"ჩვილები დაიღუპნენ ამის გამო" - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, როცა ბავშვი კბილების ამოჭრისას ჭირვეულობს - მშობლები

"ჩვილები დაიღუპნენ ამის გამო" - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, როცა ბავშვი კბილების ამოჭრისას ჭირვეულობს

2021-01-13 10:26:23+04:00

კბილების ამოჭრის დროს პატარები განსაკუთრებით ჭირვეულობენ, შესაძლოა უფიქსირდებოდეთ მომატებული ტემპერატურა და დიარეა. უფრო კონკრეტულად, რა ახასიათებს კბილების ამოჭრას, რომელი ასაკიდან უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ ბავშვს კბილი არ ამოსდის და რატომ უნდა იყოთ ფრთხილად გამაყუჩებელ გელებთან, ბავშვთა სტომატოლოგი, პროფესორი სოფო სამხარაძე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს:

- კბილების ამოჭრის ნორმად ადრე 6 თვიდან ასაკი ითვლებოდა. ნამდვილად, ამ პერიოდში ბავშვი ჭირვეულობს იმიტომ, რომ კბილის ამოჭრის მომენტში ღრძილები ექავება. შეიძლება 6-7 თვის ასაკში მყარ საკვებზე იყოს გადასული, მაგრამ მათზე უარი თქვას, ან პირიქით, გამოიყენოს, როგორც მოსაქავებელი საშუალება და უფრო მიეძალოს. ან კიდევ სრულიად უარი თქვას და თხევად ნაერთებზე გადავიდეს, რომელიც მისთვის მისაღებია. გარკვეულწილად უხასიათობა ნამდვილად ახასიათებს, ასევე, მომატებულია ნერწყვდენა, რის გამოც, შეიძლება ქვედა ტუჩი და ლოყის გარკვეული უბნები გაღიზიანებული იყოს. 6 თვე სწორედ ის ასაკია, როდესაც დედისგან გამოყოლილი იმუნიტეტი თავის ძალას კარგავს და ბავშვმა საკუთარი უნდა გამოიმუშავოს. გარდა ამისა, რადგან ექავება, ბევრ ნივთს იდებს პირის ღრუში, რომლებიც შეიძლება არ იყოს მისთვის სასურველი. თავად იწყებს მოძრაობას და შეიძლება დამოუკიდებლად მისწვდეს რაღაცას. აქიდან გამომდინარე, ეხება სხვადასხვა მიკროორგანიზმს. ტემპერატურის მატება, ფაღარათი შეიძლება გარკვეულ მიკროორგანიზმებთან შეხების პირველადი ნიშნები იყოს და მაინცდამაინც კბილის ამოსვლასთან არ იყოს დაკავშირებული. უბრალოდ, ბავშვის განითარების ეს ორი პერიოდი ერთმანეთს ემთხვევა. სამყაროს ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, ღრძილების მოქავებით შეიცნობს. კვლევებით არ დასტურდება, რომ შემთხვევების 100%-ში ტემპერატურა ან დიარეა კბილების ამოჭრითაა გამოწვეული, მაგრამ თანხვედრაშია ხოლმე ეს ორი პროცესი. თუ ტემპერატურა ძალიან მაღალია, ეს უკვე კბილების ამოჭრას აღარ უკავშირდება. ტემპერატურა წინა ან შემდეგ დღეს ამოჭრის მომენტში შეიძლება ოდნავ მომატებული იყოს, 38 გრადუსამდე, მაგრამ ეს ფებრილური ტემპერატურა არ არის. ასევე, თუ გამონაყარი ან ლორწოვანის გაღიზიანებაა, ვრცელდება არა მხოლოდ ქვედა ტუჩსა და ლოყის მიდამოებში, არამედ მთლიან ტანზე, ფეხებზე ან ასე შემდეგ, ესეც უნდა ვივარაუდოთ, რომ კბილების ამოჭრის რეალობას გასცდა. აქიდან გამომდინარე, უკვე საყურადღებო ხდება. მაგრამ, ერთი-ორი დღე ჭირვეულობა, დაბალი ტემპერატურა და დიარეის ეპიზოდი თანხვედრაშია ამ პროცესთან და დიდად საყურადღებო ისე, რომ მშობელი პანიკაში ჩავარდეს, არ არის. მაგრამ, თუ ტემპერატურამ მოიმატა, ბავშვი უხასიათო, გაღიზიანებული გახდა ისე, რომ მშობელი ვერ ამშვიდებს, რა თქმა უნდა, პედიატრს უნდა მიმართონ სხვა კვლევების ჩასატარებლად და დიაგნოზის დასაზუსტებლად.

mshoblebi

- რა ასაკი ითვლება კბილების ამოჭრის ნორმად?

