"2005 წელს ქარიშხალ "კატრინას" მიერ დატბორილ ნიუ-ორლეანში, არაადამიანურ, 40-გრადუსიან სიცხესა და 99%-იან ტენიანობაში, როდესაც ჩვენი ამონასუნთქი წყლად კონდენსირდებოდა კედლებზე და ყველაფერს ასველებდა; როდესაც კანალიზაციის ყველა მილში უკან ამოვიდა მთელი სიბინძურე და ტუალეტები დატბორა; სულის შემხუთველ სიმყრალეში ლანდებივით დავბორიალებდით ექიმები, რეზიდენტები, ექთანები; დეჰიდრატაციისა და აუტანელი ფიზიკური დატვირთვის გამო სამ დღეში 6 კილო დავიკელი და ხელების მაღლა აწევა მიჭირდა. პაციენტების გაოფლილ კანზე პლასტირის დაწებება შეუძლებელი იყო და იძულებული ვიყავი, კანზე ძაფით მიმეკერებინა ინტრავენური ხაზები... არაერთი ძლიერი ადამიანის ფსიქოლოგიური გატეხის შემაძრწუნებელი სცენა მაშინ პირველად ვნახე. უმწეობისა და სასოწარკვეთისაგან ატირებული კაცები და ქალები... იმედი მქონდა, რომ მეტს ამას არასოდეს ვნახავდი... 2020 წელს ისევ ვნახე, როდესაც შიშისაგან შეძრწუნებული ადამიანები ისტერიკაში ჩაცვივდნენ და უარი თქვეს საშიში პროცედურების შესრულებაზე დავირუსებულ, უმძიმეს პაციენტებთან. ისევ მომიწია საკუთარი შიშის დაძლევამ და მაგალითის მიცემამ. უსაძაგლესი შეგრძნებაა ეს" - ამ ამბის მთავარი გმირი ქართველი ზურაბ გურულია. ის აშშ-ის მონტგომერის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპისა და ლუიზიანის უნივერსიტეტის პროფესორია, მაგრამ მუდმივად ცდილობს, სოციალური ქსელით თანამემამულეებს დაეხმაროს, რჩევა მისცეს. შესაბამისად, მისი საექიმო საქმიანობის შესახებ თითქმის ყველამ იცის, მაგრამ ბევრისთვის უცნობია, რომ ერთობ საინტერესო რომანების, მოთხრობების, ნოველებისა და ჩანახატების ავტორია.
ლიტერატორი ექიმის პირველივე ცდა წარმატებული აღმოჩნდა - სადებიუტო რომანი "სპილო წყვდიადში" მალევე იქცა ბესტსელერად. შარშან მისი თარგმნილი ედგარ ალან პოს "ყორანი და სხვა ლექსები" გამოქვეყნდა. ასევე ნათარგმნი აქვს ჯალალედინ რუმისა და ჰაფეზის არაერთი ლექსიც. როგორც თავად ამბობს, რომ არა ექიმი, - ფილოლოგი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი ან პროფესიონალი სამხედრო იქნებოდა.
ზურაბ გურული დაოჯახებულია და ორი შვილი ჰყავს. მეუღლე - ქეთი გოგოლი ექიმი-გინეკოლოგია. მშობლების გზას გაჰყვა უფროსი ვაჟიც, უმცროს ვაჟს კი პროფესიული არჩევანი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ზურაბ გურული:
- მეცნიერების ოჯახში, ორ ძმასთან ერთად გავიზარდე. დედა პოლიტექნიკური ინსტიტუტის მათემატიკის კათედრის ლექტორი იყო, მამა - სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე. მშობლებმა განსაკუთრებული როლი ითამაშეს ჩემს პიროვნულ და პროფესიულ ჩამოყალიბებაში, უაღრესად ლიბერალური და მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემთან და ჩემს ძმებთან. ჩვენი ურთიერთობა ე.წ. ღირსების კოდზე იყო აგებული, რაც ერთმანეთის მიმართ ნდობასა და პატივისცემას ემყარებოდა. ეს ძალიან კარგი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა, ყველაზე ტკბილი მოგონებები გურიაში ბებია-ბაბუასთან გატარებულ ზაფხულის არდადეგებს უკავშირდება.