარი და ისევ დადგით ცეცხლზე. შაქარი რომ გადნება, ჩაყარეთ დაჭრილი ნიგოზი. კვლავ დაიწყეთ მისი ზელა. კარგად რომ მოიშუშება, გადმოიღეთ სველ ფიცარზე. გააბრტყელეთ და ცხელივე დაჭერით. ნაჭრები კარგად რომ შეგრილდება, ჩაყარეთ ქილაში და თავი დაახურეთ. საჭიროებისამებრ გამოიყენეთ ხოლმე და კვლავ თავი დაახურეთ.
ეს გოზინაყი, როგორც აღვნიშნეთ, შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ.
გივი თარგამაძის მეთოდი როგორც გაირკვა, გივი თარგამაძე საკმაოდ გამოცდილი კულინარია. ამ საახალწლოდ მის მიერ მომზადებული გოზინაყი ნამდვილ ინტერნეტჰიტად იქცა და მან რეცეპტიც გაუზიარა ფეისბუქმომხმარებლებს:
- ნიგოზს ჯერ ცოტათი ხალავ, ძალიან არა. მერე ჭრი. თაფლი მაწვნის ქილის 2/3, ცოტა მეტიც შეიძლება. 1 კილო ნიგოზი. თაფლს ქვაბში ასხამ, ნელ ცეცხლზე სულ ურევ. წამოდუღებას რომ დაიწყებს, აწვეთებ ცივ წყლიან ჭიქაში. როცა წვეთი ეგრევე იკვრება, დროა და ჩაყრით ნიგოზს. სულ ურევ, სანამ არ შეიკვრება კარგად. ამორევაზე მთელი მასა რომ წამოყვება, მზადაა. დასველებულ დაფაზე ამოიღებ და ჯერ დასველებული ხის კოვზით გაშლი, მერე დასველებული გასაბრტყელებლით დაიყვან საჭირო სისქემდე, დაჭრი რომბებად და დააწყობ თეფშებზე. სულ ესაა.
მკითხველის რეცეპტი "10 წელია, მე თვითონ ვაკეთებ ჩემი ოჯახისთვის გოზინაყს და ათივეჯერ ფანტასტიკური გამოდის. ნიგოზს ვჭრით თხლად საკანცელარიო დანით, ე. წ. "რეზაკით". ცოტას ვხალავთ, მოხალვაც არ ჰქვია, ცხელ ტაფაზე ვატარებთ, რომ კანი მოძვრეს. თაფლს ადუღებამდე მივიყვათ
და შემდეგ ვაციებთ 3-ჯერ, მესამედ უკვე ნიგოზს ვაყრით, მოვშუშავთ კარგად, ძალიან არ უნდა გაგვიმუქდეს, შემდეგ მოვაფრქვევთ დაახლოებით ნახევარი ჭიქა შაქარს, ასე უფრო კნატუნა გამოდის, გადმოვიღებთ სველ ხის დაფაზე და გავაბრტყელებთ. თბილს დავჭრით და გავანაწილებთ თეფშებზე," - წერს მკითხველი.