ზოგჯერ ისეთ რამეს ვეუბნებით ან ვაკეთებთ, რითაც გულს ვტკენთ ჩვენს პატარა ანგელოზებს ამბობენ, მშობლის ამაგს შვილი ვერასდროს გადაიხდისო. სამწუხაროდ, ამაგის გარდა მშობლებს მათ წინაშე დანასაულიც მიგვიძღვის. ყოველდღიური პრობლემების ორომტრიალში ზოგჯერ ისეთ რამეს ვეუბნებით ან ვაკეთებთ, რითაც გულს ვტკენთ ჩვენს პატარა ანგელოზებს. წარმოგიდგენთ მშობლის 5 შეცდომას, რითაც ჩვენს შვილებს ტკივილს ვაყენებთ.
1. როცა მათი არ გვესმის
13 წლის ასკში ბიჭი შემიყვარდა. თავმომწონე და ქედმაღალი იყო, თუმცა მე იდეალად მეჩვენებოდა. სამწუხაროდ, ეს იდეალი საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას. იცით დედამ როგორ "დამამშვიდა"?
"თავიდან ამოიგდე ეგ სისულელე. სერიოზული არაფერია. მომავალ წელს აღარც გემახსოვრება" - არადა, სულაც არ მინდა ჩემმა სიყვარულმა ასე სწრაფად გაიაროს... როგორ იცით მშობლებმა ყველაფრის წინასწარ ჩამწარება?
2. როცა მისი თანატოლი უკეთესად გვეჩვენება, შვილი კი - მასზე ნაკლებად
"აბა, შეხედე, ნანიკოს რა ლამაზად აქვს თმა დავარცხნილი და როგორი ლამაზი კაბა აცვია. შენ კი რას გავხარ, ღორივით მოსვრილი და აჯაჯულ-დაჯაჯული" - გეცნოთ ეს სიტყვები? ნეტავ რა სიკეთეს ნახულობენ მშობლები ასეთი საშინელი შედარებებით. ნანიკოს მიმართ სიძულვილის გარდა ამ სიტყვებით ვერაფერს მიაღწევთ.
3. როცა დავცინით
გასაგებია, რომ ცუდი განზრახვა არ გაქვთ და ბავშვის ესა თუ ის გამოხდომა მართლაც სასაცილოა, მაგრამ ეს ბავშვს არ უნდა დაანახოთ. შეიძლება არასაჭირო მომენტში ერთი უტაქტო გაცინებით ბევრ რამეზე აუცრუოთ გული.
4. დაუფიქრებელი სიტყვებით და საქციელით
ხდება ისეც, რომ ბავშვები ზოგჯერ იმედს გვიცრუებენ. არასაკმარისი ქულა ტესტში, ყირაზე დაყენებული სახლი, დალაქავებული ტანსაცმელი ზოგჯერ მშობლის მოთმინებიდან გამოსაყვანად საკმარისი მიზეზია. ამ დროს შეიძლება ისეთი საშინელება ვუთხრათ და მოვიმოქმედოთ, რომ ბავშვს არასდროს დაავიწყდება.
5. როცა მათთვის დრო არ გვრჩება
ეს ყველაზე საშინელი დანაშაულია შვილის წინაშე. ყურადღებას ვერ ჩაანაცვლებს ვერც კომფორტი, ვერც ბევრი სათამაშო და ვერც ძვირად ღირებული სურვილების ასრულება. ახლა კი მოაშორეთ თვალი კომპიუტერის ეკრანს და ბავშვს შეხედეთ, ან უბრალოდ, წარმოიდგინეთ იგი. ალალი თვალებით და გულიანი ღიმილით. მას თქვენ ყვალანაირი უყვარხართ - გაბრაზებულიც, ღარიბიც... და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დედა და მამა ხართ. მისი ერთი ღიმილი მთელ ცხოვრებად ღირს.