- თუ 15 თვის ასაკში თუნდაც ერთი კბილი ამოიჭრა, ეს მაინც ჯდება გარკვეული ნორმის ფარგლებში. რაც შეეხება სქესობრივ განსხვავებას, არ არის, მაგრამ გენეტიკურად განპირობებული არსებობს. თუ ოჯახში წინა თაობებსაც დაგვიანებული კბილის ამოჭრა ჰქონდათ, ანალოგიურად ეს შეიძლება ჩაითვალოს ოჯახურ თავისებურებად. 15 თვის შემდეგ, თუ მაინც არ გამოჩნდა პირის ღრუში არც ერთი კბილი, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართონ ენდოკრინოლოგს, რომ გაირკვეს, რაიმე პრობლემა ხომ არ არის ენდოკრინული სისტემის მხრიდან. ასევე, თუ D ვიტამინის დეფიციტი დადასტურებულია, ვიცით, რომ D ვიტამინი კალციუმის ცვლაზე ახდენს სერიოზულ გავლენას და ეს შეიძლება კბილების დაგვიანებული ამოჭრის მიზეზი იყოს. ნაადრევი მშობიარობა და დაბალი წონის ნაყოფის დაბადება ანალოგიურად რიკფაქტორია. მაგრამ, 4 თვიდან 15 თვემდე გაიწელა ნორმის მაჩვენებელი. 15 თვის ან ერთი წლის ასაკში თუ გამოჩნდა პირველი კბილი, ეს მაინც ნორმად ითვლება და შესაშფოთებელუ აღარაა. 15თვის შემდეგ უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ.

- რა უნდა გავაკეთოთ, თუ ბავშვს კბილები არ ამოსდის?

- მეორე საჭრელი კბილების ადენტიაც და რეტენციაც საკმაოდ ხშირია. როდესაც ჩანასახი არ არსებობს, ადენტია, ხოლო, როდესაც შეკავებულია ყბაში და რაღაც მიზეზის გამო მისი ჩამოჭრა არ ხდება - რეტენცია. ორივე შემთხვევაში სპეციალისტს უნდა მიმართონ, ჩატარდეს რენტგენოლოგიური კვლევა და შემდეგ უკვე განსაზღვრულ პასუხს მიიღებენ, შეკავებულია, თუ საერთოდ არ არის. ორთოდონტიული ჩარევით ორივე შემთხვევაში პრობლემის მოგვარება რთული არ არის.

- კვებასთან თუ არის დაკავშირებული კბილების ამოჭრა და რატომ უნდა იყვნენ მშობლები ფრთხილად გამაყუჩებელი გელების გამოყენებისას?

- მტკიცებულება, რომ რომელიმე კვების მოდელთან დაკავშირებით უფრო მარტივად ხდება კბილების ამოჭრა, დადასტურებული არ არის. ძალიან ბევრი გელი არსებობდა და მისი შეძენა შეიძლებოდა. მაგრამ, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ გელების უმეტესობა ანესტეტიკებს ანუ ტკივილგამაყუჩებელს შეიცავს და ინსტრუქციაში მითითებულია, რომ გამოყენება 2-ჯერ ან მაქსიმუმ 3-ჯერაა რეკომენდებული დღე-ღამის განმავლობაში. მაგრამ, ამას მშობლები ყურადღებას დიდად არ აქცევენ და თითოეულ წამოტირებაზე აპლიკაცია ხდებოდა. ვიცით, რომ პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან ძალიან აქტიურად იწოვება ნებისმიერი მედიკამენტი. იყო შემთხვევები, როდესაც მაქსიმალურ ტოქსიურ დოზას მიაღწიეს და რიგ შემთხვევაში, ძალიან სამწუხარო და სავალალო შედეგით დასრულდა ასეთი გელების გამოყენება. ჩვილები დაიღუპნენ მათი ინტენსიური მოხმარების შემდეგ და ამიტომ, საერთაშორისო ორგანიზაციები ნამდვილად აღარ უწევენ რეკომენდაციას მსგავსი ანესტეტიკი გელების გამოყენებას, რომელიც პატარას კბილების ამოჭრის შემთხვევაში ეხმარება. ჯობს, ისევ გამოვიყენოთ მოსაქავებელი, ადგილობრივი საშუალებები, რასაც თავად შეძლებს, რომ ხელში დაიჭიროს, გაიადვილოს ეს პროცესი და შედარებით შეიმსუბუქოს ის დისკომფორტი, რომელიც პატარას პირის ღრუში აქვს.