ბავშვებისა და მოზარდების ორგანიზმისთვის სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებისა თუ ვიტამინის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საკითხი კიდევ უფრო აქტუალური პანდემიის დროს გახდა, როდესაც ბავშვები ძირითადად სახლში არიან და კვებითი ქცევაც დარღვეული აქვთ. რომელი ნივთიერებები სჭირდებათ მათ აუცილებლად ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებისათვის და რომელი საკვებით შეიძლება შევსება, თემაზე ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს:
- კვებასთან დაკავშირებული ზოგიერთი მოდელი შეიძლება იზოლაციის პირობებში შეიცვალოს. დღეს უკვე ამის შესახებ მტკიცებით ვსაუბრობთ. ბოლო რამდენიმე საერთაშორისო კონგრესმა დაადასტურა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ჩაკეტილობა ადამიანების წონისათვის ტვირთად იქცა და გამონაკლისი არც ბავშვები და მოზარდები არიან. არ აქვს მნიშვნელობა წონის დეფიციტი გვაქვს და უკიდურესად გამხდრები ვართ თუ ჭარბი წონისა და სიმსუქნის მატარებლები ვართ, ყველა შემთხვევაში, სამედიცინო პრობლემის არსით, ეს არის ერთი და იგივე შედეგის მომტანი მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმს არ აქვს მისთვის ადექვატური ენერგია და საკვები ნივთიერერებების რაოდენობა ენერგიასთან არ არის მიბმული. აღმოჩნდა, რომ წონის დეფიციტისა თუ სიჭარბის შემთხვევაში ჩვენ დიდი ალბათობით შეიძლება ძირითადი საკვები ნივთიერებების ცილების, კალციუმის, რკინისა და თუთიის დეფიციტი გვქონდეს. ეს არის ის მინერალები და ნივთიერებები, რომლებიც სასიცოცხლოდ სჭირდება ბავშვის ორგანიზმს. იზოლაციის პირობებში ულუფის მკვეთრი ან თანდათანობითი ცვლილება მოხდა. შეიძლება ბავშვი, რომელიც დიდ ულუფას მიირთმევდა, პატარა ულუფის მომხმარებელი აღმოჩნდა ან პირიქით. ხშირად ეს ხდება მექანიკურად, მაგალითად, ეკრანის წინ. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით პროდუქტების დაყოფაზე, სხვადასხვა სახის თეფშების გამოყენებაზე ან ჭურჭლის გამოყენებაზე, სადაც სექციებია, ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებისთვის , რაც ეხმარება მათ არა მარტო ვიზუალურად, არამედ დანიშნულებითაც აღიქვან. დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ცივილურმა სამყარომ არ გაითვალისწინა ბავშვთა კვებაში ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება. ის, რომ ბავშვი ინტენსიურად მზარდი ორგანიზმია და მას ძალიან ხშირად სჭირდება შეხსენება, რომ მთავარი, რაც მან უნდა შეივსოს, ეს არის ცილა. ცილაზეა დამოკიდებული მისი ზრდა-განვითარება, სწორი ჰორმონული განვითარება, აზროვნება და ინტელექტი, იმუნიტეტი, რომელიც პანდემიის დროს კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ცილა უნდა იყოს სხვადასხვა წყაროდან მიღებული როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული. მაგალითად, როდესაც ბავშვი ბავშვი თხილს, კაკალს, ნუშს ახრამუნებს, თუ მას არ აქვს ალერგია, ძალიან კარგია იმიტომ, რომ ეს აძლევს მცენარეული ცილის მიღების საშუალებას, მაგნიუმის, გარკვეული რაოდენობით კალციუმის მიღების შესაძლებლობას, როგორც მცენარეული წყარო და არ დაგავიწყდეთ, რომ აქ არის უნიკალური ცხიმოვანი მჟავები, მცენარეული ომეგა-3, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება მის ტვინსა და განვითარებას. როდესაც ბავშვი მიირთმევს კვერცხს, ის იღებს უნიკალურ ნაკრებს. არ დაგავიწყდეთ ყვითელი მასა, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ მასში ძალიან ბევრი განსხვავებული ცხიმი შედის. ამ ცხიმების ერთობლიობა გვაძლევს საშუალებას, რომ ბავშვმა ცხიმში ხსნადი ვიტამინებიც მიიღოს როგორიცაა A, D ვიტამინინები. თევზი, რა თქმა უნდა, D ვიტამინის მთავარი წყაროა, მაგრამ, თუ ბავშვი ხშირად კარგად არ მიირთმევს თევზს, აუცილებლად ჩართეთ რაციონში კვერცხი იმიტომ, რომ D ვიტამინის შევსების შესაძლებლობას მოგცემთ, რძის ნაწარმთან ერთად. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ კვერცხის გულში ქოლინია. ეს არის უნიკალური ნივთიერება, რომელიც ჩვენს უჯრედებს სჭირდება. არც ერთ პროდუქტშია იმდენი ეს ნივთიერება, რამდენიც კვერცხში. ამიტომ, მაგრად მოხარშული იქნება კვერცხი თუ რაიმე სხვა ფორმით, ბავშვებისათვის ეს არის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, ოღონდ იმ ბავშვებისათვის, რომლებსაც ამ პროდუქტის მიმართ გარკვეული აუტანლობა ან ალერგიული რეაქცია არ აქვთ.
რძის ნაწარმზე როდესაც ვსაუბრობთ, ხშირად გვეკითხებიან, ძროხის რძე რაც შეიძლება ადრე მივცეთ თუ არ აბავშვებს. არა, თანამედროვე მედიცინა ამას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს. შევთანხმდით, რომ წლამდე პრაქტიკულად არც აძლევენ ბავშვებს ძროხის ან თხის რძეს. თუ ბავშვს აქვს რომელიმე ძუძუმწოვრის რძის მიმართ ალერგია, დიდი ალბათობით შეიძლება ჰქონდეს სხვა ანალოგიური პროდუქტის მიმართ ალერგია, ამიტომ, მშობლებმა ეს უნდა გაითვალისწინონ. ფერმენტირებული პროდუქტების გამოყენება იმ ბავშვებშიც კი, ვისაც სირთულეები აქვთ ნატურალური რძის მოხმარებასთან დაკავშირებით, შეიძლება იყოს ნაკლები, განსაკუთრებით ასაკთან ერთად, და ამის საუკეთესო მაგალითი გახლავთ მაწონი. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და მშობლებს ვეტყვი. ყველა პროდუქტისგან არ მოამზადოთ მაწონი. მაწონი უსაფრთხოდ მზადდება მხოლოდ რძისგან. მცენარეული ცილის წყაროდ უნდა განვიხილოთ ნებისმიერი პარკოსანი, მარცვლეული, ბურღულეული, სხვადასხვა სახის თესლი, მაგალითად, მზესუმზირა, გოგრის თესლი. არ დაგავიწყდეთ სოკოს ჩართულობა, ხილთან და ბოსტნეულთან კომბინაციაში. განსაკუთრებით მინდა ვთხოვო მშობლებს, ნუ გაგვინაწყენდებით, როდესაც თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას, რომ ბავშვი გახდეს ვეგანი, როდესაც იღებთ გადაწყვეტილებას, რომ ბავშვმა სრულად დაიცვას მარხვის ყველა წესი, აუცილებლად გაითვალისწინეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმიტომ, რომ შეიძლება მისი მდგომარეობა არ გაძლევდეთ ამის შესაძლებლობას და უფრო მეტი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს ბავშვის განვითარებისთვის. დღეს ყველაზე მკაცრი კრიტიკოსებიც კი ამბობენ, რომ ბავშვებისათვის უმჯობესია ბოსტნეულსა და ხილზე, მცენარეულ პროდუქტებზე დაფუძნებული კვების მოდელი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელობანია მასში ჩართული იყოს სულ ცოტა კვერცხი და რძის ნაწარმი მაინც.